Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი პატიმრობა - ქრთამის აღებისთვის


თბილისის მერია
თბილისის მერია

14 ივლისს მოსამართლე რომან ხორავამ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს. დაცვის მხარე 15 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, ოთარ აბესაძე გარკვეული დახმარების სანაცვლოდ აღებული 3 000 დოლარის ერთი ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა.

გადმოწერა

28 წლის ოთარ აბესაძეს, რომელმაც საზოგადოებას თავი ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მოსვლის დროს აქციებზე გამოსვლებით, შემდეგ კი „ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აქტიურობით დაამახსოვრა, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა აცხადებს, რომ მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლის მიერ 3 000 დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნა აუდიო-ვიდეოჩანაწერებით მტკიცდება. 14 ივლისს პროკურორმა ირაკლი მარშანიამ სასამართლო სხდომაზე აბესაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა ასე ახსნა:

მინდა ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და საზოგადოებას ამ უხერხულობის გამო, რაც შევქმენი, დიდი სინანულით ბოდიში მოვუხადო... სინანულის გრძნობით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე და მაძლევს ჩემი შინაგანი რწმენა და მოცემული თანამდებობა იმის საშუალებას, რომ ვთქვა, მზად ვარ ნებისმიერ შემთხვევაში ვითანამშრომლო გამოძიებასთან...
ოთარ აბესაძე

„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით შეეცდება მიიმალოს და თავი აარიდოს გამოძიებას და სასამართლოში გამოცხადებას. გარდა ამისა, ამ საქმეზე ჯერ კიდევ გამოსაკითხია თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილი, ვინც ფლობს ინფორმაციას ამ საქმეზე და რომლებსაც აბესაძე კარგად იცნობს. არის საფრთხე, რომ ისევ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ნაცნობობის გამოყენებით, რაიმე სახის ზემოქმედება მოახდინოს მათზე, რითიც ხელს შეუშლის გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას“.

მე არ წარმოვადგენ იმ საშიშროებას და საფრთხეს, რომ საქმეს, ადამიანებს, მეობას, პროცესს რაიმეთი შევუშალო ხელი, - განაცხადა თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე ოთარ აბესაძემ. - 28 წლის ვარ, მეკავა გარკვეული ტიპის პროგრესული თანამდებობები. საუბარია ასევე უნივერსიტეტში ლექციებზე. არც საზოგადოება, არც ჩემი ადვოკატები, არც ჩემი ოჯახი, არც ბრალდების მხარე და არც ერთი მოქალაქე არ მომცემს უფლებას, რომ მივიმალო ან ზეგავლენა მოვახდინო მოწმეზე“, - უთხრა ოთარ აბესაძემ სასამართლოს. ამასთან, დასძინა, რომ აპირებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თუმცა დუმილის უფლებას გამოიყენებს.

მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დაჰპირდა მოქალაქეს, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა მას მტკვარზე, ტივზე კაფეს გახსნასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში. გარდა ამისა, დაჰპირდა, რომ გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას მერიის ზედამხედველობის სამსახურების წინაშე, რითაც დაუბრკოლებლად მისცემდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას საბოლოო ნებართვების მიღებამდე...
პროკურორი

"მინდა ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და საზოგადოებას ამ უხერხულობის გამო, რაც შევქმენი, დიდი სინანულით ბოდიში მოვუხადო... სინანულის გრძნობით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე და მაძლევს ჩემი შინაგანი რწმენა და მოცემული თანამდებობა იმის საშუალებას, რომ ვთქვა, მზად ვარ ნებისმიერ შემთხვევაში ვითანამშრომლო გამოძიებასთან. აუცილებლად ჩამოვაყალიბებ ბრალთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას პროცესის დროს. ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემი მხრიდან, რომ თქვენ მიერ მიღებული ზომებით ჩავერთო გამოძიებაში და მივიღო მაქსიმალური მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ არ ვარ ცუდი ადამიანი", - განაცხადა ოთარ აბესაძემ.

თუმცა სასამართლოსათვის არც ეს სიტყვები და არც აბესაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას, შუამდგომლობა გირაოს შეფარდების თაობაზე დამაჯერებელი არ აღმოჩნდა და აბესაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურორი მარშანია ამბობს, რომ აბესაძის ბრალეულობას ადასტურებს როგორც სატელეფონო, ისე ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ცხადყოფს, რომ აბესაძე თანამდებობის გამოყენებით აპირებდა კონკრეტული პირებისათვის დახმარებას და სანაცვლოდ 3 000 დოლარის აღებას.

მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დაპირდა მოქალაქეს, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა მას მტკვარზე, ტივზე კაფ გახსნასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში. გარდა ამისა, დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას მერიის ზედამხედველობის სამსახურების წინაშე, რითაც დაუბრკოლებლად მისცემდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას საბოლოო ნებართვების მიღებამდე. ამის სანაცვლოდ ბრალდებულმა ოთარ აბესაძემ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3 000 დოლარი", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

დაცვის მხარე არც ოთარ აბესაძისთვის წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას ეთანხმებოდა. ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, აბესაძე მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აღარ იყო საჯარო მოხელე:

„ოთარ აბესაძე 2017 წლის 1 ივლისიდან აღარ გახლდათ საჯარო მოხელე, ხოლო ამ საქმეზე გამოძიება 8 ივლისსაა დაწყებული. რადგან თავად ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება, დღეს მეც ვერ ვისაუბრებ დამატებით დეტალებზე და იმ მტკიცებულებებზე, რომელიც ბრალდების მხარემ გადმოგვცა და რომელთანაც ჩვენ გვაქვს გარკვეული პრეტენზიები“, - თქვა ირმა ჭკადუამ.

დაცვის მხარე გეგმავს ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სააპელაციო წესით გაასაჩივროს. როგორც აბესაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, არც აუდიო-ვიდეოჩანაწერებში და არც საქმეში იმის მტკიცებულება, რომ ოთარ აბესაძე თვითონ ითხოვდეს რაიმე თანხას და ამ თანხას აკონკრეტებდეს, არ არის.

ოთარ აბესაძე იყო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, აქტიურობდა „ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დროს. შემდეგ იყო განათლების მინისტრის მრჩეველი გიორგი მარგველაშვილისა და თამარ სანიკიძის მინისტრობის პერიოდში, 2017 წლის მარტიდან კი დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერიის წარმომადგენლად მუშაობდა. დღეს გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აბესაძეს ბრალი დაუმტკიცდა, მას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება. აბესაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 31 აგვისტოს გაიმართება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG