Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გაიხსნა


მემორიალის გახსნა გორში
მემორიალის გახსნა გორში

ნუნუ ქორთიაშვილი დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან მივიდა, ერთხანს ჩუმად იდგა, შემდეგ თვალზე ცრემლი მოიწმინდა და ქვაზე მტვერი გადაწმინდა. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა შვილი, ალექსი ქორთიაშვილი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ნუნუ ქორთიაშვილის აზრით, დაკარგულებისთვის ძეგლის გაკეთება მათი ოჯახებისთვის ერთგვარი ნუგეშია.

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა, საქართველოში ამ დღეს 2011 წლიდან აღნიშნავენ. სახელმწიფო 2300 დაკარგულს ეძებს. უმრავლესობა 90-იანი წლების კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიკარგა. ამიტომ გორში მემორიალის გახსნაზე სწორედ შვილებდაკარგული დედები სჭარბობდნენ. მემორიალი კი წარმოადგენს ქვის ფილას, რომელზეც ადამიანის სილუეტია ამოჭრილი. სილუეტში კი სიცარიელეა, სიმბოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა.

გადმოწერა

დღეს ქეთევან თიგიშვილიც მემორიალთან მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შვილის, გელა თიგიშვილის ნეშტი დაუბრუნეს, დედა მაინც მიიჩნევს, რომ შვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა საკითხების რეგიონული კოორდინატორის, ლინა მილნერის თქმით, წითელი ჯვარი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაუჩინარებულ პირთა ოჯახებს ყოფა შეუმსუბუქოს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გორის ოფისის ხელმძღვანელი დიანა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მემორიალის მოწყობის იდეა დაკარგულთა მშობლების მხრიდან წამოვიდა და გორი უკვე მეოთხე ქალაქია, სადაც ეს მონუმენტი დაიდგა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“, ასევე ფონდი „მოლოდინი“ ცდილობენ როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას, ისე მათი ოჯახების დახმარებას.

2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით, საქართველოში ორი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა: ერთი მექანიზმის ქართველი და აფხაზი, ხოლო მეორის – ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები მუშაობენ, რომ პასუხი გაეცეს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს. ამ პლატფორმების ერთადერთი მიზანია, გაირკვეს იმ ადამიანების ხვედრი და ადგილსამყოფელი, ვინც კონფლიქტებიდან ათეული წლების შემდეგაც უგზო-უკვლოდ არიან გაუჩინარებული. მხარეთა წარმომადგენლებმა, ურთიერთშეთანხმების შედეგად, უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში 249 ადამიანის ნეშტი მოძებნეს. აქედან 107 ამოცნობილია.

XS
SM
MD
LG