Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ტყვიავში მომხდარი ინციდენტის გამოძიება


ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო. ოქრუაშვილსა და მის თანასოფლელებს შორის ინციდენტი კვირას მოხდა, საზოგადოებისთვის კი მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და, ამავე დროს, ტყვიავის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ გიგუაშვილმა დუმილი დაარღვია და ჟურნალისტებს ტყვიავში მომხდარი ინციდენტის შესახებ უამბო. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი დაცვის წევრებთან ერთად ტყვიავში მცხოვრებ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, პავლე და ვასილ ქარელებს, მანქანით დაედევნა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, მოგვიანებით კი დაეწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თემურ გიგუაშვილი აცხადებს, რომ საკუთარი თვალით ნახა დაზარალებულების დაცხრილული მანქანა, რომელსაც სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, თვითონ დაზარალებულები კი ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან.

ტყვიავშიც და გორშიც განხილვის მთავარი თემა ახლა ოქრუაშვილის მიერ თანასოფლელების ცემის ფაქტია. ტყვიაველები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. ოქრუაშვილმა საკუთარ სოფელში ეს არჩევნები წააგო. როგორც ცნობილი ხდება, მისი ყოფილი მეგობრის, ამჟამად დაპირისპირებული შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის სანათესაომ კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავა. პავლე და ვასილ ქარელები მიხეილ ქარელის ნათესავები არიან და ისინიც აქტიურად მონაწილეობდნენ ოქრუაშვილის დამარცხებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ყოფილ მეგობრებთან, მიხეილ ქარელსა და იოსებ ჩიხლაძესთან, დიდი ხანია დაპირისპირებულია, მათ ნათესავებს და ოჯახის წევრებს მუდმივად ემუქრება. ამის შესახებ იოსებ ჩიხლაძის დედა ეკატერინე ჩიხლაძეც ლაპარაკობს და ირაკლი ოქრუაშვილს სახლის დაწვაში ადანაშაულებს. მისი აზრით, მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცავებმა რეაგირება სწრაფად უნდა მოახდინონ.

ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირება შეუძლებელია. იგი აღარც ტყვიავში გამოჩენილა და აღარც გორში. მისი თანაპარტიელი, გორის საკრებულოს წევრი რამაზ იოსელიანი აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი დიდი ხანია არ უნახავს და აღნიშნული ინციდენტის შესახებ მანაც ჟურნალისტებისგან შეიტყო.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, დაზარალებულები პოლიციაში უკვე დაიკითხნენ. საქმეც აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივ ტელეკომპანიასთან საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ ნარჩემაშვილმა დაადასტურა, რომ საქმე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით არის აღძრული.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საფრანგეთში მყოფმა შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა ქართული მედიით სატელეფონო შეტყობინებები გამოაქვეყნა და ირაკლი ოქრუაშვილი მისი ოჯახის წევრების მიმართ ლიკვიდაციის მუქარაში დაადანაშაულა. მსგავსი განცხადება იოსებ ჩიხლაძის ოჯახის წევრებმაც გააკეთეს. ქარელი და ჩიხლაძე ოქრუაშვილის მინისტრობის დროს მისი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მოგვიანებით მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ადგილობრივი არჩევნების დროს ქარელისა და ჩიხლაძის სანათესაომ ტყვიავში ოქრუაშვილის წინააღმდეგ იმუშავა, რამაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG