Recondite ტექნოს გერმანელი შემსრულებელია, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ პოპულარობას მიაღწია ამ მუსიკის მოყვარულებს შორის. მას აფასებენ იმიტომაც, რომ მის კომპოზიციებზე კლუბშიც იცეკვებ, მაგრამ ისედაც კარგად ისმინება. მისი მონაწილეობით ჩატარებულ საღამოებზე რიგები დგას ბერლინშიც, ლონდონშიც და ტელ-ავივშიც. გასულ შაბათს ასეთი რიგი იდგა თბილისშიც კლუბ Bassiani-ს წინ. Recondite-ს ნიკო ნერგაძე გაესაუბრა მის შემოქმედებაზე, დიჯეის ხელობასა და საკლუბო ცხოვრებაზე.
რადიო თავისუფლება: რაც თქვენზე წამიკითახვს, იქიდან არ ტოვებთ შთაბეჭდილებას ადამიანისა, რომელიც ხშირად ივლიდა კლუბებში. თავისუფალ დროს ტყეში მიდიხართ, ინარჩუნებთ კავშირს თქვენს სოფელთან… ინტერვიუებში ტოვებთ ხოლმე შთაბეჭდილებას უფრო ინტროსპექტიული ადამიანისა, რომელსაც დროის გატარება მარტოს ურჩევნია, ხეების კამპანიაში, ვიდრე ქალაქში, ბევრ ხალხთან ერთად. სწორი შთაბეჭდილებაა ეს?
Recondite: მართალი ხართ, სწორი შთაბეჭდილებაა. ადრე დავდიოდი ხოლმე კლუბებში, ვიდრე თავად არ დავიწყებდი აქ მუშაობას, მაგრამ დავდიოდი უფრო დასაკვირვებლად. მინდოდა მუსიკისათვის მომესმინა - მაინტერესებდა, როგორ ისმინებოდა ის კლუბში, სადაც სათანადო, დიდი ხმის სისტემები დგას, საკმარისი ბასით და მაღალი ხმით. ასევე მაინტერესებდა, თუ როგორ იქცეოდნენ სცენაზე გარკვეული შემსრულებლები, რომლებიც მე მომწონდა. ამას გარდა, ხალხსაც ვაკვირდებოდი - რაზე ჰქონდათ რეაქცია. ზოგადად, მაინტერესებდა, რა ვითარებაა კლუბებში. თუმცა, არასდროს მიგრძვნია თავი რაიმე კლუბური, გასართობი სცენის ნაწილად.
რადიო თავისუფლება: თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იშვიათად სვამს, არასოდეს ეკარება ნარკოტიკებს. ამავე დროს, როდესაც სცენაზე ხართ, იცით, რომ იქ მისული ხალხის უმეტესობას ან ნარკოტიკი აქვს მიღებული, ან მთვრალია - ყოველ შემთხვევაში, ფხიზელი არ არის.
თუ ტრეკს რაღაც მელოდია არ ახლავს, დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ასე მგონია ხოლმე, რომ რაღაც აკლია. მელოდია ჩემთვის საუკეთესო ინსტრუმენტია ემოციის გამოსახატავად და ის თავისთავად მომდის ხოლმე...Recondite
Recondite: არა, ვსვამ ხოლმე, მაგრამ თითქმის არასოდეს ვსვამ ბევრს. როდესაც ვმუშაობ, ჩემი საყვარელი სასმელი მიდგას ხოლმე გვერდით - როგორც წესი, არაყი და წყალი და მაგას ვსვამ ღამის განმავლობაში. თუმცა იმდენს არ ვსვამ, რომ ძალიან დავთვრე. ნარკოტიკებს არ ვეკარები და ეს მართლაც არის ხოლმე განსხვავება ჩემსა და კლუბში მისულებს შორის. ეს ხანდახან პრობლემებსაც ქმნის: თუ კლუბი ძალიანაა გაჯერებული ნარკოტიკებით, მაშინ ხშირად ჩვენ ერთმანეთის აღარ გვესმის ხოლმე. მათ ამ დროს უფრო აგრესიული მუსიკა უნდებათ. სხვა მხრივ, რა ვიცი, ყველას თავისი არჩევანი აქვს. არაერთხელ მსმენია, რომ ნარკოტიკებზე ელექტრონული მუსიკა განსაკუთრებულად მოქმედებს. ასე რომ, თუ ზომას დაიცავს ადამიანი და იცის, რა რისკებზე მიდის როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ისე ლეგალური კუთხით, მაშინ მე რა უნდა ვუთხრა?!
რადიო თავისუფლება: თქვენი მუსიკის დიდი ნაწილი - და, არ ვიცი, კლუბში მოსიარულე ადამიანი ამას შეიძლება სხვანაირად აღიქვამდეს, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ - უფრო შესაფერისი იქნებოდა არა საკლუბო ვითრებაში, არამედ, მატარებლით მგზავრობისას ან როდესაც ავტობუსით სახლში მიდიხარ და ფანჯარაში იყურები. ანუ უფრო სახასიათო მუსიკაა, ვიდრე კლუბში ასაწყვეტი.
Recondite: კი, რა თქმა უნდა. ნამდვილად ეგრეა. მე მგონი, ეგ ჩემი შემოქმედების კიდევ უფრო დიდი ნაწილია, რომელმაც შეიძლება კლუბში გაამართლოს, მაგრამ შეიძლება არც გაამართლოს, რადგან თავიდანვე არ ყოფილა ჩაფიქრებული საკლუბო ტრეკებად. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ზოგიერთ ჩემს ნამუშევარს მეტი ენერგია აქვს, რადგან შემოქმედების პროცესში ეგრე ვგრძნობდი თავს და შემდეგ ამას კლუბშიც გამოვიყენებ, მაგრამ ვცდილობ ხოლმე, რომ ძალიან კლუბურად არ დავამუშავო.
რადიო თავისუფლება: ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ბავშვობაში თქვენზე დიდი გავლენა იქონია „კრაფტვერკის“ მუსიკამ, რომელიც პირველად დეიდამ მოგასმენინათ. კიდევ რა მუსიკამ იქონია თქვენზე გავლენა?
Recondite: ბევრს ვუსმენდი როკს. თავიდან მეტალსაც. ჩემი ოჯახის გავლენა იყო - ისინი უსმენდნენ „ელის ინ ჩეინზს“, „ლედ ზეპელინს“, „მეტალიკას“... ასევე, ალტერნატიულ როკს და გრანჯს და ასე შემდეგ. ჩემით რომ დავიწყე მუსიკის სმენა, პირველი აღმოჩენა ჰიპ-ჰოპი იყო. „ვუ ტანგ კლანს“ ვუსმენდი, ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპს - დოქტორ დრეს და ტუპაკს. თუმცა ახლა მაინცდამაინც აღარ ვუსმენ. მე მგონი, ვოკალშია საქმე, მე უფრო ბიტსა და ბასზე ფოკუსირება მომინდა.
რადიო თავისუფლება: თქვენი მუსიკა უფრო მელოდიურია, ვიდრე ტექნოს შემსრულებლებს ახასიათებთ. როგორც წესი, უფრო დიდი ყურადღება ხმის ფაქტურას ეთმობა ხოლმე და ვიცი, რომ თქვენც დიდ ყურადღებას უთმობთ ამას და თავად წერთ ხოლმე სემპლებს ბუნებაში, მაგრამ აქცენტს მაინც მელოდიაზე აკეთებთ. ეთანმხმებით ამას?
Recondite: კი, რა თქმა უნდა. თუ ტრეკს რაღაც მელოდია არ ახლავს, დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ასე მგონია ხოლმე, რომ რაღაც აკლია. მელოდია ჩემთვის საუკეთესო ინსტრუმენტია ემოციის გამოსახატავად და ის თავისთავად მომდის ხოლმე. თავიდან არასოდეს მაქვს დაგეგმილი რამე კონკრეტული ხასიათის გადმოცემა ან რამე კონკრეტული მელოდიის შექმნა. დავიწყებ ხოლმე ტრეკის შექმნას და მერე თავისთავად მოდის რამე მელოდია.
რადიო თავისუფლება: რამხელა განსხვავებაა მუსიკის შექმნასა და ხალხის წინაშე შესრულებას შორის? ეს თითქოს ორი სხვადასხვა საქმეა, რითიც ხართ დაკავებული, არა?
Recondite: კი, ორი განსხვავებული საქმეა. ერთს სახლში ვაკეთებ, მეორეს სცენაზე. მაგრამ ამწუთას ამ ორის შერწყმას ვახერხებ. ახლა სხვანაირად არც შემიძლია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მუსიკის წერაში ვარ. გზაში როცა ვარ, მაგალითად, ლეპტოპი და ყურსაცვამები თანა მაქვს და ვწერ. როდესაც სცენაზე ვარ, ჩემს სეტს ტექნიკური თვალსაზრისით მარტივად ვასრულებ. ამას შეგნებულად ვაკეთებ, რადგან ეს საშუალებას მაძლევს ადვილად ჩავრთო ის მასალა, რაზეც ახლა ვმუშაობ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ისე გამოვიდა, რომ საშუალოდ კვირაში თითო ახალ ტრეკს ვწერ და შემდეგ მაშინვე მინდა ხოლმე, რომ ეს ახალი ტრეკი სეტში ჩავრთო.
რადიო თავისუფლება: „ვიკიპედიის“ გვერდზე თქვენს შესახებ წერია, რომ გამოირჩევით იმით, რომ სეტს არგებთ იმ ადგილს, სადაც უკრავთ და იმ ხალხს, რომელიც მოვიდა თქვენს მოსასმენად. კი მაგრამ, ყველა დიჯეი ამას არ აკეთებს? რითი ხართ თქვენ განსხვავებული?
Recondite: კი, ყველა დიჯეი ამას აკეთებს, მაგრამ, ამავე დროს, მათ აქვთ მეტი თავისუფლება, აირჩიონ რაც უნდათ - ისინი მარტო საკუთარ ტრეკებს ხომ არ უკრავენ! ჰოდა, რადგან ისინი სხვების ტრეკებიდან ირჩევენ, შეუძლიათ, მაგალითად, შეარჩიონ უფრო მძიმე ტექნოტრეკი, თუ დახურული, ბნელი ადგილია ან, თუ საზაფხულო ფესტივალია ღია ცის ქვეშ, უფრო მელოდიური ტრეკი აარჩიონ. სულ სხვაა, როდესაც ხარ ტექნოს წარმატებული ცოცხლად შემსრულებელი. ამ დროს, თუ გაქვს რამდენიმე პოპულარული ტრეკი, რომელიც ყველა ერთი ხასიათისაა, - შეიძლება ზუსტად ერთნაირი არა, მაგრამ მსგავსი, - მაშინ არჩევანიც გიპატარავდება. მე ბევრი ტრეკი მაქვს გაკეთებული და ჩემი ემოციების გადმოცემას სხვადასხვაგვარი ფორმით ვცდილობ - ზოგი უფრო ენერგიულია, ზოგი უფრო თავშეკავებული, ზოგი უფრო მელოდიური, ზოგი უფრო აგრესიული, ზოგი უფრო მხიარული, მაგრამ ამათ საერთოც აქვთ: შეიძლება ერთი ნოტი იყოს ან რამე, რაც ამ ტრეკებს ჩემს ხელწერასთან აახლოებს. ამიტომ ეს შესაძლებლობას მაძლევს უფრო მოქნილი ვიყო. მე მგონი, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ, როგორც დასაწყისში თქვით, ბოლო ხანებში უფრო პოპულარული გავხდი ელექტრონული მუსიკის სცენაზე.
რადიო თავისუფლება: ახლა ძალიან დაღლილი ჩანხართ. როგორ გაუძლებთ ღამით სცენაზე დგომას?
Recondite: ეგეც სამუშაოს ნაწილია. რა თქმა უნდა, სცენაზე არ დამეძინება.