Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ტურისტებისთვის მიმზიდველი და ადგილობრივებისთვის უსიცოცხლო თუშეთი


დიკლოს მთა, თუშეთი
დიკლოს მთა, თუშეთი
თუშეთის უნიკალურ კულტურას უყურადღებობის გამო განადგურება ემუქრება. მრავალ პრობლემათა შორის უმთავრესი მიგრაციაა. მკაცრ ბუნებრივ პირობებთან შეგუებას მოსახლეობა ბარში ჩასვლას არჩევს. საჯარო სკოლა მოსწავლეთა კონტინგენტის არარსებობის გამო დაიხურა. ადგილობრივების თქმით, ზამთრის სეზონზე თუშეთში მხოლოდ 10 ოჯახი რჩება.

„დაახლოებით 10 წლის წინ სოფელში 20-22 კომლი რჩებოდა ხოლმე ზამთარში, ბავშვებიც იყვნენ, ახლა კი 10 ოჯახიც არ არის და არც ახალგაზრდები არიან“.

ელექტროენერგია, სასმელი წყალი და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები თუშეთის 50-მდე სოფელს შეზღუდულად მიეწოდება. კოლორიტულ კუთხეში არ არის სამედიცინო დაწესებულება. ზამთრის დადგომამდე მხარეს ერთადერთი ექიმი ემსახურება, რომელიც ათეულობით კილომეტრით დაშორებულ მეზობელ სოფლებში ნაჩუქარი ცხენით დადის. მოსახლეობა სამედიცინო დახმარების მანქანას უკვე წლებია ითხოვს.

„მთა-თუშეთს, პირველ რიგში, სამედიცინო კუთხით ესაჭიროება დახმარება. სასწრაფო დახმარების მანქანა გვინდა. ამას წინათ მძიმე ავადმყოფთან მივდიოდი ფეხით, რა დროსაც ჩემთვის უცხო კაცი შემხვდა. მან მითხრა, ცხენს გაჩუქებო. მართლაც, შეასრულა დანაპირები. ახლა ავადმყოფთან გამოძახებაზე ნაჩუქარი ცხენით დავდივარ“.

ძალიან ბევრ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ხალხი რომ ამოვიდეს, სად უნდა დაბინავდნენ, არ ვიცი. პატრონობა და ყურადღება გვინდა...
იმის მიუხედავად, რომ საჭირო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად თუშეთში საკმარისი რესურსია, ტურისტული სეზონი უამინდობისა და უგზოობის გამო კუთხეში მხოლოდ 4 თვეს გრძელდება. გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელზეც გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ, პირველი თოვლის მოსვლისთანავე იკეტება. ადგილობრივების თქმით, ზამთრის ტურიზმის განვითარებას თუშეთში ამ ეტაპისთვის პერსპექტივა არ აქვს:

„აქ ზამთრის ტურიზმის განვითარებას პერსპექტივა არ აქვს, რადგან მოკლე სეზონია. გარდა ამისა, კომუნიკაციის პრობლემაა. ზამთარში დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზა არ მუშაობს. კომუნიკაციის პრობლემაა“.

გეგმა შემუშავებულია. უკვე დაიწყო სოფლების დართლოსა და კესელოს რეაბილიტაცია. სოფლების სწრაფი განვითარება ტურისტთა სიმრავლეზეც არის დამოკიდებული, ამით ადგილობრივთა ინტერესი გაღრმავდება...
ზაქარია ქინქლაძე
თუშეთში არსებულ ბუნებრივ, კლიმატურ პრობლემებს საცხოვრებელი სახლების პრობლემაც დაერთო. მოსახლეობა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გასულ წელს ხელისუფლებამ საცხოვრებელი სახლების სახურავების შეცვლის პროექტი დაიწყო. სახურავები გადახადეს, თუმცა ახლით არ შეუცვლიათ. შენობები კი მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო დანგრევის საფრთხის წინაშეა:

„ძალიან ბევრ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ხალხი რომ ამოვიდეს, სად უნდა დაბინავდნენ, არ ვიცი. პატრონობა და ყურადღება გვინდა“.

კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში, თუშეთში წელს 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება - ამის შასახებ განცხადება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაქარია ქინქლაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიან სოფლებში ე.წ. „ჰელიო სისტემის“ ენერგიის წყაროები არსებობს, სოფლებამდე ელექტროქსელების მოწყობაც იგეგმება:

„გეგმა შემუშავებულია. უკვე დაიწყო სოფლების დართლოსა და კესელოს რეაბილიტაცია. სოფლების სწრაფი განვითარება ტურისტთა სიმრავლეზეც არის დამოკიდებული, ამით ადგილობრივთა ინტერესი გაღრმავდება. თუშეთის სოფლებში ბოლო დროს განადგურებული მეცხვარეობის განვითარებაც, ფაქტიურად, თავიდან დაიწყო. ამით გაცოცხლდება სოფლები და სხვა ცხოვრება დაიწყება“.

თუშეთში ტურისტული სეზონი უკვე გახსნილია. ტურისტს თუშეთის ბუნება იზიდავს, რომელსაც, სპეციალისტების განცხადებით, განახლება სჭირდება.

დიდთოვლობის გამო თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ოქტომბერში იკეტება და მაისში იხსნება ხოლმე.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG