ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბელორუსიაში წელს უკვე მესამე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ალექსანდრ გრუნოვი, პაველ სიალიუნისა და გრიგორი იუზეპჩუკის შემდეგ მესამე იყო, რომლის სასიკვდილო განაჩენიც ბელორუსიის ხელისუფლებამ აღასრულა. სამივე მათგანს ჩადენილი ჰქონდა მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
ბელორუსიაში სიკვდილით დასჯის ფორმაა დახვრეტა, რომელიც საიდუმლოდ აღსრულდება, ხოლო დახვრეტილთა ოჯახებს ცხედრები არ გადაეცემა. საიდუმლოდ რჩებადა საფლავების ადგილიც. ოფიციალურად, ბელორუსიის მთავრობა სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციას, როგორც წესი, არ ავრცელებს, ინფორმაციის წყარო მხოლოდ ბრალდებულთა ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც სახელმწიფო სიკვდილით დასჯილთა პირად ნივთებს აძლევს. გარდა მკვლელობისა, ბელორუსიაში სასამართლოს სიკვდილით დასჯის შეფარდება შეუძლია განსაკუთრებით მძიმე სხვა თერთმეტი დანაშაულისთვის სამშვიდობო პერიოდში და ორი დანაშაულისთვის საომარ პერიოდში.
გეოგრაფიულად ბელორუსია ევროპაშია, თუმცა მას არათუ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა არ აქვს ახლო მომავალში, ევროპის საბჭოს წევრიც კი არ არის. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ბელორუსია ვერ ელევა სიკვდილით დასჯის პრაქტიკას. 1997 წლიდან ევროპის საბჭოს არც ერთ ქვეყანაში სასიკვდილო განაჩენი არ აღსრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად (1950 წელს) ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია სიკვდილით დასჯას დასაშვებად მიიჩნევდა, ევროპა ნელ-ნელა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში სიკვდილით დასჯა გამორიცხავს სამართალს. 1982 წელს ევროპის საბჭომ პირველი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი მიიღო, რომელმაც სიკვდილით დასჯა აკრძალა სამშვიდობო პერიოდში (კონვენციის მე-6 დამატებითი ოქმი). დამატებითი ოქმის რატიფიცირება საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოდან 46-მა მოახდინა. ერთადერთი გამონაკლისი რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც ოქმს ხელი კი მოაწერა, მაგრამ მისთვის რატიფიკაცია არ გაუკეთებია. მიუხედავად ამისა, რუსეთმა 1996 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საბჭოს წევრი გახდა, მორატორიუმი გამოაცხადა სიკვდილით დასჯაზე. 2003 წელს ევროპის საბჭომ ახალი ინსტრუმენტი მიიღო (კონვენციის მე-13 დამატებითი ოქმი) და სიკვდილით დასჯა აკრძალა ყველა (მათ შორის საომარ) გარემოებაში. დამატებითი ოქმი 44 სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული. სომხეთს ჯერ არ გაუკეთებია რატიფიცირება, აზერბაიჯანსა და რუსეთს კი ჯერ ხელიც არ მოუწერიათ.
შედარებისთვის, საქართველოში 1997 წელს გაუქმდა სიკვდილით დასჯა, 1999 წელს კი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრი გახდა და შეუერთდა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას. საქართველოს ასევე რატიფიცირებული აქვს ზემოხსენებული დამატებითი ოქმები. სიკვდილით დასჯის, როგორც სასჯელის ზომის, ქონა-არქონა ისეთივე საკითხია, როგორც, ზოგადად, ადამიანის უფლებათა აღიარება ან არაღიარება. ევროპული მიდგომის თანახმად, სიკვდილით დასჯა არა მხოლოდ არაადამიანური და ღირსების შემლახავი სასჯელია, რომელიც, გამოკვლევების თანახმად, დანაშაულთა რიცხვსაც კი ვერ ამცირებს, არამედ მისი აკრძალვა ისეთი ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება, თუნდაც უმრავლესობის სახელით. მაგალითად, ბელორუსიის მთავრობა ხშირად იშველიებს 1996 წელს ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის შედეგების მიხედვითაც ბელორუსთა 80% სიკვდილით დასჯის აკრძალვის წინააღმდეგი იყო.
საქართველოში დიდი ხანია, აღარავინ კამათობს სიკვდილით დასჯის არალეგიტიმურობაზე და, ვფიქრობ, ეს უკვე არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულება, რომლითაც უნდა ვამაყობდეთ. ჩვენგან ძალიან ახლოს, ახლო აღმოსავლეთში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იყენებენ სიკვდილით დასჯის ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა თავის მოკვეთა და ჩამოხრჩობა. ჩვენგან ძალიან შორს კი, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში, შედარებით თანამედროვე მეთოდს, სასიკვდილო ინექციას. ბელორუსიის მაგალითი კი, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მოაგონებდა საქართველოს არცთუ შორეულ, საბჭოთა წარსულს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი ბედის უკუღმართობა იმაში მდგომარეობს, რომ ბელორუსია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, გაცილებით მცირე დროში მოახერხებს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გეოგრაფიულად უკამათოდ ეკუთვნის ევროპას. და ბელორუსიას ეს ისეთი ძვირი არ დაუჯდება, როგორც ჩვენ. ამიტომაც, ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რაიმე ტრაგიკული შეცდომა დავუშვათ. ისეთ გეოგრაფიულ ხაფანგში, როგორშიც ჩვენ ვართ გამომწყვდეული, ასჯერ უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს, ვიდრე ბელორუსიას ან, თუნდაც, უკრაინას, რომელსაც მეზობელი რუსეთი ისეთივე პრობლემებს უქმნის, როგორსაც ჩვენ.
გასული კვირის პოლიტიკური კრიზისის წყალობით, საქართველოში უკვე იმაზე ვკამათობთ, ჩვენმა ქვეყანამ ევროპული კურსიდან გადაუხვია თუ არა. საქართველოს ევროპული არჩევანი ისეთი მყიფე აღმოჩნდა, რომ ლამის დავიჯერეთ, რომ ქვეყანამ ერთ ღამეში შეიძლება ასეთი დრამატული ცვლილება განიცადოს. ამის მიზეზი მხოლოდ მინისტრი ალასანია კი არ იყო, რომელმაც ეს აპოკალიფსური ეჭვი გამოთქვა, არამედ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც, რომელმაც არა როგორც ევროპული სახელმწიფოს მეთაურმა, არამედ აღმოსავლური ყაიდის დიქტატორის დარად დაითხოვა თავდაცვის მინისტრი და ჩემთვის გაუგებარი სიმშვიდით შეხვდა სხვა ორი წარმატებული მინისტრის წასვლას.
ამ პოლიტიკური კრიზისის შემდეგ საქართველოს მთავრობა ზიანის მართვისა თუ კონტროლის რეჟიმზეა გადასული. ზიანის კონტროლის ცნება საზღვაო ინდუსტრიიდან მოდის და ისეთი სიტუაციების საგანგებო კონტროლს გულისხმობს, რომლებმაც შეიძლება, გემის ჩაძირვა გამოიწვიონ. ზიანის კონტროლის თანამედროვე გაგება კი გულისხმობს არა იმდენად უშუალოდ პრობლემისა და მის მიერ გამოწვეული ზიანის თავიდან აცილებას ან შემცირებას, არამედ ამ პრობლემით შერყეულ იმიჯზე და რეპუტაციაზე ზრუნვას.
ქვეყნის ლიდერი, გემის კაპიტნის მსგავსად, სახელმწიფოს საკუთარი მაგალითით უნდა მართავდეს. მას შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ მარტო არ არის, და რომ მის პირად გადაწყვეტილებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. კაპიტანს, რომელიც მხოლოდ შელახული იმიჯის შელამაზებით არის დაკავებული, ბუნებრივია, კაპიტანი არც ეთქმის. ან, თუ ის მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ გემი ჩაძირვას გადაარჩინოს, ბუნებრივია, ვერაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გემმა წინ იმოძრაოს.