Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სტუდენტთა დასაქმების ერთთვიანი პროგრამის შედეგები


ქუთაისის უნივერსიტეტი
ქუთაისის უნივერსიტეტი
ქუთაისში აკრედიტებული ორი უმაღლესი სასწავლებლის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის - ბაკალავრიატის პროგრამების 10 ათასამდე სტუდენტიდან ზაფხულის დასაქმების პროგრამით 2 ათასამდე ახალგაზრდა დასაქმდა.

სტუდენტების უმრავლესობისთვის პრეზიდენტის ინიციატივით გამოცხადებული დასაქმების ერთთვიანი პროგრამა მისაღებია და მსგავსი პროგრამები აუცილებელიცაა, ნაწილის აზრით კი, პრეზიდენტის ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდზეა გათვლილი და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ვაშაყმაძე რადიო თავისუფლებასთან იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომლებიც, მისი აზრით, დასაქმების პროგრამას ახლავს.

გიორგი ვაშაყმაძის მსგავსად, სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ სტუდენტების დასაქმება პროფესიული კუთხითაა უმჯობესი, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც შეთავაზებული ვაკანსიები მისაღებია.

სტუდენტებს შესრულებული სამუშაოსთვის ანგარიშზე თანხა უკვე ჩაერიცხათ. მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ ამ თანხით დაისვენებს და სხვადასხვა ხარჯს დაფარავს.

ზაფხულის დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში დასაქმებულ სტუდენტთა ნახევარზე მეტი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებზე მუშაობდა, მცირე ნაწილი კი კულტურულ და სასწავლო დაწესებულებებში, სამოქალაქო რეესტრისა და საჯარო რეესტრის სააგენტოებში. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჭანჭალეიშვილი პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მიერ შესრულებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მათ სპეციფიკურ დავალებებს თავი კარგად გაართვეს.

ლევან ჭანჭალეიშვილი იმედოვნებს, რომ პროგრამის განმეორების შემთხვევაში, გოგონებზე მეტად ვაჟები იაქტიურებენ და, წლევანდელისაგან განსხვავებით, სტუდენტური დასაქმების პროგრამებში მათი რიცხვი საერთო რაოდენობის ერთ მეოთხედზე მეტი იქნება.
XS
SM
MD
LG