Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტრაქტორების საქმეში“ გამარჯვებული კირვალიძე


დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე
დაუბრუნდება თუ არა თანამდებობას სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე? ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2014 წლის 4 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეგრეთ წოდებულ „ტრაქტორების საქმეზე“ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა და დაკავებულებს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდება მოეხსნათ. 2013 წლის 2 მაისს დავით კირვალიძე სწორედ ამ საქმის გამო გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. მაშინ მთავრობის სხდომაზე მან განაცხადა, რომ თანამდებობას გამოძიების დასრულებამდე ტოვებდა. მთავრობის სხდომაზე დღეს, 7 თებერვალს, დავით კირვალიძის მთავრობაში დაბრუნების საკითხი ოფიციალურად არ განხილულა, თუმცა მედიამ მთავრობის წევრებს ამ საკითხზე შეკითხვები მაინც დაუსვა.

მინისტრთა კაბინეტში დავით კირვალიძის შესაძლო დაბრუნების საკითხი, სავარაუდოდ, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელსაც კონკრეტული პასუხი შეკითხვაზე, აღდგება თუ არა თანამდებობაზე სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, არ აღმოაჩნდა. კონკრეტული პასუხი არ აქვს, როგორც ჩანს, არც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც 5 თებერვალს ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, რომ კომენტარი გაკეთდება მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

უკვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, პროკურატურამ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი სასამართლოდან გაიტანა და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლებს გაფლანგვის ნაწილში ბრალდება მთლიანად მოეხსნათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში კი ბრალდების განრიდება მოხდა. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ:

ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასურველი იყო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამომდგარიყო ზუსტად რომ უმწიკვლო და მართალი. მე შუალედური რაც ვიცი და სანამ ისევ პრემიერი ვიყავი და გამოიკვეთა, იქ კორუფცია არ მტკიცდებოდა, მაგრამ შეცდომები იყო...
ბიძინა ივანიშვილი
“ბრალდების მხარე, გარკვეულწილად, იღებს მხედველობაში საქმის გარკვეულ გარემოებებს და სასამართლოდან გაითხოვს საქმეს. ეს არ არის მარეაბილიტირებელი გარემოება ბრალდებულთათვის, მაგრამ არც ერთი ბრალდებული არ იქნება ნასამართლევი და არც ერთი ბრალდებულის მიმართ არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“.

ამ გადაწყვეტილებას, თავის მხრივ, კმაყოფილებით მიესალმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მისი შეფასებით, რომელიც ორგანიზაციის პრეზენტაციაზე გამოითქვა, დავით კირვალიძე კულტურულად მოიქცა მაშინ, როდესაც მისდამი დაქვემდებარებული პირების მიმართ კორუფციული ეჭვების არსებობის პირობებში, თავად გადადგა თანამდებობიდან:

“ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასურველი იყო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამომდგარიყო ზუსტად რომ უმწიკვლო და მართალი. მე შუალედური რაც ვიცი და სანამ ისევ პრემიერი ვიყავი და გამოიკვეთა, იქ კორუფცია არ მტკიცდებოდა, მაგრამ შეცდომები იყო. შეცდომები იყო, რაც თვითონ კირვალიძემ აღიარა ისევ - აღარ იყო მინისტრი და მოვიდა და იყო შეცდომებიო, თქვა. ყველაზე ფავორიტი მინისტრი იყო ჩემთვის. ფავორიტი მინისტრი იყო ჩემთვის კირვალიძე, მაგრამ არავინ არ დავინდეთ“.

სკანდალის მიზეზად ქცეული "ზეტორის" მარკის ტრაქტორები
სკანდალის მიზეზად ქცეული "ზეტორის" მარკის ტრაქტორები
ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი მინისტრი დავით კირვალიძე, როგორც თავადვე განმარტავდა, თანამდებობიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის კარნახით გადადგა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები და შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლები, სულ 8 ადამიანი, 2013 წლის 1 მაისს დააკავეს. დაკავებულებს სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოცხადებული ტენდერის დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივ გულგრილობასა და ექსპერტებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

პროკურატურის მიერ სასამართლოდან ეგრეთ წოდებული „ტრაქტორების საქმის“ გამოთხოვით კმაყოფილია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც - კმაყოფილია, რომ დავით კირვალიძე და მისი გუნდი კანონის წინაშე გამართლდნენ:

მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს მინისტრთა კაბინეტს ბატონი დავითის დაბრუნება. მით უმეტეს, რომ დღევანდელი სამინისტრო ვერ არის ისეთი აქტიური, როგორიც უნდა იყოს, და გადაწყვეტილებებშიც ვერ არის ეფექტური...
ირაკლი ლექვინაძე
„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეგრეთ წოდებული „ტრაქტორების საქმეზე“, რომლის შესახებაც მე პირველივე დღესვე ვთქვი, რომ მჯეროდა, რომ კირვალიძე და მისი გუნდი მართალი იყო კანონის წინაშე, მოხარული ვარ, რომ ეს უკვე სასამართლოს დონეზე დამტკიცდა“.

კიდევ ერთი მინისტრი, ვინც ამ დღეებში გამოეხმაურა დავით კირვალიძის ძველ თანამდებობაზე დაბრუნების საკითხს, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი შალვა ფიფიაა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მოხარული იქნებოდა დავით კირვალიძის თანამდებობაზე დაბრუნებით, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, ერთი მხრივ, იგეგმება თუ არა ეს საკადრო ცვლილება, მეორე მხრივ კი, აქვს თუ არა ამის სურვილი თავად დავით კირვალიძეს. მთავრობის კულუარულ გეგმებს არც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე იცნობს, თუმცა ფიქრობს, რომ დავით კირვალიძე გადადგომამდე ერთ-ერთი ყველაზე კარგი მინისტრი იყო:

“მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს მინისტრთა კაბინეტს ბატონი დავითის დაბრუნება. მით უმეტეს, რომ დღევანდელი სამინისტრო ვერ არის ისეთი აქტიური, როგორიც უნდა იყოს, და გადაწყვეტილებებშიც ვერ არის ეფექტური“.

ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ დავით კირვალიძეს სოფლის განვითარების უფრო გლობალური ხედვა აქვს და სამინისტროს ხელმძღვანელად მისი დაბრუნება ამ მხრივ მხოლოდ პოზიტიურად წაადგება საქმეს. ამ შეფასებას არ იზიარებს დეპუტატი დავით დარჩიაშვილი:

“მე არა მგონია, რომ ამ მთავრობას მკაფიო ხედვა ჰქონდეს ან სოფლის მეურნეობაზე, ან, საერთოდ, ეკონომიკაზე. ამ ხედვის განმსაზღვრელი თვითონ მინისტრი კი არ იქნება, იქნება მთავრობა, მთლიანობაში, თავისი ხელმძღვანელისა და მისი მრჩევლის დონეზე და მათი ხედვებია მთავარი და არა კონკრეტული, ვთქვათ, სააგენტოს ხელმძღვანელის“.

თავად დავით კირვალიძე კი სოფლის მეურნეობის მინისტრად მისი შესაძლო დაბრუნების საკითხს საჯაროდ არ გამოხმაურებია.
XS
SM
MD
LG