Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

თელავი, როგორც თვითმმართველი ქალაქი, მუშაობას შეუდგა


თელავი
თელავი

თელავი კახეთში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიიღო. თელავი ორ ნაწილად გაიყო. დაკომპლექტებულია ახლად არჩეული საკრებულო და თანამშრომელთა შერჩევის პროცესშია ქალაქის მერია. რა მოლოდინია საზოგადოებაში?

უკვე რამდენიმე დღეა, თელავს ახალი თვითმმართველობა ჰყავს. თელავის მუნიციპალიტეტი ახლა უკვე ორად გაიყო: არსებობს თვითმმართველი ქალაქი თელავი, რომელსაც არჩეული მერი ჰყავს, და თვითმმართველი თემი თელავი. თელავში არჩევნების განმეორებითი ტურის ჩატარება გახდა საჭირო, რადგან პირველივე ტურში გამარჯვება ვერც გამგებლობის კანდიდატებმა მოიპოვეს და ვერც მერობის.

თვითმმართველი ქალაქ თელავის საკრებულომ პირველი სხდომაც გამართა. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე აირჩიეს. თხლაშიძე „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენელია. იგი თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ცოლისძმაა. ამბობს, რომ შეეცდება მოსახლეობის იმედები გაამართლოს:

„ვეცდები, რომ ყველას ნდობა გავამართლო და ჩემი მოღვაწეობა იყოს ნაყოფიერი“.

შეიძლება ითქვა, რომ თვითმმართველი ქალაქ თელავის საკრებულო უკვე დაკომპლექტებულია. დანიშნეს კომისიის თავმჯდომარეები და შეიქმნა ფრაქციები. დაკომპლექტების პროცესშია თელავის მერია, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 75-მდე ადამიანი იმუშავებს. პირველი საკითხი, რომელსაც თვითმმართველი ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე მუშაობის დაწყებისას შეეხო, არის საშტატო ნუსხა და პრემიების საკითხი:

„მოგეხსენებათ, პრემიებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა მიიღებს დადგენილებას, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველამ. შესაბამისად, ჩვენც მთავრობის დადგენილების მოლოდინში ვართ“.

მიმდინარე წლის ივნისში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებზე თელავის მოსახლეობამ, საკრებულოს წევრებთან ერთად, მერი და გამგებელი აირჩია. რას ელის საზოგადოება? - ამ შეკითხვით თელაველებს მივმართეთ:

„მე მჯერა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ. მე ამის სურვილი მაქვს“.

„არავინ არაფრის ღირსი არ არის. არც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ხალხისთვის რამეს და არც „ოცნება“ აკეთებს“.

„დიდი მოლოდინები კარგისა არ მაქვს“.

შუა საუკუნეებში საქართველოს, მართალია, მეფე-მთავრები და მათი მოხელეები განაგებდნენ, მაგრამ ქალაქებსა და სოფლებს თვითმმართველობის გარკვეული უფლება მაინც ჰქონდათ. XIX საუკუნის დამდეგს, საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ, ქართველ მეფე-მთავართა ხელისუფლება გაუქმდა, მოსახლეობას კი ადგილობრივ საქმეთა თვითმართვის უფლება ჩამოერთვა. XIX საუკუნის შუა წლებში (1846 წლის დეკემბერი) საქართველო ორ გუბერნიად დაიყო - დასავლეთ საქართველოში ქუთაისის, აღმოსავლეთში კი თბილისის გუბერნია ჩამოყალიბდა. თბილისის დაქვემდებარებაში იყო თელავის მაზრა. ისტორიული წყაროების მიხედვით, იმ პერიოდის კახეთი 4 მაზრად იყოფოდა: სიღნაღის, თელავის, თიანეთისა და ზაქათალის მაზრებად. წელს საქართველოში მმართველობის ძველი სისტემა ახლით კიდევ ერთხელ შეიცვალა. საქართველოში 12 თვითმმართველი ქალაქი ჩამოყალიბდა, რომელთა შორის თელავიცაა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG