თბილისის მერიამ დაიწყო პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, დაგეგმილია მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, მათ შორის საკანალიზაციო, სანიაღვრე და წყალმომარაგების მილების შეცვლა. როგორც ირკვევა, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას საჭიროებს დედაქალაქის სხვა რაიონებიც. სპეციალისტთა განმარტებით, საკმაოდ რთული მდგომარეობაა, მიწისქვეშა წყლების ფარული ჟონვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მოსაწესრიგებელია და თანამედროვე სტანდარტებსაა მოსარგები დედაქალაქის სანიაღვრე ქსელი. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებისას მიწისქვეშა კომუნიკაციების მდგომარეობის გათვალისწინება. ჩვენი კოლეგა ნინო თარხნიშვილი ესაუბრა ამ და სხვა საკითხებზე გურამ სოსელიას, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.