Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური მომსახურება გრძელვადიანი პერსპექტივით


ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევის პრეზენტაცია
ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევის პრეზენტაცია

საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი - ტყიბული, გორი, ზუგდიდი და ხონი - მოექცა გამოკვლევის არეალში, რომლის მიზანიც იყო ამ მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გამოკვლევა. კვლევა ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ დაკვეთით. კვლევის მიზანი იყო გაკეთებულიყო სოციალურ სფეროში არსებული გამოწვევების ექსპერტული ანალიზი ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე. რა შედეგები აჩვენა გამოკვლევამ და რა რეკომენდაცია აქვთ გამოკვლევის ავტორებს ხელისუფლების მიმართ?

გადმოწერა

ტყიბული ინდუსტრიული ზონის ქალაქია, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი შახტშია დასაქმებული. შახტში მუშაობისას დაზიანებულ ადამიანებს მოსახლეობა „შახტში დამარცხებულს“ უწოდებს და მათ პატივით მოიხსენიებს. თუმცა, როგორც ირკვევა, ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალურ პროგრამაში 18 წელს გადაცილებულ შშმ პირებზე გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი სოციალური პროგრამა, რომელიც ინდივიდუალური ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამას წარმოადგენს, რაც ძალიან ხშირად ხდება უკმაყოფილებისა და კრიტიკის საგანი. ეს აღნიშნულია გამოკვლევაში სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ და ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით. ზაზა გოჩელაშვილი, დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“, რადიო თავისუფლებას ესაუბრება ტყიბულში მცხოვრები შახტში დაშავებული პირების საჭიროებებზე და ამბობს, რომ ამ ქალაქში განსაკუთრებით მწვავედ დგას ის სოციალური პრობლემები, რომლებიც, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. მუნიციპალიტეტი მხოლოდ მოქალაქეთა მიმართვებს აღრიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური საჭიროებებისა და სიტუაციის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას საკმაოდ მწირი წარმოდგენა აქვს. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არასაკმარისი ფინანსური რესურსი. გარდა ამისა, პრობლემაა თავად მუნიციპალური სერვისების არაეფექტურობა:

ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევის პრეზენტაცია
ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევის პრეზენტაცია

„ტყიბული სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ქალაქია. შესაბამისად, დიდია შშმ პირთა რაოდენობა. ზოგადად, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ტყიბულშიც არის მათი ადაპტაციის პრობლემა. ეს ეხება როგორც გარემოს, ისე ადამიანების დამოკიდებულებას მათ მიმართ. ამიტომ მგონია, რომ ამ პრობლემას თვითმმართველობამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. ფულად დახმარებას რაც შეეხება, ეს დახმარება დროულად გაიცემა, მაგრამ ეს დახმარება არ უნდა იყოს ერთჯერადი ფულადი დახმარება. ჩვენ საუბარი გვაქვს სერვისების ჩამოყალიბებაზე, სერვისების, რომლებიც გათვლილი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაზე და არ იქნება მორგებული მხოლოდ იმწუთიერ საჭიროებაზე“.

კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის კვლევა ჩატარდა, გორია. გორის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით რამდენიმე პროგრამა ხორციელდება, მათ შორის: სოფლებში ამბულატორიებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარების პროგრამა, უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება და სხვა. გორში მიღებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტში სოციალური მომსახურების კუთხით მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებული და მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, თუმცა მაინც არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც კვლავაც დღის წესრიგში რჩება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამბობს:

„თუნდაც მოხუცთა პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, ისინი დაუცველებად გრძნობენ თავს. აქედან გამომდინარე, მათ ესაჭიროებათ დახმარება. ახლა იგეგმება პროექტები, რომლის ფარგლებშიც, შესაძლოა მოეწყოს მოხუცთა სახლები, სადაც მაქსიმალურად იქნება დაკმაყოფილებული მათი საჭიროებები, რათა შევუქმნათ ის პირობები, რომლებიც რაღაც სიხარულს მოუტანს“.

წელიწადში ერთხელ მიღებული 100 ლარის დახმარება ოჯახისთვის თითქმის არაფერს წარმოადგენს. ასლარიანი დახმარება გაიცემა ხოლმე, როგორც წესი, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, მარჩენალდაკარგული ოჯახისთვის, შშმ პირებისთვის, რაც ამ ადამიანებისა და ამ ოჯახების მდგომარეობას ვერანაირად ვერ ცვლის...
ნანა ყურაშვილი

გორისა და ტყიბულის გარდა, გამოკვლევის არეალში მოექცა ხონი და ზუგდიდი. სწორედ ამ ოთხ მუნიციპალიტეტში სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გამოკვლევა დაისახა მიზნად ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“. კვლევის მიზანი იყო სოციალურ სფეროში არსებული გამოწვევების ექსპერტული ანალიზი ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე. ოთხივე სამიზნე მუნიციპალიტეტში აღებულმა ინტერვიუებმა და ფოკუსჯგუფებმა გამოკვლევის ავტორებს საშუალება მისცა კვალიფიციური ინფორმაციით შეევსოთ კვლევის შედეგი. აღსანიშნავია, რომ სოციალური სფეროს წილი ბიუჯეტში ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. ამასთან, 2012 წლიდან სახელმწიფოსთვის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება მნიშვნელოვან პრიორიტეტად არის მიჩნეული, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად უფრო მეტ ფულს ხარჯავს სახელმწიფო სოციალურ პროგრამებზე, გამოკვლევის ავტორთა თქმით, სოციალური მომსახურების სფეროს გაუმჯობესება არ შეიმჩნევა. ნანა ყურაშვილი, პროექტის მენეჯერი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მხოლოდ ფულადი გასაცემლის გაზრდა ან ბენეფიციართა გამრავლება არ აუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ფონზეც ნაკლებად აისახება. ნანა ყურაშვილის თქმით, საჭიროა სოციალური მომსახურების სფეროს სისტემური რეფორმა:

„მოწყვლადი ადამიანების მდგომარეობას, მაგალითად, ერთჯერადი ასლარიანი დახმარება ვერ აუმჯობესებს. წელიწადში ერთხელ მიღებული 100 ლარის დახმარება ოჯახისთვის თითქმის არაფერს წარმოადგენს. ასლარიანი დახმარება გაიცემა ხოლმე, როგორც წესი, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, მარჩენალდაკარგული ოჯახისთვის, შშმ პირებისთვის, რაც ამ ადამიანებისა და ამ ოჯახების მდგომარეობას ვერანაირად ვერ ცვლის. ამიტომ სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავიდეს ისეთ სისტემაზე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მოაგვარებს მათ პრობლემებს, განუვითარებს უნარ-ჩვევებს, შეუქმნის მათ პერსპექტივას იმისთვის, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები აღარ იყვნენ დამოკიდებულნი სახელმწიფო შემწეობაზე და მუდმივად არ იყვნენ იმის მომლოდინენი, რომ სახელმწიფო მოაგვარებს მათ პრობლემებს“.

XS
SM
MD
LG