ალბათ, ყველა მომხმარებლისთვის აქტუალურია საკითხი, რას მივირთმევთ და რამდენად შეესაბამება სტანდარტებს ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის საცალო ქსელში ხვდება, ან რამდენად უსაფრთხოა ონკანის წყალი. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, განსაკუთრებით საინტერესოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული შემოწმების შედეგები, რომელიც ევრაზიის ფონდმა გამოითხოვა და გაავრცელა.
მონაცემები საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელია. კერძოდ, შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ:
ბავშვთა კვების შემოწმებული 16 ობიექტიდან დარღვევები აღმოჩნდა ორ საწარმოში, ორივეგან მიკრობიოლოგიური ტიპის: საფუვრის სოკოს მაჩვენებელი აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს; ერთ საწარმოში გამოიკვეთა ასევე სანიტარული დარღვევები;
ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი 154 საწარმოდან 40 საწარმოში აღმოჩნდა მიკრობიოლიგიური ტიპის დარღვევა, მათგან ერთში - ხარისხობრივი.
არაცხოველური წარმოშობის სურსათის (მაგალითად, კონსერვების, ფქვილის, პურის და ა.შ.) წარმოებაში ჩართული 128 საწარმოდან დარღვევა სულ 3 საწარმოში აღმოჩნდა და ეს დარღვევებიც სუფრის მარილის წილის ან იოდის მაჩვენებლის წილის შედარებით დიდ დოზასთან იყო დაკავშირებული;
საკმაოდ შემაშფოთებელი სიტუაციაა წყალმომარაგების სისტემაში, სადაც 176 შემოწმებული ობიექტიდან დაახლოებით მესამედზე მეტში სხვადასხვა ტიპის მიკრობიოლოგიური დარღვევაა აღნიშნული;
ალკოჰოლური პროდუქციის 38-დან 2 შემთხვევაში მომატებული აღმოჩნდა აქროლადი მჟავეები;
სამაგიეროდ, საკმაოდ რთული ვითარებაა მზა კერძებისა და ნახევარფაბრიკატების სფეროში: 85 შემოწმებული ობიექტიდან ყველაში აღმოჩნდა სხვადასხვა ტიპის პრობლემა. მართალია, ზოგიერთ მათგანზე მითითებულია, რომ ეს დარღვევები არაკრიტიკულია, მაგრამ თავად ეს სტატისტიკა საკმაოდ ბევრის მთქმელი გახლავთ.
მნიშვნელოვანია, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია ის კომპანიებიც, რომლებიც ამ დარღვევების გამო დაჯარიმდნენ.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი მასალა მრავალმხრივი ანალიზის საშუალებას აძლევს საკითხით დაინტერესებულ სხვადასხვა ჯგუფს, მომხმარებელთა უკეთ ინფორმირების, დარღვევების პრევენციისა და კანონმორჩილ მეწარმეთა წახალისების მიზნით.
ასევე მათი რეკომენდაციაა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე შეიქმნას ცალკე განყოფილება, სადაც თავმოყრილი იქნება რეგულარულად განახლებადი მონაცემები სეს-ის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების თაობაზე. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია უსაფრთხო პროდუქტის მიღებით, თავად აკონტროლოს იმ პროდუქციის მდგომარეობა, რომლის მოხმარებასაც იგი გადაწყვეტს.