Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში სტალინის ძეგლი აიღეს


სტალინის ძეგლის დემონტაჟი
სტალინის ძეგლის დემონტაჟი
თელავში, დიდების მემორიალთან, სტალინის ძეგლი უკვე აღარ დგას. მონუმენტის დემონტაჟი "ტაბულის" დამფუძნებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ, "სამოქალაქო განათლების ცენტრმა" განახორციელა. მათ გაიმარჯვეს ტენდერში, რომელიც დეკემბრის დასაწყისში თელავის გამგეობამ გამოაცხადა. "სამოქალაქო განათლების ცენტრი" ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც სურვილი გამოთქვა ძეგლი დაეშალა. კომპანიამ სამუშაოებისთვის 600 ლარი დახარჯა. ძეგლის დემონტაჟის დროს ადგილზე იმყოფებოდა "ტაბულის" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. მისი განცხადებით, „21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღმართვა ქვეყანაში ცინიზმია“.

„ზოგადად, ის შემიძლია ვთქვა, რომ დროა დავიწყოთ მსჯელობა და მივაღწიოთ კონსენსუსს იმაზე, რომ არ შეიძლება ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ილია ჭავჭავაძის სამშობლოში ძეგლი ედგას ისეთ ტირანს, რომელმაც საქართველოს ოქტომბრის რევულუციის ცხელი უთოთი გადაუარა. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, წაგვართვა დამოუკიდებლობა, დაგვიხოცა ევროპულად მოაზროვნე პოლიტიკური, სასულიერო და კულტურული ელიტა და პრაქტიკულად მიწასთან გაგვასწორა. ახლა 20 წელია მოვდივართ აზრზე მას შემდეგ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში საზოგადოება, ადრე თუ გვიან, ამ საკითხზე კონსენსუსს მიაღწევს“.

სტალინის ძეგლის დემონტაჟი გააპროტესტა შოთა ლაზარიაშვილმა, ორგანიზაცია "სტალინელის" ხელმძღვანელმა. იგი დემონტაჟის დროს მონუმენტთან იმყოფებოდა. შოთა ლაზარიაშვილმა განაცხადა, რომ „პოლიციის და კანონის წინააღმდეგ ვერ წავა, ამიტომ ისღა დარჩენია, „ბელადის“ მიღწევებზე ილაპარაკოს“:

„სტალინმა მოგვცა, რომ ადამიანს მკურნალობდნენ და ფულსაც უხდიდნენ, ახლა ექიმთან ვერ მიხვალ. ასეთი დიადი კაცის ძეგლის დემონტაჟი როგორ შეიძლება? ეს არაკაცობაა!. ჩვენ რეიგანი გვჭირდება თბილისში და გორსა და თელავში სტალინი არა? მთავრობები მიდიან, მაგრამ სტალინი კი არა. ის ყველა ჩვენგანის გულში იქნება“.

სტალინის ძეგლის დემონტაჟს დაესწრო თეოლოგიის დოქტორი და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილიც. ის მიიჩნევს, რომ „მხოლოდ ძეგლების დემონტაჟი არ კმარა და დროა საზოგადოებამ ტოტალიტარული აზროვნება შეიცვალოს“:

„ეს კაცი და ეს ძეგლი აქ დგას, როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. ეს არის ძალიან დიდი ცინიზმით გაჟღენთილი აზრი. რაღა თქმა უნდა, ყველა ძეგლი უნდა მოშორდეს, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ტოტალიტარული აზრი მოშორდეს ყველა ქართველის გონებიდან. სტალინი წავა, ძეგლი მოშორდება, მაგრამ ის უნდა მოშორდეს ჩვენი გონებიდან“.

სტალინის ძეგლის დემონტაჟი თელავში პოლიციისა და პატრულის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდა. ძეგლი 2013 წლის 1 სექტემბერს ორგანიზაცია "სტალინელმა" დადგა. მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებით, ძეგლი უნებართვოდ იყო დამონტაჟებული. სტალინის ძეგლი სპეციალურ ყუთში შეიფუთა და დასაწყობდება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG