დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმა ნაწილმა უნივერსიტეტის თვითმმართველობაში, პირდაპირი წესით 140 წევრი აირჩია. არჩევნების პროცესს პროტესტის რადიკალური ფორმებით გაემიჯნენ „აუდიტორია 115“-ის წევრები. 24 ნოემბრის ღამით მათ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს, 25 ნოემბერს კი არჩევნების ჩაშლა სცადეს და ამ მიზნით, უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსში მოქმედი საარჩევნო უბნებიდან რამდენიმეს პიკეტირება მოახერხეს. "აუდიტორია 115"-ის წევრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ქვეყნის ხელისუფლებას დაპირებების შესრულებისაკენ მოუწოდებენ. ისინი თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებასა და ფუნდამენტური რეფორმის გატარებას მოითხოვენ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115"-ის მიზანი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა იყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა "აუდიტორია 115"-ის წევრების მიერ რამდენიმე საარჩევნო უბნის პიკეტირება, რამაც საბოლოოდ ამ უბნებზე კენჭისყრის პროცესის შეწყვეტა განაპირობა. თუმცა, აღნიშული გარემოების მიუხედავად, უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დემეტრე ეგნატაშვილი ამბობს, რომ არჩევნები შედგა:
ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულ სტუდენტს უნდა შეეძლოს და შეუძლია შექმნას გარკვეული ტიპის ჯგუფი, რომელიც შემდგომში განახორციელებს მოთხოვნას კონკრეტულ კომისიასთან, კომისია განსაზღვრავს სტუდენტების ჯგუფის მხრიდან შეთავაზებულ პროექტებს თუ სხვადასხვა სახის განცხადებას...გიორგი სოფრომაძე
“არჩევნების ჩაშლა - ასეთი ლეგალური ცნება არ გვაქვს, არ არსებობს. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ არჩევნები არ შედგა ან კენჭისყრის პროცესი ვერ შედგა. ეს ნიშნავს, რომ უბანი არ გაიხსნა, ამომრჩეველი არ მივიდა, კომისია არ გამოცხადდა და სხვა და სხვა. ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ კენჭისყრა არ შედგა, მაგრამ „არჩევნები ჩაიშალა“, ასეთი იურიდიული ცნება ჩვენ არა გვაქვს. ასე რომ, არჩევნების კენჭისყრა დაიწყო კიდეც, მიმდინარეობდა კიდეც, მე იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება კიდეც. ასე რომ, შედეგი არჩევნებისა ჩვენ აუცილებლად გვექნება. არჩევნები შემდგარია“.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დემეტრე ეგნატაშვილის თანახმად, საარჩევნო უბნები უნივერსიტეტში 25 ნოემბერს 10 საათზე გაიხსნა და, დაახლოებით, 14 საათისთვის, ანუ იმ დროისთვის, როდესაც „აუდიტორია 115“-მა საარჩევნო უბნების პიკეტირება დაიწყო, არჩევნებში მონაწილეობა 2 000 სტუდენტზე მეტს ჰქონდა მიღებული. დემეტრე ეგნატაშვილი ამბობს, რომ ეს არის სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ თვითმმართველობა არჩეულად ჩაითვალოს.
თავის მხრივ, ცალკეულ უბნებზე საარჩევნო პროცესის შეჩერების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სტუდენტები.
“სადაც პირველკურსელი და მეორეკურსელი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები აძლევდნენ ხმას, არის შიგნიდან დაკეტილი. შიგნით არის საარჩევნო კომისია, ცესკო. თავიანთი გადაწყვეტილებით, მათ დახურეს საარჩევნო უბანი, შესაბამისად ხმის მიცემის პროცედურა შეწყვეტილია, თუმცა ჩვენ არ ვთმობთ პოზიციებს. მშვიდობიანი პასუხი გვაქვს ყველას მიმართ და, რა თქმა უნდა, არავის მივცემთ უფლებას არც უნივერსიტეტის პიკეტირების და არც სხვა სტუდენტების უფლებების დარღვევისა“, ამბობს დელეგატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, თათია წულაია.
თვითმმართველობის არსებული მოდელის შესაცვლელად „აუდიტორია 115“-ის სტუდენტური აქტივობა კი თვეების განმავლობაში გრძელდება. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტთა თანასწორობას ვერც მმართველობით ორგანოებში და ვერც სტუდენტური ცხოვრების პროცესში. როგორც „აუდიტორია 115“-ის წევრი გიორგი სოფრომაძე აღნიშნავს, არაერთი დაპირების მიუხედავად, ჩინოვნიკებმა არ გამოავლინეს ცვლილებების პოლიტიკური ნება, რაც სტუდენტებს აფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს სურს შეინარჩუნოს თავისი გავლენის ქვეშ მყოფი სტუდენტური ორგანო:
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულ სტუდენტს უნდა შეეძლოს და შეუძლია შექმნას გარკვეული ტიპის ჯგუფი, რომელიც შემდგომში განახორციელებს მოთხოვნას კონკრეტულ კომისიასთან, კომისია განსაზღვრავს სტუდენტების ჯგუფის მხრიდან შეთავაზებულ პროექტებს თუ სხვადასხვა სახის განცხადებას. ამის შემდეგ მოხდება დაფინანსება, ფინანსების, ხარჯების განკარგვა ამ საკითხებთან მიმართებით და კიდევ მთავარი, რასაც ვითხოვთ და რასაც გულისხმობს 45-ე მუხლი და რატომ გვინდა ამის გაუქმება: დღესდღეობით სტუდენტური თვითმმართველობის გავლით რეალურად ხდება მმართველობით ორგანოში, საფაკულტეტო საბჭოში, სტუდენტების არჩევა და ჩვენ ვითხოვთ, რომ პირდაპირი წესით, ისევე როგორც, მაგალითისთვის ავიღოთ, სენატში, ამავე წესით მოხდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევა“.
„აუდიტორია 115“-ის მოთხოვნები კი ხუთი ძირითადი პუნქტისგან შედგება:
“დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 45-ე მუხლის გასაუქმებლად; მეორე,კონსტიტუციაში განისაზღვროს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით; მესამე, გამოიყოს თანხა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის; მეოთხე, მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები პირდაპირი წესით გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება; უნივერსიტეტის რექტორმა შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი“.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მიმართ არსებულ მოთხოვნებს შორისაა ასევე ის,რომ მან საჯაროდ დაუჭიროს მხარი „აუდიტორია 115“-ის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს, დააჩქაროს პროცესები და ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ჯგუფის მუშაობას. თავის მხრივ, გიორგი შარვაშიძისთვის მიუღებელია პროტესტის ის ფორმა, რომელსაც „აუდიტორია 115“-მა მიმართა. სხვა მხრივ კი, იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტის ავტონომიის გაზრდის აუცილებლობის საკითხზე საკანონმდებლო ორგანო და მთავრობა თანხმდებიან:
“არის საშუალება, რა თქმა უნდა, იმისა, რომ გაუმჯობესდეს კანონმდებლობა. რა კუთხით გაუმჯობესდება? მე ვვარაუდობ, რომ ეს უნდა იყოს ავტონომიის პრინციპის გაზრდით, დელეგირება უნდა მოხდეს და, უმაღლესი განათლების კანონიდან გამომდინარე, ეს 45-ე მუხლის ცვლილება იქნება თუ სხვა, რაზეც მიდის ახლა აპელირება, აუცილებლად უნდა გადაეცეს უნივერსიტეტს ის უფლებები, რომლებიც მას მისცემს საშუალებას, რომ თავად უნივერსიტეტმა, თავად სტუდენტებმა განსაზღვრონ, როგორი მოწყობა ურჩევნიათ“.
განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ღია კარის მტვრევად შეაფასა „აუდიტორია 115“-ის მიერ თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლის მცდელობა. სტუდენტები რეფორმებისათვის დაწყებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანას აპირებენ, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელის შეშლის გამო კი, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანახმად, შესაძლოა მათი ნაწილის მიმართ სტატუსის შეჩერების პროცედურაც ამოქმედდეს.