Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობა ქვიშხეთში


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ჯერ ქარიშხალი და შემდეგ წყალდიდობა დილის 6 საათზე დაიწყო. უხვი ნალექის გამო მდინარე შოლა ადიდდა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები დატბორა. განადგურდა მოსავლის ნაწილი და დაიხოცა ფრინველი.

ქვიშხეთის მცხოვრებ მაია აბრამაშვილის თქმით, სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსახლეობას ღობეები მოუგლიჯა. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და მოვარდნილმა წყალმა სოფლის ხიდიც კი დააზიანა. აბრამაშვილი ამბობს, რომ ახლა წყლის დონე იკლებს, მაგრამ ზარალი საკმაოდ დიდია.

ცოტა ხნის წინ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ზურაბ ჩხიტუნიძეს ვესაუბრე. მისი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეჰქმნია. ამჟამად ადგილზე იმყოფებიან ხაშურისა და გორის სამაშველო სამსახურები, მიმდინარეობს დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა. დაზიანებული ხიდის სარემონტო სამუშაოებიც უკვე დაიწყო. რაც შეეხება მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას, ჩხიტუნიძის განცხადებით, მას სპეციალურად შექმნილი კომისია დაითვლის და მოგვიანებით მთავრობა ქვიშხეთელების დახმარების საკითხზე იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG