Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის შედეგები ჩხოროწყუში


ჩხოროწყუ
ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ჩხოროწყუს გამგებლის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ძლიერმა წვიმამ სოფელს მილიონ ასორმოცდათერთმეტი ათასი ლარის ზიანი მიაყენა. გამგებელ დათო გოგუას განცხადებით, ციფრი კიდევ გაიზრდება, რადგან მონაცემების დაჯამება ეტაპობრივად მიმდინარეობს. დაზარალებულ სოფლებში თბილისაიან გეოლოგები, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე ეცნობიან არსებულ სიტუაციას.

„ძირითადად დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები, ხიდები და ხიდბოგირები, ასევე ნაპირსამაგრი ჯებირები, მიწაყრილები. რამდენიმე მცხოვრების მიწის ნაკვეთი მთლიანად მიიტაცა წყალმა. მოსავალი მოსახლეობის ნაწილს ჯერ დაბინავებული არ ჰქონდა და ეს მოსავალიც განადგურდა. დღის ბოლოსთვის ჩვენ ყველაფერს დეტალურად შევაჯამებთ“, - განაცხადა დათო გოგუამ.

მისი ცნობით, კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ჩხოროწყუს სამი სოფელი - ლეწურწუმეს, კირცხისა და ლესიჭინეს ნაწილი. დათო გოგუას განმარტებით, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური პერსონალი მუშაობს და, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლოს აღდგება. ჩხოროწყუს გამგეობაში აცხადებენ, რომ მოძრაობა აღდგენილია მუნიციპალიტეტის როგორც შიდა გზებზე, ასევე ზუგდიდი-ჩხოროწყუს ცენტრალურ მაგისტრალზე.

ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს განსაკუთრებული პრობლემები გუშინ შეუქმნა. ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა ზუგდიდი-ჩხოროწყუს ცენტრალური მაგისტრალის ერთი მონაკვეთი დატბორა, სადაც მოძრაობა გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო შეზღუდული. სოფელ კირცხში დატბორილია ადგილობრივი მოსახლეობის სასაფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. დატბორილ ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს:

„მარტო ყანა კი არა ...ძროხები ცხენებით გავიყვანეთ. გვეშინია. მთავრობის იმედი გვაქვს. თუ დაგვეხმარება და პატივს გვცემს, მადლობელი ვიქნებით. დამბა იყო აქ და წაღებულია, ისეთი დიდი წყალი იყო, ზღვასავით. ყველაფერი წაღებულია“, - ამბობს ჩხოროწყუს მკვიდრი ზაურ კვარაცხელია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზარალის სრულად დაჯამების შემდეგ მოსახლეობას გარკვეულ დახმარებას გაუწევენ. სამეგრელო ზემო- სვანეთის გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ კობა ქანთარიას სიტყვებით, საქმის კურსში ჩააყენებენ ცენტრალურ ხელისუფლებას და არც ერთ დაზარალებულს დახმარების გარეშე არ დატოვებენ.

XS
SM
MD
LG