Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობებში მოსალოდნელი ცვლილება ზუგდიდში განხილვის მთავარ თემად რჩება


განხილვის მონაწილეები ზუგდიდში
განხილვის მონაწილეები ზუგდიდში

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობებში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები მოისმინეს.

პარტიის წევრების თქმით, რომელთა შორის როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ისე ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ, ხელისუფლების მიერ დაანონსებული ცვლილება თვითმმართველი ქალაქების კვლავ შემცირებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პროცესს შეუშლის ხელს.

„ევროპული საქართველოს“ წევრების განმარტებით, არასამთავრობო სექტორის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორთან, რათა გაეცნონ მათ პოზიციასა და არგუმენტებს. ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ ჩამოუყალიბებიათ პუნქტობრივად მოსაზრება, რადგან შესწავლის და მსჯელობის ეტაპზე არიან.

დეპუტატ ლაშა დამენიას სიტყვებით, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანებით აირევა ბიუჯეტი, თუნდაც იმ მიზეზით, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარები, რომლებიც გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე ქალაქის საკრებულოში, მეტ ყურადღებას და დროს მოახმარენ სოფლების პრობლემების განხილვას.

„მთავრობის არგუმენტები თანხებთან დაკავშირებით, რომ თითქოს იხარჯება ბევრი თანხები, ესეც იქნა განხილული. კონკრეტული მაგალითი იქნა მოყვანილი - ცაგერის რაიონში შტატები ისედაც იქნა მომატებული და ისედაც მეტი თანხები იქნა დახარჯული, სადაც თვითმმართველი ერთეულები არ გაყოფილა. პრობლემა სულ სხვა რაღაცაშია, პრობლემა იმაშია, რომ მთავრობა დაკავებულია თავისი ნათესავების გამო ახალი შტატების შექმნით და მხოლოდ ამის გამო იზრდება შტატები და არა იმის გამო, რომ თვითმმართველ ერთეულებს გააერთიანებენ თუ გაყოფენ“, - განაცხადა ლაშა დამენიამ.

მისი თანაპარტიელის, ირაკლი ღურწკაიას, განცხადებით კი, ხელისუფლებას ეს ცვლილება არა თვითმმართველობების გასაძლიერებლად, არამედ საარჩევნოდ თავის სასარგებლოდ სჭირდება:

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 2020 წელს არ გაუჭირდეს ხელისუფლებას არჩევნების მოგება. ასე გამარტივება ყველაფრის და ძველ რელსებზე გადაყვანა სწორედ იმას ემსახურება, რომ მოიპოვონ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ადგილები“.

შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „საუნჯის“ წარმომადგენლებმა. ეგნატე შამუგიას განცხადებით, ამ ეტაპზე მათ აქვთ მხოლოდ ზოგადი ხედვა, რადგან მმართველ გუნდს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. „საუნჯე“ იზიარებს პოზიციას, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. ამასთან, ეგნატე შამუგია დარწმუნებულია, რომ ცვლილებების განხორციელება ამ ფორმით მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს:

„საზოგადოების უმრავლესობას ზუგდიდში სურს და თავის დროზე, 2013 წელსაც, სურდა და ამისთვის ხელმოწერებსაც აგროვებდნენ, რომ ზუგდიდი ყოფილიყო თვითმმართველი ქალაქი, ჰქონოდა საკუთარი ბიუჯეტი და საკუთარი არჩევითი თვითმმართველი ორგანოები, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ის, რომ ჩართული იქნენ საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ფორმირებაში“.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა ფორმით შეეხება ცვლილება ქალაქ ზუგდიდს, რომელმაც ათი წლის წინ ჩამორთმეული სტატუსი მხოლოდ სამი წლის წინ დაიბრუნა. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ თუ საკითხი დღის წესრიგში დადგა, ის ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდება.

XS
SM
MD
LG