Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩა ნანუაშვილს ნინო ლომჯარია შეცვლის


საპარლამენტო უმრავლესობამ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სამსაათიანი კონსულტაციების შედეგად, მომავალი ომბუდსმენის კანდიდატურად აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია დაასახელა. იგი ერთ-ერთია იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც სამოქალაქო სექტორმა შეარჩია.

მომავალი სახალხო დამცველი

  • მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
  • სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამცველის პოსტზე წარადგინა ანა ნაცვლიშვილი, ზვიად ქორიძე, ვახუშტი მენაბდე და ნინო ლომჯარია.
  • საპარლამენტო უმრავლესობამ მომავალი ომბუდსმენის კანდიდატურად ნინო ლომჯარია დაასახელა.
  • მომავალ სახალხო დამცველს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში დაამტკიცებს.

საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება, მის ადგილმონაცვლეს კი პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში დაამტკიცებს. გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია - ეს კანდიდატები სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამცველის პოსტზე ერთად დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ ომბუდსმენის პოსტს მათგან ერთ-ერთი დაიკავებს. ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ:

“ეს არის, პირველ რიგში, უმრავლესობის გადასაწყვეტი. გვექნება, ზოგადად, კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის პირადად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება, თუმცა ეს არის საპარლამენტო უნრავლესობის გადასაწყვეტი და ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, გუნდში მსჯელობა“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის, კონსულტაციები სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 23 ნოემბერს გაიმართა. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა ასევე, რომ არასამთავრობო სექტორმა 4 კანდიდატზე შეჯერებით მნიშვნელოვანი და პოზიტიური პროცესი გაიარა. თამარ ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებაც ამ პროცესის ადეკვატური იქნება:

“ვფიქრობ, რომ პარლამენტის მხრიდანაც იქნება ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, თუ გაითვალისწინებს ამ შემოთავაზებას და შემოთავაზებული კანდიდატებიდან თუ დასახელდება სახალხო დამცველი, ვინაიდან სახალხო დამცველი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ორგანოს თანამდებობის პირია, ის ყველაზე ახლოს არის სამოქალაქო სექტორთან და ყველაზე მჭიდროდ მას უწევს სწორედ სხვა კონსტიტუციური ორგანოებიდან არასამთავრობო სექტორთან საქმიანობა“.

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

კანონის თანახმად, არასამთავრობო სექტორი არ შედის იმ სუბიექტების ჩამონათვალში, რომელთაც კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ, თუმცა ომბუდსმენის დასახელების წინა და მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო სექტორი აქტიურად იყო ჩართული. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე კანდიდატზე შეჩერდნენ და ცალკეული ორგანიზაციების, კოალიციების, მოძრაობებისა თუ ჯგუფების - შესაბამისად, მთელი სამოქალაქო სექტორის - მისაღები კანდიდატურები შეაჯერეს. ამავე დროს, 4 კანდიდატურის წარდგენით არჩევანის საშუალება მისცეს პარლამენტსაც. კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე გაგვაცნობს:

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იყოს პრინციპული და თან გამბედავი, რომ ხელისუფლების სხვადასხვა გადაცდომაზე თუ ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტებზე ხმამაღლა საუბარი არ მოერიდოს და არ უჭირდეს...
მიხეილ ბენიძე

“ძირითადი კრიტერიუმები, ყველასთვის ცხადია, უნდა იყოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა და ჯგუფის მიმართ და, ასევე, რეპუტაცია მაღალი. ბუნებრივია, ამ პირს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობელობა და გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობის. მაგრამ, ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იყოს პრინციპული და თან გამბედავი, რომ ხელისუფლების სხვადასხვა გადაცდომაზე თუ ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტებზე ხმამაღლა საუბარი არ მოერიდოს და არ უჭირდეს“.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული პირები აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და ნებისმიერი მათგანი ამ პოსტზე საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ, მმართველი პარტიის გარდა, ომბუდსმენობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერითაც სარგებლობდეს და კანდიდატების შერჩევისას ეს გარემოებაც გაითვალისწინეს. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია დამატებით ორი კანდიდატის - იურისტ სოფო ჯაფარიძისა და ომბუდსმენის ყოფილი მოადგილის, სოფო ხორგუანის, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისაღები კანდიდატების - შესახებ.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესი საინტერესოა თავად მოქმედი ომბუდსმენის, უჩა ნანუაშვილისთვის:

“სახალხო დამცველი უნდა იყოს დამოუკიდებელი, არაკომფორტული ხელისუფლებისთვის, უნდა ჰქონდეს გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის და, რაც მთავარია, უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება პრინციპული“.

საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს. იგი საქართველოს ტერიტორიაზე ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.

XS
SM
MD
LG