Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაზ ბაძაღუა - 30 წლის შემდეგ საბედისწერო ავტოკატასტროფიდან


თამაზ ბაძაღუა
თამაზ ბაძაღუა

22 იანვარს პოეტ თამაზ ბაძაღუას დაბადების დღეა. თამაზ ბაძაღუას ლექსები ყველაზე მეტად ახალგაზრდების მოწონებით სარგებლობს. ლიტერატორები ამბობენ, რომ მან დროს გაუსწრო და 30-40 წლის წინ შექმნა ისეთი პოეზია, რომელიც სწორედ ამ თაობისთვისაა მისაღები და გასაგები.

გადმოწერა

30 წლის წინ თამაზ ბაძაღუა ცოლსა და პატარა შვილთან ერთად სოფელში მიდიოდა. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობარი, პოეტი ბათუ დანელია, და მისი მეუღლეც. სამტრედიასთან მანქანა მდინარეში გადავარდა. ბათუ დანელიას გარდა, ვინც კი მანქანაში იჯდა, ყველა დაიღუპა. თამაზ ბაძაღუა მაშინ მხოლოდ 28 წლის იყო.

„საუკუნეა არ უთოვია!
საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,
საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,
აღარავინ აღარ ლოცულობს“. (თ.ბ.)

თამაზ ბაძაღუა მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნავოში დაიბადა. მესამე შვილი იყო ორი დის შემდეგ - ქერა, ცისფერთალება და ლოყაწითელი ბავშვი. მამა პედაგოგი ჰყავდა, პოლიკარპე ბაძაღუა, ისტორიკოსი და გეოგრაფი. დედა, თალიკო ესიავა, შვილს ასე იხსენებს:

„თამაზი იყო კეთილი, მოსიყვარულე მშობლების, ყველასი და ძალიან ნიჭიერი ბავშვი. სახლში ყოველთვის წიგნი ეჭირა და იმას კითხულობდა. მამასაც ეხმარებოდა. ფეხბურთს თამაშობდა კიდევ კარგად“.

თამაზი სკოლაში დროზე ადრე შეიყვანეს. მაშინ მხოლოდ 7 წლის ასაკის ბავშვებს იღებდნენ, მაგრამ რადგან ძალიან უნდოდა სკოლაში წასვლა, წერა-კითხვა სახლში ისწავლა და, განათლების მინისტრის ბრძანებით, ნება დართეს დროზე ადრე შესულიყო. დრო გავიდა და ამ სკოლას თამაზ ბაძაღუას სახელი მიენიჭა. მისი და, ლეილა ბაძაღუა, ამბობს, რომ თამაზი დებთან ერთად მეცადინეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სამი წლით იყო მასზე უფროსი, მეორე - უფრო მეტით.

„ჩემზე სამი წლით პატარა იყო. მაშინ კლას-კომპლექტი იყო. ჩვენ რომ ვსწავლობდით, კლასში ერთად ვისხედით. მასწავლებელი კითხვას რომ დაუსვამდა, ჩემკენ გამოიხედავდა, აბა, სწორად თუ ვპასუხობ მასწავლებელსო. ძალიან მოსიყვარულე იყო. თამაზი ისე გაიზარდა, ისე დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი მომდურავი კაცი არ ყოფილა“.

თამაზ ბაძაღუა და ვანო ამირხანაშვილი
თამაზ ბაძაღუა და ვანო ამირხანაშვილი

ბავშვობიდან უყვარდა ფეხბურთის თამაში, ჭადრაკისაც. ერთხელ ნონა გაფრინდაშვილსაც ეთამაშა და ის პარტია ყაიმით დასრულდა. ფილოლოგიის ფაკულტეტი1980 წელს დაამთავრა. მუშაობდა მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობის კოლეგიაში. თბილისში თავდაპირველად ბიძაშვილთან, მალხაზ ბაძაღუასთან, ცხოვრობდა.

„იცოდა იტალიური, რუსული, გერმანული. სკოლაში გერმანულს გადიოდა. კარგად ჩააბარა გამოცდები. მახსოვს, მზექალა შანიძე იყო გამომცდელი და მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის გამოცდას“, - ამბობს მალხაზ ბაძაღუა.

მისი პირველი კრებული 1982 წელს „მერანმა“ გამოსცა - „მესამე ზარი“. შემდეგ გამოვიდა თარგმანებიც. თარგმნილი ჰქონდა პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუონაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსები. საკმაოდ აქტიური ადამიანი იყო და ბევრი მეგობარიც ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი, ლიტერატორი ვანო ამირხანაშივილი, კუს ტბაზე ფეხბურთის თამაშისას გაიცნო.

„ძალიან ახლოს ვიყავით. განსაკუთრებული გრძნობა გვქონდა მეგობრობისა. გადამდები იყო მისი სიყვარულისმიერი დამოკიდებულება საგნებისადმი, ადამიანებისადმი, მოვლენებისადმი. თანდათან წინამძღოლიც გახდა ჩვენი. ჩვენ დავინახეთ მასში უდიდესი ნიჭი, უდიდესი ჰუმანური ნაკადი, რომელიც დეფიციტი იყო მაშინ და ახლაც დეფიციტია, მარტო ჰუმანურობა კი არა, არამედ რაღაც ადამიანური შინაგანი ძალა, რომელიც ნიჭთან ერთად ცხოვრების ცოდნასაც მოითხოვს“.

ამირხანაშვილი ამბობს, რომ თამაზ ბაძაღუას განსაკუთრებულობა მისი ლექსის ფორმაშიც ჩანდა და მის ცხოვრებაშიც. მას შეეძლო დაენახა ცხოვრება, ადამიანი. იმ დროის საქართველოში პოეზიაში კრიზისი თუ არა, სტაგნაცია მაინც შეინიშნებოდა. მოდიოდა ახალი თაობა, მაგრამ მასაც ახშობდნენ. ვანო ამირხანაშვილის თქმით, თამაზ ბაძაღუა, ერთი შეხედვით, მეოცნებე ადამიანი იყო, თუმცა, მეორე მხრივ, კარგად ხედავდა თავის გზას და იმასაც, თუ რა უნდა ეკეთებინა. 1986 წელს იტალიაში იმოგზაურა და იტალიური პოეზიის სამტომეულის თარგმნას და გამოცემას აპირებდა. ბოლო წლები სულ ამაზე ლაპარაკობდაო, - ამბობს ამირხანაშვილი.

„აი, ეს ყველაფერი, რაც მან გაკეთა, იყო სრულიად უხმაურო, სრულიად უპრეტენზიო და მას ხედავდა მეგობართა და მკითხველთა ვიწრო წრე. მე მახსოვს მტრული გამოსვლები თამაზის წინააღმდეგ მწერალთა კავშირში და მის გარეთაც. იყო შურიანი გამოხდომებიც, ბოღმიანიც, მაგრამ ესეც, ალბათ, იმ ცხოვრების გამოხატულება და წესი იყო და რაღაცნაირად უხდებოდა თამაზის ცხოვრებასა და მის ნატურას“.

ვანო ამირხანაშვილი ამბობს, რომ თამაზ ბაძაღუას შემოქმედება წინასწარმეტყველურიც იყო -გარდა იმისა, რომ სრულიად ახალი მეტაფორული სახეები შემოიტანა პოეზიაში, თავისი ცხოვრებაც იწინასწარმეტყველა:

„წინასწარმეტყველური კიდევ რა მხრივ აღმოჩნდა, იცით? მისი პოეზია, პოეტური ფორმა იყო წინასწარმეტყველური. დღეს ახალგაზრდები მას ბაძავენ. ახალგაზრდებს ძალიან უყვართ თამაზი, თამაზის პოეზია. მე მახსოვს, 1987 წელს, როდესაც თამაზი გარდაიცვალა, მამუკა წიკლაური ამბობდა, ცხონებული (თვითონაც კარგი პოეტი და კრიტიკოსი), თამაზი მომავლის პოეტია და მომავალი თაობები გაიგებენო. მაშინ მეგონა, რომ ეს იყო შეღავათით ნათქვამი გარდაცვლილი კოლეგის მიმართ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სრულიად მართალი ყოფილა“.

მას შემდეგ თამაზ ბაძაღუას პოეზიის ბევრი კრებული გამოვიდა, დაიბეჭდა მისი პიესებიც. ეს კი ციტატებია თამაზ ბაძაღუას ლექსებიდან: „გაზაფხული კი შეშინებული ბავშვივით ყვირის და გამწარებით შემორბის სახლში“. „და თუთის ფოთოლივით შრიალა ჰაერში არავინ იტირებს, როცა ადამიანები ნელა და გულგრილად მიაბიჯებენ ზამთრისკენ“. „არა მთვარეზე და ვარსკვლავებზე, ყაზარმის სუნში, შეშფოთებულ სიზმრების ქვემოთ, ჯარისკაცები ფიქრობენ პურზე“. „სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი“.

თამაზ ბაძაღუამ ცოლად თანაკურსელი ნატო ჯალაღონია შეირთო. გოგონა შეეძინათ, თუთა.

„თუთა იყო ოქროსთმიანი, ისიც ცისფერთვალება, უნიჭიერესი, მოსიყვარულე. გაშლიდა ათივე თითს და ასე მიყვარხართ, მამიდებოო, მე და ჩემს დას გვეუბნებოდა“, - იხსენებს ლეილა ბაძაღუა.

კოლეგიაში თამაზ ბაძაღუასთან ერთად მუშაობდა ბათუ დანელიაც. ძალიან მეგობრული კაცი იყო, თუმცა მხიარული არ ეთქმოდაო, - ამბობს ის, - ღვინო უყვარდა და ქეიფიო.

„ჩვენ მას შევარქვით „დასხმა ძლიერი“. სუფრაზე როცა ვსვამდით ხოლმე, მაშინ უყვარდა თქმა, „დასხმა ძლიერი“ და ეს იყო მისი „კლიჩკა““.

ამ ლექსს კი „აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან“ ჰქვია:

„შენ ვერ აღორძინდი
ჩემ სიცარიელეში, როგორც ვარდი,
შენი სურნელი, გამაბრუები, ვერ მოსწვდა სხეულს,
და მე აღმოვჩნდი მდინარის გზაზე,
მერყევი და გაუნდობელი,
დრო კი, როგორც ქვა, ჩემ გულში იდო
და დიადი კაკუნი მისი შიგნიდან მჭირდა.
მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,
საუკუნოვანი ღამე
არ მანებებს სიზმარს-თავის მოსატყუებლად,
მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის“. (თ.ბ.)

1987 წლის 5 ნოემბერს თამაზ ბაძაღუა და ბათუ დანელია თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად სენაკში მიდიოდნენ, ბათუ დანელიას მეუღლის, ნათელა ლაშქარავას, სახლში. შემდეგ გზა ბიჭვინთისკენ უნდა გაეგრძელებინათ, იქ ახალგაზრა მწერლების სიმპოზიუმი ტარდებოდა. თამაზის ცოლი, ნატო ჯალაღონია, სოხუმიდან იყო და იქაც ელოდნენ. მანქანა, დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოუყო მწერალთა კავშირმა თამაზს და ტარებაც ახალი ნასწავლი ჰქონდა. გზაზე დაუღამდათ, თან კოკისპირულად წვიმდა.

„ბათუ გვერდით ეჯდა. ბათუს მეუღლე და ნატო, ჩემი რძალი, უკან ისხდნენ და მამაკაცები - წინ. სამტრედიის გზაზე, ცენტრალურ გზას აცდენილები არიან და სოფლის გზაზე არიან შესულები. თავსხმა წვიმა იყო, ახალი შეღამებული. ხიდზე შემხვედრმა მანქანამ მოანათა და გადავიწიეთო, ბათუმ. ჩავარდა მანქანა. უმოაჯირო ხიდზე, სოფლის ბოგირს რომ ეძახიან... სადმე რიკოთზე ყოფილიყო, კიდევ რაღაცას იტყვის ადამიანი. წყალში დაიხრჩვნენ. გაკაწრულებიც არ იყვნენ, ვერ გამოვიდნენ კარებებჩაკეტილ მანქანიდან და წყალში დაიხრჩო ოთხი ადამიანი“.

„ხოლო სიკვდილის გაჩერებასთან შეგროვდა ხალხი -
სანოვაგით, ჩანთებით და გაზეთით ხელში.
გადააფარეს სიკვდილს გაზეთი,
რადგან თვალებმა მოითხოვეს სიტყვა „მიშველეთ“
და უკანასკნელი პოლიტიკური სკანდალის ამბებში სისხლმა გაჟონა“. (თ.ბ.)

თამაზი მხარზე ხელს დაგვადებდა და ამბობდა, ჩვენ სულ სხვანაირი დაძმობა გვაქვსო, - იხსენებს ლეილა ბაძაღუა.

„ახალგაზრდები ვიყავით. ასაკოვანები რომ ვყოფილიყავით, ალბათ, ვერაფრით გადავიტანდით. თამაზი მთარგმნელთა კოლეგიაში როცა მუშაობდა, მაშინ მობილურები არ იყო. რომ დავრეკავდით და გვეტყოდნენ, თამაზი არ არისო, გული გვისკდებოდა. არა, ქალბატონო, არ შეგეშინდეთო, - გვეტყოდნენ, - იყო თამაზი გუშინ და ჯანმრთელობას არ უჩიოდაო. ახლაც ვამბობთ მე და ჩემი და, სიზმარში რომ გვენახა ასეთი რამ, ალბათ, ჭკუიდან შევიშლებოდით და ეს რა გადავიტანეთო“.

თამაზ ბაძაღუა, მისი მეუღლე და შვილი ნახუნავოს სოფლის სასაფლაოზე არიან დაკრძალულები, მარტვილის მონასტერთან ახლოს. მათ საფლავებზე 22 იანვარს მეგობრები და ახლობლები დღემდე იკრიბებიან. „ჩემ შიგნით ორმო ამოვთხარე,- მითხრა გლახაკმა. ახლა იმ ორმოს ფსკერზე ვდგავარ და მთელი დღე ვცეკვავ გიჟივით. - ნუ დაესწრებით, მეგობრებო, ამ დღესასწაულს“ - ეს მორიგი ციტატაა თამაზ ბაძაღუას ლექსიდან. და კიდევ ერთი ციტატა, რომელსაც ბათუ დანელია კითხულობს:

გაუთენარი დღეები გზაფრავს,
ვერ ამობობღდი ბინდის ხაროდან,
ჩაგძახი, როგორც ჭერახდილ საფლავს,
სადაც ბავშვივით მოგიხაროდა.
ჩაგძახი, თუმცა ამაოდ ვბილწავ
სიტყვას, გულზე რომ გამხია კეცად,
და ზეცასავით იხსნება მიწა
და მიწასავით ღამდება ზეცა“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG