Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვალთვალის პროგრამა - მეტი დეკლასიფიცირებული დეტალითა და მეტი შემართებით


რობერტ ლიტი
რობერტ ლიტი
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა გასულ კვირაში კონგრესის წევრებს აცნობეს, რომ მთავრობის შიდა სათვალთვალო პროგრამა კონკრეტულ მიზნებს ემსახურება და არ ლახავს პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას. აშშ-ის თვალთვალის საიდუმლო პროგრამა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მისი არსებობის შესახებ ამერიკულ მედიას უშიშროების სამსახურების ყოფილმა კონტრაქტორმა ედუარდ სნოუდენმა მიაწოდა ინფორმაცია.

იმისათვის, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა კონკრეტულ სატელეფონო მოსმენებს ადევნონ თვალყური, შესაბამისი სამსახურები შესაბამის მონაცემებს სატელეფონო კომპანიებისგან ღებულობენ. აშშ-ის თვალთვალის პროგრამა ამ მხრივ სრულიად ლეგიტიმურია და არ არღვევს კონსტიტუციას, - განუცხადა სენატის მართლმსაჯულების კომიტეტის წევრებს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ადმინისტრაციის გენერალურმა კონსულმა რობერტ ლიტმა:

„მარეგულირებელი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ასეთი სახის განზოგადებული სატელეფონო მონაცემების მიღება სატელეფონო კომპანიებისგან არავის კონსტიტუციური უფლების დარღვევა არ არის“.

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ თვალთვალის პროგრამა საჭიროებს მოდიფიკაციას, რათა სრულად პასუხობდეს საზოგადოების ინტერესებს, მით უფრო, რომ, როგორც საიდუმლოების გრიფის მოხსნის შემდეგ პროგრამის ზოგიერთმა ნაწილმა აჩვენა, მთავრობა იყენებს სატელეფონო საუბრების ე.წ. „ჰოპ ანალიზის“ მეთოდს, როდესაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერთი პირის შესაპყრობად მილიონობით ამერიკელის სატელეფონო ზარი შეიძლება შემოწმდეს.

აი, რა განაცხადა სენატში გამოსვლის დროს ჯეიმს კოულმა, აშშ-ის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ:

“ვფიქრობ, ჩვენ ამ შემთხვევაში მოვძებნეთ ბალანსი პირად ცხოვრებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის, მაგრამ ყოველთვის არის დისკუსიისა და მოქალაქეთა აზრის გათვალისწინების საჭიროება. დრო ზოგჯერ მოითხოვს ცვლილებას და კარგი იქნება დავბრუნდეთ უკან, გადავხედოთ ამ საკითხებს და სწორი ბალანსი მოვახდინოთ“.

რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც - აშშ-ის ორივე წამყვანი პოლიტიკური ძალა - აკრიტიკებენ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას საიდუმლო ყოვლისმომცველი შიდა თვალთვალის პროგრამის ამოქმედებისათვის, რაც მილიონობით ამერიკელი მოქალაქის ელექტრონული მიმოწერისა თუ სატელეფონო ჩანაწერების შეგროვებას ითვალისწინებს. თუმცა აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთი ჯაშუშობა აუცილებელია პოტენციური ტერორისტული გეგმის ჩასაფუშად.

თვალთვალის პროგრამის უფრო მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნით, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, ოთხშაბათს თეთრმა სახლმა გაამჟღავნა დეტალები ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს იმ პროგრამისა, რომელიც შიდა სატელეფონო ჩანაწერების შეგროვებას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, ჩანაწერი ხელმისაწვდომი მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს, როცა არსებობს „გონივრული ეჭვი“, რომ სატელეფონო ზარი ტერორიზმს უკავშირდება.

თუმცა ზოგიერთი სენატორი - მათ შორის, მინესოტელი დემოკრატი ალ ფრენკენი - ეჭვის თვალით უყურებს თვალთვალის პროგრამების ღრმა კონფიდენციალობის საჭიროებას:

“ვფიქრობ, მსგავსი პროგრამები იცავს ჩვენს ქვეყანას და ადამიანთა სიცოცხლეს. მაგრამ დისკუსიის ცენტრში, ვფიქრობ, დგას მნიშვნელოვანი პრობლემა და ეს ამ თვალთვალის პროგრამების ირგვლივ ტრანსპარენტულობის ნაკლებობაა. აშშ-ის მთავრობამ თანაბარი ყურადღება უნდა დაუთმოს როგორც ტერორისტებისგან ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ისე ამერიკელთა პირადი ცხოვრების დაცვას. მაგრამ როდესაც ამ პროგრამების გარშემო თითქმის ყველაფერი საიდუმლოებითაა მოცული და მასში ჩართული კომპანიები გაუხმაურებლობის ბრძანებით არიან შეზღუდულნი, ამერიკის საზოგადოება ვერანაირად ვერ გებულობს სწორად არის თუ არა ეს ბალანსი დაცული. ეს კი, ჩემი აზრით, ცუდია როგორც დემოკრატიისათვის, ისე პირადი ცხოვრების უფლების დაცვისათვის“.

თუმცა სენატის სხვა წარმომადგენლები - მაგალითად, კალიფორნიელი დემოკრატი ქალი დაინ ფაინსტაინი - კმაყოფილებას გამოთქვამენ აშშ-ის უშიშროების სამსახურის თვალთვალის პროგრამის მასშტაბით და მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობით.

ზემოხსენებული დისკუსია აშშ-ის სენატში გასულ კვირაში მას შემდეგ გაიმართა, რაც წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა სატელეფონო მოსმენების პროგრამას. კანონმდებელთა მცდელობა, რომ შეემცირებინათ ასეთი მოსმენების მასშტაბები, ხმათა ძალიან მცირე უპირატესობით არ გავიდა. თუმცა კენჭისყრამ აჩვენა, რომ თვალთვალის პროგრამის მიმართ დიდი წინააღმდეგობა არსებობს.

აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უჩვენებს, რომ ამერიკელთა უმრავლესობა - 56% - მიიჩნევს, რომ ფედერალური სასამართლო ვერ ახერხებს შესატყვისი შეზღუდვა დაუწესოს მთავრობას, რომელიც ანტიტერორისტული ძალისხმევის ფარგლებში სატელეფონო და საინტერნეტო მონაცემების მოპოვებას ახერხებს. სამაგიეროდ, 70 %-ზე მეტი იმ რესპოდენტთა რიცხვია, ვინც დარწმუნებულია, რომ მთავრობა აღნიშნულ მონაცემებს არამხოლოდ გამოიძიების მიზნით იყენებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG