21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში საერთაშორისო თუ ადგილობრივი ათეული ორგანიზაციის ათასობით წარმომადგენელი დააკვირდება. მათ შორის არის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), რომლის შეფასებასაც გადამწყვეტ როლს ანიჭებს საერთაშორისო თანამეგობრობა. პროცესში უკვე ჩართული არიან გრძელვადიანი მეთვალყურეები, ხოლო მოკლევადიანი მეთვალყურეები უშუალოდ არჩევნების დღეს დააკვირდებიან. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელთა მხრიდან გამოვლენილ საგანგებო ინტერესზე ლაპარაკობენ. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, რეაგირების საშუალება ექნება ნებისმიერ ამომრჩეველს. 21 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 4 წლის ვადით აირჩევენ 64 საკრებულოს დეპუტატებს და ასევე 59 თვითმმართველი თემისა და 5 თვითმმართველი ქალაქის მერებს.
დამკვირვებელთა რაოდენობა არჩევნებზე
ცესკოს მიერ წარმოებული რეგისტრაციის თანახმად, არჩევნებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის 5 ათასზე მეტი წარმომადგენელი დააკვირდება:
- ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი – 303
- ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი - 28
- საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი – 21
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – 1265
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 321
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - 88
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოებული რეგისტრაციის თანახმად, 21 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციიის 5 ათასზე მეტი წარმომადგენელი დააკვირდება. ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ლაპარაკობს საგანგებო ინტერესზე, რომელიც უჩვეულოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის:
„როგორც წესი, ნაკლები არის ხოლმე ამ ტიპის არჩევნებზე დაკვირვების სურვილი სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან. მიუხედავად ამისა, ჩანს, ამ არჩევნების მიმართ ინტერესი დიდია საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის... ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა 30 საერთაშორისო ორგანიზაცია და ასევე რეგისტრირებულია სულ 71 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია“.
ცესკოში დარეგისტრირებულ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის არის „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR)“. ორგანიზაცია, რომლის შეფასებასაც, როგორც ყველაზე სარწმუნოს, ყოველთვის საგანგებო ინტერესით ელოდება საერთაშორისო თანამეგობრობა, 21 ოქტომბრის არჩევნებზე 303-კაციანი მისიით იქნება წარმოდგენილი. აქ იგულისხმებიან როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლები. გავიხსენოთ, რომ ეუთოს მისია არ აკვირდებოდა საქართველოში 2014 წელს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
21 ოქტომბრის არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია ასევე “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)” - 28 დამკვირვებლით, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)” - 21 დამკვირვებლით. დარეგისტრირებულთა სიაში ვხვდებით ასევე სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებსა და სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო კომისიებს.
რაც შეეხება დარეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელთა სიას, არჩევნებზე, ტრადიციულად, ყველაზე დიდი კონტინგენტით იქნება წარმოდგენილი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“. მის სათვალავზე 1265 დამკვირვებელი მოდის. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დაკვირვების არეალი მთელ საქართველოს მოიცავს:
„21 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე გადანაწილებული იქნება 1100-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი. ასევე დამკვირვებლების მეშვეობით ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში და დაახლოებით 75 მობილური ჯგუფი იმოძრავებს სხვადასხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე და იმ უბნებს დაფარავს, სადაც ჩვენ შეიძლება დამკვირვებელი არ გვყავდეს... უკვე არაერთი წელია, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით ვაკვირდებით არჩევნებს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი ყველა ეტაპზე“.
მიხეილ ბენიძის განმარტებით, არჩევნების დღეს დარღვევების გამოვლენის პროცესში საგანგებო როლის შესრულება შეუძლია საზოგადოების სიფხიზლეს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დარღვევის ფაქტს შენიშნავს, შეუძლია, მაგალითად, ტექსტური შეტყობინება გაგზავნოს „სამართლიანი არჩევნების“ sms-ნომერზე - 900 39. არსებობს კიდევ არაერთი გზა, რომ საზოგადოებამ ხმა მიაწვდინოს არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ცესკოს მონაცემების თანახმად, 21 ოქტომბრის არჩევნებზე 88-კაციანი სადამკვირვებლო მისიით იქნება წარმოდგენილი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებს 321-კაციანი შემადგენლობით დააკვირდება. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სადამკვირვებლო მისია თბილისს არ გასცდება:
„200 სტატიკური დამკვირვებელი გვეყოლება, რომლებიც უბანზე იქნებიან განლაგებულები მთელი დღის განმავლობაში და ასევე გვეყოლება 16 მობილური ჯგუფი, რომლებიც ივლიან სხვადასხვა უბანზე მთელი დღის განმავლობაში... გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო მისიებს შორის. ინფორმირებულები ვართ ერთმანეთის შესახებ - ვინ რას ფარავს და, რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდა, ერთმანეთს შევეშველებით და ვითანამშრომლებთ არჩევნების დღეს“.
წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, გრძელვადიან დამკვირვებელთა მიერ განხორციელებულ მონიტორინგზე დაყრდნობით, ბოლო თვეებში არაერთი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნეს. აღინიშნებოდა, რომ გარემო ძირითადად არაძალადობრივი და შედარებით მშვიდია, მაგრამ სავარაუდო დარღვევები მაინც აღირიცხა. 18 ოქტომბერს კი ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, წინასაარჩევნო გარემოს პრობლემებს შორის დაასახელა, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსისა და საჯარო მოხელეთა მიერ აგიტაციისთვის სოციალური ქსელების გამოყენება.