რამდენიმე დღეში გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი გუბერნატორები დაინიშნებიან, გია სალუქვაძემ და პაპუნა მარგველიძემ კი გადადგომის შესახებ განცხადება თავიანთი ნებით დაწერეს. თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ გუბერნატორების საკადრო ცვლილებების პროცესის გაგრძელებას მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს ოპოზიცია, ხელისუფლებაში კი ამტკიცებენ, რომ სამხარეო რწმუნებულების შეცვლას თვითმმართველობის არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
გურიის ყოფილი გუბერნატორი, გია სალუქვაძე, თანამდებობის დატოვების შემდეგ, სავარაუდოდ, საჯარო სამსახურში გააგრძელებს მუშაობას,თუმცა ამბობს, რომ შეთავაზება უკვე აქვს კერძო სექტორიდანაც. წინასწარი განცხადებებით, რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთის გუბერნატორობიდან შემოსავლების სამსახურში უფროს მრჩევლად გადადის პაპუნა მარგველიძე, მათ სამ-ოთხწლიან საქმიანობას ძველ თანამდებობებზე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განმარტებით, მთავრობა დადებითად აფასებს:
როგორც სხვა გუბერნატორები შევარჩიეთ, ანალოგიურად შევარჩევთ ახალ გუბერნატორებსაც, კარგ გუბერნატორებს მივიღებთ, რომლებიც იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც დღეს გვაქვს, იმ პროცესებში იქნებიან ჩართულები, რასაც ვგეგმავთ შემდეგი სამი წლის განმავლობაში. ერთი წელიწადი უკვე გავიდა, გამოწვევები დიდი გვაქვს...ზურაბ ალავიძე
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გია სალუქვაძეს და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენს გუნდში უკვე სხვა პოზიციებზე მუშაობას და ასევე მინდა მათ წარმატება ვუსურვო. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ ახალ რწმუნებულ-გუბერნატორებს ამ ორ რეგიონში და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ უპრეცედენტო მასშტაბი აქვს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს“.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა შედის ახალი გამოწვევების ფაზაში, როდესაც სივრცითი განვითარების ამბიციური პროგრამაა განსახორციელებელი და ასეთი საკადრო ცვლილებები ბუნებრივია. ნაწილობრივ განსხვავებულია გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის, განმარტება მის მიერ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების მიღების შესახებ. კერძოდ, ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ თვითმმართველობის ოთხწლიანი ციკლი მთავრდება და ახალ რეალობაში უმჯობესია ახალმა გუბერნატორმა იმუშაოს:
“ახალ არჩევნებში ახალი მერების არჩევის შემთხვევაში იქნება ახალი გუბერნატორი და ამაში მე ვთვლი, რომ ზუსტად ეხლა არის ის დრო, როცა არჩევნებთან დაკავშირებით უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, რომ იყოს ახალი გუბერნატორი. მარა უმთავრესი გადაწყვეტილება ჩემი მიღებულ იქნა იმიტომ, რომ, პირდაპირ გეტყვით, მე ეხლა, ჩემი ბეგრაუნდი ვინც იცის, სამი წელი ციხეში გახლდით, სამი წელი გურიაში ვარ და მინდა, რომ ოჯახთანაც ვიყო ცოტა. ამიტომ ეს გადაწყვეტილებაც მივიღე ამ დროს, როცა ჩავთვალე საჭიროდ“.
გია სალუქვაძე 2015 წლიდან მუშაობს გურიის გუბერნატორად, 2013 წლიდან იკავებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის პოსტს პაპუნა მარგველიძე. არაოფიციალურად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მათი შემცვლელების შესახებაც. კერძოდ, გურიის რწმუნებულის პოსტზე სავარაუდო კანდიდატად ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე სახელდება, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორობის კანდიდატად არჩილ ჯაფარიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ახალი გუბერნატორები სწორედ პოლიტიკური გავლენებისა და არჩევნებში „ქართული ოცნების“ უპირატესობის ხელშეწყობის ნიშნით შეირჩევიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, მაგალითად, ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ არ არის გამორიცხული, საკადრო ცვლილებები სხვა გუბერნატორებსაც შეეხოთ. იგი დარწმუნებულია, რომ გია სალუქვაძე და პაპუნა მარგველიძე თანამდებობიდან გადააყენეს სწორედ იმ მიზნით, რომ მათმა ადგილმონაცვლეებმა უკეთ შეასრულონ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზნები:
“ერთი რომ ყოფილიყო, კიდევ ვიტყოდით, რომ რაღაცა პრობლემები აქვს. როდესაც ორ გუბერნატორს ცვლიან, ეს არის რაღაც გეგმის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია პირდაპირ საარჩევნო კამპანიასთან და, როგორც ჩანს, უფრო აქტიური გუბერნატორებით და, შეიძლება ასე ითქვას, უფრო გამყალბებელი გუბერნატორებით ჩაანაცვლეს, თუმცა გუბერნატორებმა ამ საპარლამენტო არჩევნებში ყველამ თავი გამოიჩინა იმით, რომ მაქსიმალურად გამოიყენეს ადმინისტრაციული რესურსი“.
დამთავრდა ის დრო, როდესაც გუბერნატორები რეგიონებში ერთგვარი კომისრის როლს ასრულებდნენ და პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ საარჩევნო პროცესებში, განაცხადა, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. გუბერნატორები არჩევნებს არ ატარებენ, - ასე უპასუხებს ოპონენტებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე. იგი, მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების დარად, მომავალ არჩევნებთან გუბერნატორების შეცვლის კავშირს ვერ ხედავს:
“დინამიკური პროცესია და ცვლილებები ხდება. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. რაც შეეხება ახალ გუბერნატორებს, როგორც სხვა გუბერნატორები შევარჩიეთ, ანალოგიურად შევარჩევთ ახალ გუბერნატორებსაც, კარგ გუბერნატორებს მივიღებთ, რომლებიც იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც დღეს გვაქვს, იმ პროცესებში იქნებიან ჩართულები, რასაც ვგეგმავთ შემდეგი სამი წლის განმავლობაში. ერთი წელიწადი უკვე გავიდა, გამოწვევები დიდი გვაქვს“.
მმართველი პარტიის მხრიდან საარჩევნო კამპანიის გააქტიურებისა და ეფექტურობის გაზრდის განზრახვას (ოღონდ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხარჯზე) არ გამორიცხავს და თავისთავად ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი:
“რეალურად გუბერნატორები სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებად ითვლებიან და მათ შეზღუდული არც აქვთ აგიტაციის გაწევა. შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში გასწიონ აგიტაცია. შესაბამისად, ზოგადად იმის თქმა, რომ თანამდებობაზე ერთი პირის ჩანაცვლება მეორეთი სიგნალია იმისა, რომ იქ რაღაცა ცუდს აპირებენ, რთული სათქმელია, რა თქმა უნდა. კანონი რეგულაციებს განსაზღვრავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით. შესაბამისად, ახალი გუბერნატორი იქნება თუ ძველი გუბერნატორი, ეს რეგულაციები ისევე იმოქმედებს“.
ლევან ნატროშვილის აზრით, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რეალურად რა შეიძლება ყოფილიყო გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორების თანამდებობიდან გადადგომის მთავარი მიზეზი, თუმცა წინა არჩევნებზე დაკვირვების საფუძველზე იგი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიაში გუბერნატორების ზედმეტი აქტიურობისა და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედების გამორჩეული ტენდენცია არ ყოფილა.