Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა მიქელაძე: „პოლიციამ მომხდარში უნდა ეძებოს რასისტული სიძულვილის მოტივი“


თავდასხმა შავკანიან სტუდენტებზე
თავდასხმა შავკანიან სტუდენტებზე

„8 აპრილს, დიღომში მომხდარი დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და ფეხბურთის სტადიონზე მოთამაშე შავკანიანი ახალგაზრდების ჯგუფს შორის იმიტომ გამწვავდა, რომ ისინი შავკანიანები არიან“, - ფიქრობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის აცხადებს, რომ საჭიროა შსს-მ მომხდარს უპასუხოს არა როგორს რუტინულ დანაშაულს, არამედ მასში ამოიკითხოს შესაძლო რასისტული სიძულვილის მოტივი და დასაჯოს დამნაშავეები:

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

„ის, რომ შავკანიანი ახალგაზრდების მიმართ რასისტულ მიმართვებს იყენებდნენ, ამას დაპირისპირების მონაწილე ნიგერიელი სტუდენტებიც ადასტურებენ. ვიდეოში კი ყველამ ვიხილეთ მათ მიმართ ძალადობა. რაც უნდა ყოფილიყო დაპირისპირების მიზეზი, მაინც აშკარაა მათ მიმართ სწორედ რასის ნიშნით ძალადობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს საქმე“.

თამთა მიქელაძე ასევე აღნიშნავს, რომ მიგრანტები ხშირად ჩივიან ქართველების მხრიდანმათ მიმართ ძალადობის ფაქტებზე სწორედ მათი კანის ფერისა და წარმომავლობის გამო, რასაც პოლიცია, როგორც წესი, გულგრილობით პასუხობს და არც დანაშაულს მიიჩნევს სერიოზულ დანაშაულად. თამთა მიქელაძე პოლიტიკოსებს ურჩევს საკუთარ გამოსვლებში დაგმონ ძალადობის მსგავსი ფაქტები, ხოლო სკოლებში მეტი ყურადღება მიექცეს რასიზმზე დისკუსიას.

მედიასთან საუბარში, დიღომში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე და შემსწრე ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ უცხოელებს თავიდან მხოლოდ ჰკითხეს, როდის დაამთავრებდნენ თამაშს, რადგან სტადიონზე შესვლა და თამაში იქვე მომლოდინე ბავშვებსაც სურდათ. ერთ-ერთის სიტყვებით, მას კითხვაზე უხეშად უპასუხეს, ერთ-ერთმა მოთამაშემ კი ფეხი მოუქნია, რის მერეც ვითარება დაიძაბა. თუმცა, ადგილობრივების ცნობით, არავინ უცემიათ.

8 აპრილს დიღომში, ფეხბურთის სტადიონზე მოთამაშე შავკანიანი სტუდენტები იქვე მცხოვრები მამაკაცების ჯგუფმა სტადიონიდან გამოაძევა. ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ხელკეტებით შეიარაღებული კაცები როგორ მისდევენ და აგინებენ შავკანიან ახალგაზრდებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG