ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური დელეგაცია ათენში იმყოფება, საიდანაც 26 მაისს საქართველოში ოლიმპიური თამაშების მთავარ სიმბოლოს, ცეცხლს, ჩამოიტანენ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მტკიცებით, დედაქალაქი ახალგაზრდულ ფესტივალს მომზადებული ხვდება. მათი განცხადებით, მოგვარებულია როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურული საკითხები, თუ არ ჩავთვლით უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე ხელბურთის დარბაზის მშენებლობას, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
სანამ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური დელეგაცია ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად ათენში იმყოფება, თბილისში ოლიმპიური ფესტივალისათვის მზადება დასკვნით ეტაპს უახლოვდება. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსა და მასში მონაწილე 49 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე 38 000-მდე სპორტსმენს სრულ მზადყოფნაში დახვდება, როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. რაც შეეხება სპორტის სახეობებს, ახალგაზრდები ერთმანეთს სპორტის ცხრა სახეობაში შეეჯიბრებიან. ესენია: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი და კალათბურთი.
როგორც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში განმარტავენ, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების გამოცდილებისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ფესტივალის თბილისში გამართვა აღსანიშნავია იმ თვალსაზრისითაც, რომ სპეციალურად ამ თამაშებისათვის საქართველოში აშენდა რამდენიმე ახალი ბაზა, რომელიც სპორტული სახეობების განვითარებას შეუწყობს ხელს და მომავალში არაერთ სერიოზულ ტურნირს უმასპინძლებს. სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში. ტანვარჯიშის კომპლექსი, ფრენბურთის ახალი სტადიონი, მძლეოსნობის კომპლექსი, ახალი საცურაო აუზი, ხელბურთის ახალი სტადიონი - ეს ის ბაზებია, რომლებიც „თბილისი 2015“-ისთვის აშენდა და ჯერ კიდევ შენდება:
„ამ ფესტივალის მასპინძლობით ერთი დიდი საქმე გაკეთდა სხვა საქმეებთან ერთად - საქართველოს დედაქალაქს, თბილისს, ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი სპორტული ბაზები“.
გარდა ამისა, სპეციალურად ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისათვის ჩინური კომპანია "ჰოალინგ ჯგუფის" ინვესტიციით აშენდა ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ერთგვარ აქილევსის ქუსლად იქცა უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე ხელბურთის კომპლექსი, რომლის მშენებლობაზე პასუხისმგებლობაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკისრებოდა. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მიმდინარე მშენებლობა არაერთხელ იქცა კრიტიკის საგნად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის მისამართით. ეს არის ის ერთადერთი კომპლექსი, ცხრა სპორტული კომპლექსიდან, რომელიც დღესაც მშენებლობის პროცესშია. სწორედ ამიტომ, „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხელბურთის მატჩები, ნაცვლად ახალი დარბაზებისა, სპორტის სასახლეში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხელბურთის კომპლექსის - ისევე როგორც ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე საცურაო აუზის - მშენებლობა, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, დაევალა „სპორტმშენსერვისს“, სახელმწიფოს 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, მშენებლობის სამუშაოებს კი ასრულებს კომპანია „ელექტრომონტაჟსერვისი“. როგორც „სპორტმშენსერვისის“ დირექტორი ლევან ტარყაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, ხელბურთის დარბაზის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება და, სწორედ ამიტომ, მისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა მატჩების სპორტის სასახლეში გამართვის გადაწყვეტილება.
„სპორტული კომპლექსი ოლიმპიური სპორტული თამაშებისთვის იქნება მზად უფრო ადრეც, 25 დღით ადრე და შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ეგ უკვე ჩემი საქმე აღარ არის. გრაფიკის მიხედვით, ხუთი დღით წინ არის სამშენებლო კომპანია. 90 % სამუშაოებისა უკვე შესრულებულია. საიდან მოიტანეს ეს მოესწრება-არ მოესწრება, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ რაც დაგვავალა მთავრობამ, იმას გავაკეთებთ და იმას დავასრულებთ და თუკი ამაზე უკეთესი შენობა იქნება სადმე საქართველოში, კი ბატონო, ჩაატარონ იქ“, - ამბობს ლევან ტარყაშვილი.
კიდევ ერთი დეტალი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებლად მოუწევთ ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზატორებს, ქალაქის მერიასა და შსს-ს, ეს შეჯიბრებებთან დაკავშირებით შექმნილი ერთგვარი პრობლემაა, რომელმაც ათი დღის წინ იჩინა თავი: 16 მაისს, აღმაშენებლის ხეივანში ველორბოლის სატესტო გარბენისას, რამდენიმეკილომეტრიანი და რამდენიმესაათიანი ხერგილი წარმოიქმნა. როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ მამულაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ოლიმპიური ფესტივალის მსვლელობისას მსგავსი ტიპის პრობლემები აღარ შეიქმნება:
„ასეთი გადაკეტვები ნაკლებად იგეგმება, რადგან სპეციალური მარშრუტებია დაწესებული და მოძრავი შემადგენლობა, რომელიც მოემსახურება სპორტსმენებს. ოლიმპიური სოფლიდან ტურნირის ჩატარების ადგილებამდე სპეციალური მარშრუტებით ივლიან. ამიტომ ჩვენ დამატებითი გადაკეტვები არ დაგვჭირდება“, - ირწმუნება მერაბ მამულაშვილი.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სტარტს 26 ივლისს აიღებს და პირველ აგვისტომდე გასტანს. მანამდე კი, 26 მაისს, ათენში, "პანათენაიკოსის" სტადიონზე, ოლიმპიური ცეცხლის ანთებისა და ქართული დელეგაციისათვის ცეცხლის გადმოცემის ცერემონია გაიმართება. ოლიმპიური თამაშების მთავარ სიმბოლოს ამავე დღეს, საღამოს 8 საათზე, ბათუმის აეროპორტში ჩაიტანენ. ამის შემდეგ კი დაიწყება ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა საქართველოს გარშემო. „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ესტაფეტაში 700, მათ შორის, 40 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, „თბილისი 2015“-ის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის სულ 125 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.