Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ აბანოში სკოლის მშენებლობა სრულდება


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე (მარჯვნიდან მესამე) და შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი (მარცხნიდან მესამე) აბანოს მშენებარე სკოლაში.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე (მარჯვნიდან მესამე) და შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი (მარცხნიდან მესამე) აბანოს მშენებარე სკოლაში.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში ახალი სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. შენობაში უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სკოლას განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აშენებს. სოფელი აბანო ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება. მეზობელ სოფელ წნელისთან მავთულხლართებია გაბმული. აბანოს სკოლა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინგრა. ბოლო 14 წლის განმავლობაში სკოლის 50 მოსწავლე ერთ ძველ შენობაში სწავლობდა, თუმცა რთული პირობების გამო ამ შენობის დატოვებაც მოუხდათ და ბავშვებმა საციხურის სკოლაში გააგრძელეს სწავლა. ახალი სკოლის შენობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მოინახულეს. თამარ სანიკიძის განცხადებით, აბანოს სკოლა არა მარტო საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება, არამედ სოფლის ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილადაც იქცევა.

აბანოს სკოლის მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო. საძირკვლის ჩაყრას მინისტრები მაშინაც დაესწრნენ. შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მაშინ განაცხადა, ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სკოლის მშენებლობა პასუხია იმ მავთულხლართებზე, რომლებსაც რუსეთის მესაზღვრეები ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ აგებენო. მისი თქმით, სოფლის ინფრასტრუქტურაც მალე გაუმჯობესდება.

აბანოელები ამბობენ, რომ სოფლიდან მიგრაცია იყო დაწყებული და სკოლის შენობის გახსნა აქედან ახალგაზრდების გადინებას შეაჩერებს.

სპეციალისტების ვარაუდით, სექტემბრის ბოლოსთვის სკოლის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება და აბანოელი ბავშვები საკუთარი სოფლის სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს მათ მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოს და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს.

XS
SM
MD
LG