სახურავახდილი სახლები, დაზიანებული სკოლები და ბაღები, მოგლეჯილი ხეები - 23 აპრილს, ღამით, სტიქიამ გურიისა და სამეგრელოს ათობით სოფელი დააზარალა. ძლიერი ქარი დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან, ხალხი კი დახმარების მოლოდინშია.
„მზიანი, თბილი ამინდი იყო, უცებ კი გუგუნის ხმა გაისმა და საშინელი ქარი ამოვარდა“, - ასე აღწერს ოზურგეთის მკვიდრი, მანანა წიკლაური, 23 აპრილის სტიქიას. მეზობლის ეზოში ქარმა სამი ხე მოგლიჯა, დიდხანს გარეთ ვერ გამოვდიოდიო:
„მაღალსართულიანი სახლების სახურავები სულ ახდილია. თუ არ ვცდები, 40 წუთს მაინც გაგრძელდა ასეთი ძლიერი ქარი, მაგრამ მერეც არ ჩამდგარა ერთი სამი საათი. სახლიდან ვერ გამოვდიოდით, მაგრამ ვხედავდი ფანჯრიდან, რომ მეზობლები გარეთ დარბოდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ. მეზობლად ერთი 90 წლის ქალი ცხოვრობს და ის ამბობდა, ასეთი გრიგალი ჩემ სიცოცხლეში არ მინახავსო“.
სტიქია 23 აპრილის ღამით ერთდროულად დაატყდა თავს გურიასა და სამეგრელოს. ჯერჯერობით სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, რომელსაც ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით, თუმცა ამბობს, რომ ზარალი არ იქნება უმნიშვნელო:
„საკმაოდ მნიშვნელოვანი ზარალია. ძირითადად სახურავებია დაზიანებული. ჩვენი სამსახურები ადგილზე მუშაობენ, ჩამოსულია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეც. უახლოეს დღეებში გვეცოდინება ზუსტი ციფრი, რამდენია ზარალი და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ვის და როგორ დავეხმარებით. დაახლოებით 20 წუთამდე იყო ძალიან ძლიერი ქარი, რომელმაც, სახლების გარდა, სკოლებისა და ბაღების შენობებიც დააზიანა“.
მერაბ ჭანუყვაძემ გვითხრა, რომ სტიქიის პირველივე წუთებიდან მუშაობს სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა სხვა შესაბამისი სამსახური, მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ახლა მთავარია რაც შეიძლება მალე შეფასდეს ზარალი, რომ მოსახლეობის დახმარება შეძლონ.
საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტმა, გიორგი სირაძემ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ვითარება გურიაში საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით კი, სოფლებში.
„მე როგორც ვიცი, გრიგალის შედეგად ერთი სახლი მთლიანად დაინგრა ჩოხატაურში, დაზიანებულია მილსადენები და ელექტროსადენები, მოგლეჯილია ხეები, ლაითურისა და ნასაკირალის სასწავლო სკოლებში სწავლა შეწყვეტილია“.
თუ ზარალი იმდენი იქნა, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტი გასწვდება, მაშინ უფრო მალე დავეხმარებით ადგილობრვ მოსახლეობას, მაგრამ თუ 80-100 000 ლარს ასცდება, მაშინ მხოლოდ ჩვენი ძალებით გაგვიჭირდება ყველას დახმარება, რადგან ჩვენს ბიუჯეტს არა აქვს ამის შესაძლებლობა...დათო გოგუა
სტიქიის ღამით ოზურგეთში ერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ უთხრა ჟურნალისტებს, ადგილობრივი მკვიდრი პირდაპირ სტიქიას არ უმსხვერპლია, ქარის ჩადგომის შემდეგ მან სახურავის შეკეთება გადაწყვიტა, კიბე დაუცურდა და სიმაღლიდან გადმოვარდა.
სტიქიამ დააზარალა სამეგრელოც - კერძოდ, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის რაიონები. იქ ზარალის რაოდენობას ამ დრომდე ითვლიან. ქუჩებს ასუფთავებენ. როგორც რადიო თავისუფლების რეგიონალური კორესპონდენტი თამარ ზანთარაია იტყობინება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ხუთი მრავალსართულიანი სახლი დარჩა სახურავის გარეშე, 30-ზე მეტი კერძო სახლის სახურავი დაზიანდა. ჯვარში მცხოვრებ ნათიკო ფიფიას ასეთი სტიქია არ ახსოვს:
„24 წელია ჯვარში ვცხოვრობ და ასეთი რამე არ მახსოვს. ხეებს გლეჯდა, სახურავებს ხდიდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენთან არავინ დაღუპულა“.
ზარალს ითვლიან ჩხოროწყუშიც. რაიონის გამგებელ დათო გოგუას თქმით, ჩხოროწყუს რაიონის ხუთ სოფელში ძლიერმა ქარმა უსახურავოდ დატოვა 22 სახლი. მუნიციპალიტეტში სტიქიამ რამდენიმე ათეული ხეც წააქცია. დაზიანდა საბავშვო ბაღების სახურავებიც. გოგუას განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტს 100 000 ლარზე მეტის გამოყოფის შესაძლებლობა არ ექნება:
„თუ ზარალი იმდენი იქნა, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტი გასწვდება, მაშინ უფრო მალე დავეხმარებით ადგილობრვ მოსახლეობას, მაგრამ თუ 80-100 000 ლარს ასცდება, მაშინ მხოლოდ ჩვენი ძალებით გაგვიჭირდება ყველას დახმარება, რადგან ჩვენს ბიუჯეტს არა აქვს ამის შესაძლებლობა. ინტენსიურად ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში დავეხმარებით ყველას, ვინც ამ სტიქიის დროს დაზარალდა“.
ამ დროისათვის გურიასა და სამეგრელოში ამინდი გაუმჯობესებულია. ძლიერი ქარი ჩადგა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით კი, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში წვიმაა ნავარაუდევი.