Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიის შესყიდვები


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თბილისის მერიის ახალი ადმინისტრაციის შესყიდვების ტენდენციათა შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ თბილისის მერია სახელმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია და, ამასთან, ამ უწყების მიერ განხორციელებული შესყიდვები საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა.

კვლევის საგანი 2014 წლის აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული შესყიდვები გახდა. კვლევის თანახმად, ტენდერების რაოდენობამ იმატა და აღნიშნულ პერიოდში მერიამ სულ 226 ტენდერი გამოაცხადა, აქედან 53 შემთხვევაში ტენდერი არ შედგა, 14 ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, 12 ტენდერი კიშეწყდა. მნიშვნელოვნად იმატა იმ ტენდერების რაოდენობამ, რომელთა პირობაც ტენდერის ღირებულების ნაწილის ავანსად (წინასწარ) გაცემას ითვალისწინებს. უჩვეულოდ მაღალია ავანსების ოდენობაც, რომელიც ზოგ შემთხვევაში ტენდერის ღირებულების 70%, 95% და 100%-საც კი აღწევს. კერძოდ, 11 შემთხვევაში ტენდერის პირობები მომსახურების საერთო ღირებულების 100%-ის ავანსად გაცემას ითვალისწინებდა, 15 შემთხვევაში - 95%-ის, 5 შემთხვევაში - 70%-ის, 36 შემთხვევაში კი ავანსის სახით თანხის გაცემატენდერის ღირებულების არა უმეტეს 50%-ით იყო განსაზღვრული.

შედარებისთვის: 2013 წელს ხელშეკრულება სულ 5 000 ლარზე მეტი ღირებულების 487 ტენდერზე დაიდო. აქედან, თანხის წინასწარ გაცემა 4 შემთხვევაში 15%-ის ფარგლებში იყო დაშვებული, 32 შემთხვევაში - 20%-ის ფარგლებში, 8 შემთხვევაში - 30%-ის ფარგლებში, 2 შემთხვევაში - 40%-ის, 7 შემთხვევაში - 50%-ის, 4 შემთხვევაში კი - 70%-ის ფარგლებში. მიმდინარე წელს ტენდერების უმრავლესობა, რომლებზეც 50%-ის ან მეტი ოდენობის თანხის ავანსად გაცემა იყო შესაძლებელი, ხეების დარგვის, გზის შეკეთების, გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის სამუშაოებისა და საინჟინრო-საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარდა.

თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ავანსის გაცემის პრაქტიკის ფართოდ გამოყენების სურვილი მომწოდებლებისგან მოდიოდა, რადგან ბევრ მათგანს მერიის მიერ მოთხოვნილი მომსახურების გასაწევად საჭირო რესურსი არ ჰქონდა. მათივე განცხადებით, ავანსის გაცემით თბილისის მერია არაფერს კარგავს, რადგან წინასწარი გადახდის წინაპირობა საბანკო გარანტიაა და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი თბილისის მერიას თანხას პირველივე მოთხოვნისთანავე უკან უბრუნებს.

ცხადია, ავანსის გადახდას შესყიდვების შესახებ კანონი ითვალისწინებს და საბანკო გარანტია იძლევა საშუალებას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მერიას მოთხოვნისთანავე თანხა უკან დაუბრუნდეს, თუმცა გაუგებარია, რატომ გაფორმდა კონტრაქტები იმ კომპანიებთან, რომელთაც სამუშაოების განხორციელების მცირე რესურსიც კი არ გააჩნიათ.

ჩატარებული 67 ტენდერიდან, რომლებიც ავანსის სახით თანხის გაცემას ტენდერის ღირებულების 50%-ით ან მეტი ოდენობით ითვალისწინებდა, 10 შემთხვევაში გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომლებიც 2012 წლის შემდეგ შეიქმნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის შემთხვევები, სადაც ტენდერის გამოცხადების შემდეგ ან წინადადებების მიღების ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე დაარსებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ავანსების გადახდით კანონის დარღვევას არ ჰქონია ადგილი, მერიის არგუმენტაცია შესყიდვების განხორციელებისას ავანსების გაცემის ახალი პრაქტიკის გასამართლებლად არადამაკმაყოფილებელია. ეს პრაქტიკა კითხვებს ბადებს სახელმწიფო სახსრების სწორად განკარგვისა და მერიის სამსახურის მიერ ხარისხიანი მომსახურების მიღების მიზნით მართებული ქმედებების დაგეგმარებასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG