Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური ლონდონი: სკრიპალის მოწამვლა „ამაზრზენი და თავხედური დანაშაულია“


სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია
სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია

ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის სავარაუდო მოწამვლა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით „ამაზრზენი და თავხედური დანაშაულია“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის, წარმომადგენელმა.

ჩვენი გამოძიება უნდა იყოს თანმიმდევრული, ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ სპეკულაციებს და საშუალება მივცეთ პოლიციას, აწარმოოს გამოძიება...
ემბერ რუდი

66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, 33 წლის იულია, კვლავინდებურად მძიმე მდგომარეობაში არიან მას შემდეგ, რაც ოთხი დღის წინ ისინი უგონოდ იპოვეს სამხრეთ ინგლისში მდებარე სავაჭრო ცენტრის წინ.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ემბერ რუდმა პარლამენტს განუცხადა, რომ ბრიტანეთის მიწაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება თავხედური ქმედებაა, მაგრამ ბრიტანელებმა თავი უნდა შეიკავონ სპეკულაციებისგან, თუ ვინ დგას ამის უკან. „ჩვენი გამოძიება უნდა იყოს თანმიმდევრული, ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ სპეკულაციებს და საშუალება მივცეთ პოლიციას, აწარმოოს გამოძიება“, - თქვა მან.

პოლიციელი, რომელიც პირველი მივიდა შემთხვევის ადგილას, ასევე ავადაა და თუმცა მისი მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა, გონებაზე მოვიდა და ლაპარაკი შეძლო.

ემბერ რუდი
ემბერ რუდი

პოლიცია აცხადებს, რომ მათთვის ცნობილია, თუ რა სახის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება იქნა გამოყენებული სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოსაწამლავად, თუმცა ჯერჯერობით მისი დასახელებისგან თავს შეიკავებენ.

ბრიტანული მედიასაშუალებები სერგეი სკრიპალის საქმეს 2006 წელს ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლას ადარებენ. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოფიცერი სერგეი სკრიპალი 2004 წელს დააკავა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით, ორი წლის შემდეგ მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ მას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 2010 წელს კი შეიწყალეს და, კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში გაცვალეს.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG