Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს კვლავ აკრიტიკებენ სირიაში სამოქალაქო მსხვერპლისთვის


რუსეთი კვლავ გახდა კრიტიკის სამიზნე იმის გამო, რომ, როგორც შეერთებული შტატები აცხადებს, ავიაცია „განურჩევლად“ ბომბავს სირიას, შედეგად კი, სამოქალაქო პირები იღუპებიან და საფრთხე ექმნება სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა 29 დეკემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე მოიშველია, მისი შეფასებით, „უკიდურესად შემაშფოთებელი“ ცნობები, რომელთაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. ამ ცნობებით, რუსეთის საჰაერო დარტყმები მიმართულია, ზოგ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებების, სკოლების, ბაზრების წინააღმდეგ და მათ ეწირება ასობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე.

მოსკოვმა წელს, 30 სექტემბერს, წამოიწყო სამხედრო-საჰაერო კამპანია სირიაში, თავისი მოკავშირის, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის, მხარდასაჭერად. მას შემდეგ, როგორც ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ აცხადებს, რუსეთის საავიაციო იერიშების შედეგად დაიღუპა 2 371 ადამიანი, მათ შორის, 180 ბავშვი. მაგრამ მოსკოვი ირწმუნება, რომ სირიაში მისი იერიშები მიმართულია ტერორისტების წინააღმდეგ და რუსი სამხედროები ცდილობენ არაფერი დაუშავდეთ სამოქალაქო პირებს. თავის მხრივ, შეერთებულ შტატებს - ისევე როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნებს - არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი, რომ სირიაში მისი საჰაერო იერიშები უმეტესწილად მიმართულია ზომიერი ოპოზიონერი მეამბოხეების და არა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

მარკ ტონერმა 29 დეკემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა თავდასხმების შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვის პრობლემაზე: „რასაკვირველია, ძალიან, ძალიან ვართ შეშფოთებული სირიაში მრავალრიცხოვან სამოქალაქო მსხვერპლზე ცნობების გამო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ აშკარად და სახიფათოდ იმატა სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ცნობებმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ საჰაერო კამპანია დაიწყო. ჩვენ ერთნაირად მოვუწოდებთ კონფლიქტის ყველა მხარეს, მიმართონ ყველა სათანადო წინასწარ ზომას, სამოქალაქო პირების დაზარალების საფრთხის შესამცირებლად“.

მარკ ტონერმა ბრიფინგზე განაცხადა აგრეთვე, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სირიაში სამიზნეების განურჩევლად დაბომბვით გამოწვეული შეშფოთება გაუზიარა თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს. მან, მაგალითად, აღნიშნა გასული კვირის საჰაერო იერიშის შედეგად ზაჰრან ალუშის - სირიელი მეამბოხეების ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის - დაღუპვის ფაქტი. ალუში სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეებს მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, მარკ ტონერის განმარტებით, პოლიტიკური პროცესის მონაწილეებზე, ისევე როგორც სამოქალაქო პირებზე თავდასხმა ძირს უთხრის სირიაში კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარების ძალისხმევას.

XS
SM
MD
LG