პარლამენტში განსახილველად შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პატიმრების საზოგადოებასთან ადაპტირებას უწყობს ხელს. ცვლილებების მიხედვით, პატიმარს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნება; ასევე, გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე მიეცემა შესაძლებლობა უკეთ მოემზადოს თავისუფალი ცხოვრებისთვის. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.
გათავისუფლებამდე 6 თვით ადრე პატიმარს შესაძლებლობა ექნება მომავალი ცხოვრებისთვის უფრო საფუძვლიანად მოემზადოს. მას შეეძლება დროებით დატოვოს ციხე, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში 3 დღე-ღამეს არ უნდა აღემატებოდეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ცვლილებების თანახმად, ამოქმედდება შინაპატიმრობის მექანიზმი. ეს პრაქტიკა უკვე მოქმედებს არასრულწლოვანი პატიმრებისთვის, ამჯერად კი სრულწლოვანებზეც გავრცელდება. პირს შეეძლება სახლში მოიხადოს სასჯელი, მის გაკონტროლებას კი ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით შეძლებენ. ეს წესი მხოლოდ იმ პირებისთვის გამოიყენება, რომლებიც პირველად არიან ნასამართლევები და, თანაც, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის.
მიზანი ამ დროს უნდა იყოს პიროვნების გამოსწორება და მისი ღირსეულად დაბრუნება ციხიდან. ამ შემთხვევაში კარგია, რომ გარკვეული ძვრები არის, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ჩვენი სისტემა ჯერაც არ არის ბოლომდე გარდაქმნილი...ალეკო ცქიტიშვილი
„შინაპატიმრობა არ გამოიყენება ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ნასამართლევი პირების მიმართ. შინაპატიმრობა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით, კერძოდ, ელექტრონული სამაჯურების საშუალებით და მოსამართლის მიერ განსაზღვრულ პერიოდში მსჯავრდებულს მოუწევს დროის სახლში გატარება, რასაც ჩვენ დისტანციურად გავაკონტროლებთ ამ სამაჯურის მეშვეობით“.
ამასთან, მისივე თქმით, შეიქმნება ახალი ტიპის პენიტენციური დაწესებულება, სადაც განთავსდებიან ის პატიმრები, რომლებსაც გათავისუფლებამდე 6 თვეზე მეტი დრო არა აქვთ დარჩენილი და მათგან მომდინარე საფრთხე ნაკლებია. დეპარტამენტის დირექტორი მათ საშუალებას მისცემს პერიოდულად დატოვონ ციხე სასწავლებლად, სამუშაოდ (თუ სამსახურს იშოვიან) ან დოკუმენტების თუ სხვა საკითხების მოსაწესრიგებლად.
რაც შეეხება ხელობის სწავლას ან საჭირო უნარებს, რომელიც პატიმარს დაეხმარება სრულფასოვნად ადაპტირდეს წლების წინ დატოვებულ საზოგადოებაში, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ამ პროგრამებს პატიმრები უკვე გადიან და ახლანდელი ცვლილებები კი უშუალოდ გათავისუფლების წინ მოსამზადებელ ეტაპს ეხება.
ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონალური ხელმძღვანელის, ცირა ჭანტურიას თქმით, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პატიმრების მხოლოდ შვიდი პროცენტია ჩართული სასჯელაღსრულების დაწესებულებათა პროგრამებში. ამასთან, ეს პროგრამები არა იმდენად სახელმწიფოს, რამდენადაც არასამთავრობო სექტორის მიერ არის დაფინანსებული. მისივე თქმით, ციხიდან გამოსულ პატიმარს ადაპტირება ბევრი კუთხით სჭირდება, ხშირად ფსიქოლოგიურიც, რადგან ბევრი სხვადასხვა ნარკოტიკზეა დამოკიდებული. ამავე დროს, მას, შესაძლოა, აღარ ჰქონდეს ისეთი ელემენტარული უნარ-ჩვევები, როგორიცაა, თუნდაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ ასეთი ადამიანები ვერ შოულობენ სამსახურს და, შესაძლოა, გარეთ არც არავინ ელოდებოდეთ:
„ასეთი ბანალური საკითხებიდან დაწყებული, ისეთი მძიმე საკითხით დამთავრებული, როგორიცაა ის, რომ, შესაძლოა, ოჯახმა არ მიიღოს. ქალების შემთხვევაში ეს სტიგმა განსაკუთრებით ძლიერია. მამაკაცების შემთხვევაშიც შეიძლება იყოს ასეთი ფაქტი. ხშირად წასასვლელი არსად აქვთ, შეიძლება აღარც ჰყავდეთ ოჯახი“.
ცირა ჭანტურია ამბობს, რომ სახელმწიფომ შუა გზაზე არ უნდა მიატოვოს ასეთი ხალხი და მათზე უნდა იზრუნოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათავისუფლებული პატიმარი, შესაძლოა, ისევ დამნაშავე გახდეს:
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე ხშირი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებია: ძარცვა, ქურდობა, თაღლითობა. ანუ ადამიანს ხშირად არა აქვს საჭირო უნარი იმისთვის, რომ თავი გაიტანოს, სამსახური იშოვოს და თავისუფლებაზე რომ გამოდის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო რთულად აქვს საქმე. ამიტომ მნიშვნელოვანია როგორმე დასაქმდეს“.
ცვლილებების მიხედვით, პატიმრებს მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების საშუალებაც. ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ სწავლება ელექტრონული და დისტანციური იქნება, შესაბამისად, პატიმარი მხოლოდ ისეთ სპეციალობებს თუ აირჩევს, რომელიც უფრო თეორიულ ცოდნაზეა დაფუძნებული, და ვერ შეძლებს, მაგალითად, მედიცინის შესწავლას, სადაც დიდი დრო პრაქტიკას ეთმობა:
„გვაქვს რამდენიმე უნივერსიტეტთან მოლაპარაკება, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ და საშუალება მისცენ პატიმრებს ისწავლონ“.
გარდა ამისა, ცვლილებები შეეხებათ პატიმარ დედებს, რომლებმაც ბავშვები პატიმრობისას გააჩინეს და სამ წლამდე იქვე ჰყავდათ. სამი წლის შემდეგ ბავშვები უკვე ციხის გარეთ იზრდებიან. ამჯერად დედებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასჯელაღსრულების დაწესებულება პერიოდულად დატოვონ და შვილები მოინახულონ:
„განშორება ძალიან მძიმეა როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის, ამიტომ ასეთი შვებულება, როგორც მას არაოფიციალურად ეძახიან, ანუ ხანმოკლე გასვლა, საშუალებას მისცემს დედას მეტი კონტაქტი ჰქონდეს ბავშვთან“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ნელ-ნელა გამოდის იმ კომუნისტური მსოფლმხედველობის გავლენისგან, რომლის მიხედვითაც, პატიმარი დამნაშავე იყო და „საკადრისი“ უნდა მიეღო:
„მიზანი ამ დროს უნდა იყოს პიროვნების გამოსწორება და მისი ღირსეულად დაბრუნება ციხიდან. ამ შემთხვევაში კარგია, რომ გარკვეული ძვრები არის, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ჩვენი სისტემა ჯერაც არ არის ბოლომდე გარდაქმნილი“.
რაც შეეხება კანონპროექტს, ამჯერად მიმდინარეობს საპარლამენტო განხილვები. კანონპროექტი, სავარაუდოდ, წელს ამოქმედდება.