საბანკო სესხების პროცენტი გაიზრდება, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდება, ხელისუფლებას მოუწევს შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები, უნდა ველოდეთ პროდუქტზე ფასების ზრდასაც - მარტივ და გასაგებ ენაზე ასეთი პერსპექტივა ისახება იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გასული კვირის მიწურულს გააკეთა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, კერძოდ, თქვა, რომ, მიღებული გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან დაიწყება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ეროვნული ბანკი გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ასეთია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე ინფლაციური პროცესი გადაიზაროდს ფასების ზრდაში.
ანუ ეს ნიშნავს, რომ თუ 2014 წლის მიწურულს ლარის კურსის ცვლილება დააბალანსა საწვავზე ფასების შემცირების მსოფლიო ტენდენციამ, რომელიც, ნაწილობრივ, ქართულ საწვავზეც აისახა, ამჯერად საწვავის გაიაფება, როგორც ჩანს, ინფლაციურ პროცესებს ვეღარ აკავებს.
გარდა ამისა, ცხადია, ლარის დევალვაციის პროცესით ძალიან ზარალდებიან მოქალაქეები, ვისაც ვალდებულება აქვს დოლარში და შემოსავლები - ლარში: ლარის კურსის გაუფასურება აუარესებს მათ მდგომარეობას.
ცხადია ისიც, რომ საყოფაცხოვრებო და კვების პროდუქტების დიდი ნაწილი უკვე გაძვირებულია, რადგან მათი უმეტესობა იმპორტირებული საქონელი გახლავთ.
სწორედ ამ წინაპირობების საფუძველზე გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა გამოიყენოს „ყველა მექანიზმი“. „ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, იმ მოცულობისა და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
სავარაუდოა, რომ ამ ჩარევაში დოლარის ინტერვენციაც იგულისხმება სავალუტო ბაზარზე. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ მთავარი აქცენტი კეთდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე და, აქვე ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, ფისკალური ნაწილი, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, იყოს დაბალანსებული ან, უკეთეს შემთხვევაში, პროფიციტურიო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი დახარჯავს ნაკლებ თანხებს, რაც, წესით, 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირების მიზეზი უნდა გახდეს.
ყოველ შემთხვევაში, თუ მთავრობა იზიარებს ეროვნული ბანკის პოზიციას იმის თაობაზე, რომ უნდა დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით, მსგავსი ცვლილებები გარდაუვალი იქნება. ამისათვის საჭირო იქნება შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა, ანუ ახალი გეგმის შემუშავება იმისათვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხობდეს ქვეყანაში დღეს არსებულ გამოწვევებს. ეს კი მხოლოდ საბიუჯეტო დანახარჯების შემცირების საშუალებით შეიძლება მოხდეს.
მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა ტიპის ხარჯების შემცირების საშუალებით შეიძლება მიღწეულ იქნეს უკეთესი ეფექტი. ცხადია, თუ სახელმწიფო აირჩევს მზარდი სოციალური ვალდებულებების დაფინანსებას, რაც მოსალოდნელია დღემდე განხორციელებული სოციალური პოლიტიკის ფონზე, და უარს იტყვის ინფრასტრუქტურულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ხარჯებზე, ეს შესაძლოა მომავალში ისევ ბიუჯეტს შემოუბრუნდეს და მან უკვე ვერც ერთი ხარჯის ბოლომდე დაფინანსება ვეღარ შეძლოს.