სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე ავრცელებს ინფორმაციას. წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შეადგენს 322.5 ათას ჰექტარს, რაც 3.8 %-ით აღემატება 2013 წლის და 24%-ით 2012 წლის მაჩვენებელს. სიმინდის ნათესი ფართობი 2014 წლისათვის შეადგენს 151 ათას ჰექტარს, რაც, 2012 წელთან შედარებით, 31%-ით მეტია. კარტოფილისა და ბოსტნეულ-ბაღჩეულის კულტურების ნათესი ფართობი შეადგენს 46.5 ათას ჰა-ს, საიდანაც დაახლოებით 50%-ზე მეტი კარტოფილის ნათესებია.
ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია პირუტყვის სულადობის მაჩვენებელი. 2014 წლის 6 თვის წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაიზარდა 6.6 %-ით, ცხვრისა და თხის სულადობა გაიზარდა 10.6 %-ით, ფრინველის სულადობა გაიზარდა 13.6 %-ით, რძის წარმოება გაიზარდა 4.6 %-ით, კვერცხის წარმოება გაიზარდა 2.9 %-ით.
ასევე სტაბილურად იზრდება ფუტკრის ოჯახების რაოდენობა. 2013 წლის ბოლოსათვის ფუტკრის ოჯახების რაოდენობა შეადგენდა 399 ათას სკას, რაც 15%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ზრდა აღინიშნა სექტორში მიმართული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც. 2014 წლის ორი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში შემოსულია 6.1 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც 85 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, აგროსურსათის ექსპორტი 51%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
სოფლის მეურნეობა რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად, კერძოდ, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მისი განვითარება ოთხი პროგრამის მეშვეობით მოხდება: 1) სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა; 2) სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა; 3) მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება და 4) სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელება. სულ დარგისთვის გამოყოფილია 263 მილიონ 500 ათასი ლარი, რაც, წინა წელთან შედარებით, 15-პროცენტიანი მატებაა.
ყველაზე მოცულობითი არის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელიც რამდენიმე ქვეპროგრამას მოიცავს: სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავება და მართვა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვა და ადმინისტრირება რეგიონებში, სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები, შეღავათიანი აგროკრედიტები, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებულებების დაფარვა, აგროსექტორის განვითარება/ხელშეწყობა. პროგრამის დაფინანსება 230 მილიონ 215 ათასი ლარით განისაზღვრა (9-პროცენტიანი მატება, წინა წელთან შედარებით). შემცირდა აღნიშნული პროგრამის გარკვეული ქვეპროგრამები, მაგალითად, 8 პროცენტით შემცირდა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვა და ადმინისტრირება რეგიონებში, 43 პროცენტით შემცირდა შეღავათიანი აგროკრედიტები, მნიშვნელოვნად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები.