ცხინვალში ყურადღებით აკვირდებიან სოხუმში გამართულ უკმაყოფილო დისკუსიას რუსეთის მიერ შეთავაზებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ხელშეკრულების შესახებ. როგორც წესი, რუსეთი ორივე არაღიარებულ რესპუბლიკას ერთად სთავაზობს ხოლმე ხელშეკრულებების გაფორმებას, მაგრამ ამჟამად ჯერ სოხუმში გაიგზავნა ამ ხელშეკრულების პროექტი, რასაც ადგილობრივი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მწვავე დისკუსია მოჰყვა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერები უკმაყოფილოდ აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი მათი ე.წ. სახელმწიფოს ე.წ. სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება და ამ დოკუმენტის შემოთავაზებული ფორმით ხელმოწერა არ შეიძლება. განსხვავებული აზრი აქვთ ცხინვალში. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან უფრო მეტი ინტეგრაციის მომხრეა. ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ როგორც აფზახეთისთვის, ისე სამხრეთ ოსეთისთვის ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი რუსეთის ფედერაციაა, ამიტომ ამ ხელშეკრულებას ხელი აუცილებლად უნდა მოეწეროს.
რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი ჯერ თვალით არავის უნახავს, მაგრამ თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევი რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზას” კორესპონდენტთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მზად არის და ხელმოწერას ელოდება:
”ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ წლის ბოლომდე მოეწერება ხელი. ასეთი დოკუმენტის მომზადება დღეს არ დაწყებულა, პერმანენტული მუშაობა მიმდინარეობდა. მეხუთე მოწვევის პარლამენტმაც შეიტანა მოკრძალებული წვლილი. ხელშეკრულების ახალ პროექტში, სხვა პუნქტებთან ერთად, შეტანილია ზოგიერთი პუნქტი, რაც ასევე გვხვდება აფხაზეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტში. ხელშეკრულების ეს პროექტი უფრო შეესაბამება სამხრეთ ოსეთს და ის მზად არის ხელმოსაწერად”.
სოხუმისგან განსხვავებით, ცხინვალში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ეგრეთ წოდებულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას უფრთხილდება, ძალიან მცირეა. დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულმა რამდენიმე ეგრეთ წოდებულმა რეფერენდუმმა ცხადყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების მომხრეა. ამიტომ ის, რაც ხელშეკრულების გარშემო სოხუმში ხდება, შეუძლებელია მსგავსი მოვლენები ცხინვალში განვითარდეს. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალში ადამიანთა მცირე ჯგუფია, რომელსაც აღელვებს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის დაკარგვა. საქართველოსთან იზოლაციის პირობებში კი დე ფაქტო რესპუბლიკა ისედაც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.
საქართველოს ხელისუფლებამ სოხუმში გაგზავნილი დოკუმენტი უკვე შეაფასა როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობა. რუსეთისგან მოსალოდნელი ანექსიის შესაჩერებლად თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი მხარდაჭერისა და ყურადღების მიპყრობას ცდილობს.