Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი და მშვიდობა უცხოეთის მედიის რაკურსში


პარიზი, 2015 წლის 18 ნოემბერი
პარიზი, 2015 წლის 18 ნოემბერი

ექსტრემისტების დროშით მოქმედ თვითმკვლელთა და ტერორისტთა მიერ გააქტიურებულ იერიშებს დასავლეთმა კიდევ უფრო მტკიცე და ერთიანი სტრატეგია უნდა დაუპირისპიროს, - ასეთია ამერიკული და ევროპული მედიის დამოკიდებულება ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ საფრანგეთში მოწყობილი სისხლიანი ტერაქტის მიმართ. ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ სარედაქციო პუბლიკაციაში, სათაურით „რა მოხდება პარიზის შემდეგ“, რომელშიც ნათქვამია, რომ პარიზში გასულ ხუთშაბათს მოწყობილი ტერორისტული თავდასხმები, ერთი დღით ადრე ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქება და 31 ოქტომბერს ეგვიპტის სინის ნახევარკუნძულზე რუსეთის რეაქტიული თვითმფრინავის ჩამოგდება „იმის მაჩვენებელია, რომ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ დასავლეთთან ომის ახალ ფაზაზე გადავიდა და მზადაა შეტევები თავის მიერ კონტროლირებადი ერაყის, სირიისა და ლიბიის ტერიტორიების საზღვრებს გარეთ გადაიტანოს“.

ამასთან, წამყვანი ამერიკული ლიბერალური გამოცემა პოლიტიკოსებს იმ საფრთხის პრევენციის აუცილებლობაზეც მიანიშნებს, რასაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უკიდურესი მემარჯვენე ნაციონალისტების შესაძლო გააქტიურება და ანტიისლამური და ანტიემიგრანტული ქსენოფობიის გაღვივება წარმოადგენს.

„მუქარის ქვეშ მყოფი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევები ძალიან დიდია. ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული შეტევების მსგავსი აქტების განჭვრეტა და პრევენცია ძნელია, მით უფრო ევროპაში, სადაც თითოეული თავდასხმა უთავბოლო ქსენოფობიასა და იმ უკიდურესი მემარჯვენე ნაციონალისტების გააქტიურებას იწვევს, რომლებიც როგორც არასოდეს, ისე არიან მზად იმისათვის, რომ მოახდინონ მუსლიმი მოქალაქეების, ემიგრანტებისა თუ დევნილების დემონიზება, ჩაკეტონ ევროკავშირის ღია შიდა საზღვრები. „ისლამური სახელმწიფო“ უნდა განადგურდეს, მაგრამ ამას სჭირდება მოთმინება, გაბედულება და სტრატეგიისა და მიზნების კოორდინაცია, რაც უკიდურესად აკლიათ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინაააღმდეგ ომში ჩაბმულ ქვეყნებს, განსაკუთრებით - აშშ-სა და რუსეთს“, - წერს ლიბერალური „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

ტოლერანტობის თემაზე წერს ფრანგული „ლიბერასიონი“. მემარცხენე-ცენტრისტული გამოცემა მიიჩნევს, რომ ფრანგულმა საზოგადოებამ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ყველაზე მეტად ტოლერანტობის ის კულტურა და ცხოვრების ის წესი უნდა დაიცვას, რასაც ისლამისტები დეკადენტურად მიიჩნევენ. „როგორც სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ შემთხვევაში იყო, პარადოქსული ამ სერიული მკვლელების შემთხვევაში ისაა, რომ მათ მიზანში ტოლერანტი ფრანგი ხალხი ამოიღეს. ასეთ ვითარებაში დიდი შეცდომა იქნება, თუ ჩვენ თავად გავხდებით შეუწყნარებლები. ამ რეალობის პასუხად ომის ტრადიციული რიტორიკით მოქმედება ისეთივე მიზანშეუწონელი იქნებოდა, როგორც გაუგებარი იქნებოდა ის, რომ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ დაუსჯელად გამოსულიყო მის მიერ ორგანიზებული თავდასხმების გამო“, - წერს ფრანგული „ლიბერასიონი“ .

სირიის მეზობელ ნატოს სახელმწიფო თურქეთშიც მთავარი თემა პარიზში მომხდარი ტერაქტია. თუმცა თურქული მედიის ტონი კრიტიკულია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის გაუბედავი პოლიტიკის მიმართ. კერძოდ, დასავლეთს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ცუდი სტრატეგიით მოქმედებაში ადანაშაულებს თურქული ყოველდღიური გაზეთი „იენი საფაკი“. პროსახელისუფლებო გამოცემა მიიჩნევს, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ექსტრემისტული ორგანიზაციის მზარდი ძალმოსილება ერაყსა და სირიაში. „თურქეთი აფრთხილებდა მოკავშირეებს, რომ მხოლოდ საჰაერო იერიშები არ იქნებოდა საკმარისი „ისლამური სახელმწიფოს“ შესაჩერებლად, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა ეს ყურად არ იღეს. დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები გულგრილად ეკიდებიან მოწოდებას, რომ ექსტრემისტული ორგანიზაციის შეჩერება შეუძლებელია სახმელეთო ჯარების გაგზავნის გარეშე. მათ არ შექმნეს ფრენებისათვის აკრძალული ზონა ან ნებისმიერი სახის უსაფრთხოების ზონა. მათ არა მხოლოდ ასადის რეჟიმი ჩააბეს ამ ომში, არამედ რუსეთი და ირანიც. და ახლა ისინი ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენ პარიზში მომხდარი თავდასხმების შემდეგ... თუ არ აღდგება ერაყის სახელმწიფოებრიობა და სირია არ გადაიქცევა ასადისაგან თავისუფალ ქვეყნად, პარიზში მომხდარის მსგავსი თავდასხმები ხვალ სხვა დედაქალაქებშიც განმეორდება“, - წერს თურქული პროსახელისუფლებო გამოცემა „იენი საფაკი“.

დაბოლოს, საყურადღებოა ჩეხური წამყვანი გამოცემა „ლიდოვე ნოვინის“ პუბლიკაცია, ნიშანდობლივი სათაურით: „დღევანდელი მიგრანტები - ხვალინდელი ტერორისტები“. ნიშანდობლივი კი ეს იმიტომაა, რომ ჩეხეთის მთავრობა იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა თავის ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან დაძრული მიგრანტების, როგორც საფრთხის მატარებლების, მიღებას. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ვერაფერი გააცნობიერა, რადგან პარიზის თავდასხმის შემდეგაც კი კვლავ დაჟინებით მოითხოვს დევნილთა გადანაწილებას მთელი ევროპის მასშტაბით. „იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც მუსლიმი უმცირესობა არ ცხოვრობს, იუნკერი ეუბნება: დააბინავეთ მუსლიმური თემი ჩვენი ინსტრუქციების მიხედვით და თუ გაგიმართლებთ, მაშინ მესამე თაობამდე მასში არ წარმოიშობიან ტერორისტები. ევროკავშირი ასეთ რამეს სერიოზულად იმ შემთხვევაში შეიძლება ამბობდეს, თუკი საკუთარი განადგურება განუზრახავს. ნებისმიერი ცოცხალი არსების ბუნებრივი რეაქციაა დაიცვას საკუთარი თავი. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა დასრულდეს დევნილთა უკონტროლო ნაკადის დინება“, წერს კონსერვატიული ჩეხური გამოცემა „ლიდოვე ნოვინი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG