Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი მადლობას უხდის რუსეთს


მოსკოვში გამართული აქციის მონაწილე
მოსკოვში გამართული აქციის მონაწილე
მსოფლიოში გრძელდება დავა იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი 21 აგვისტოს დამასკთან თავდასხმისას. რუსი ოფიციალური პირის განცხადებით, სირიამ რუსეთს გადასცა ახალი მასალა, რომელიც აჩვენებს, რომ მომწამვლელი ნივთიერება მეამბოხეებმა გამოიყენეს. მეორე მხრივ, დასავლეთის ქვეყნები დადასტურებულად მიიჩნევენ, რომ ქიმიური იარაღით თავდასხმის უკან სირიის მმართველი რეჟიმი დგას.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მადლობას უხდის თავის მთავარ მოკავშირეს, რუსეთს, სირიის მმართველი რეჟიმის დახმარებისათვის და აცხადებს, რომ მოსკოვის წყალობით „ახალი მსოფლიო ბალანსი“ იქმნება. ეს აზრი ბაშარ ალ-ასადმა გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან დამასკში შეხვედრისას, რომლის ნაწილიც სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა.

თუ რატომ უნდა იყოს სირიის მმართველი რეჟიმი მოსკოვის მადლიერი, ოთხშაბათს კიდევ ერთხელ გამოჩნდა სერგეი რიაბკოვის განცხადებით. რიაბკოვმა სირიის პრეზიდენტთან შეხვედრამდე თქვა, რომ დამასკმა რუსულ მხარეს წარუდგინა ახალი მასალა 21 აგვისტოს თავდასხმაზე - მასალა, რომელიც აჩვენებს, რომ ქიმიური იარაღი მეამბოხეებმა გამოიყენეს. რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი „მთელი სერიოზულობით“ შეისწავლის სირიის მთავრობის მიერ წარმოდგენილ ამ მტკიცებულებებს.

რიაბკოვი დამასკს ეწვია სირიის რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოსკოვისა და ვაშინგტონის შეთანხმების განსახილველად. საქმე ეხება შეთანხმებას სირიის ქიმიური იარაღის განადგურების საკითხზე. მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული სირიაში სამხედრო ინტერვენცია, რომლითაც შეერთებული შტატები დაიმუქრა ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ. დასავლეთი მომწამვლელი ნივთიერების ხმარებაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ადანაშაულებს, მაშინ როცა მოსკოვი ირწმუნება, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება იყო პროვოკაცია, რომელსაც სირიაში მეამბოხეებმა მიმართეს, რათა დასავლეთიდან სამხედრო ინტერვენციისთვის მიეღწიათ.

დამასკში ვიზიტისას სერგეი რიაბკოვმა მკაცრად გააკრიტიკა გაეროს ანგარიში სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე. რიაბკოვმა მას „პოლიტიზებული, მიკერძოებული და ცალხმრივი“ უწოდა. ეს ის ანგარიშია, რომელიც, დასავლეთის ქვეყნების შეფასებით, ადასტურებს, რომ ქიმიური იარაღით თავდასხმის უკან სირიის მმართველი რეჟიმი დგას.

ქიმიური იარაღით თავდასხმისთვის, რომელმაც 21 აგვისტოს 1400-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს სირიელი მეამბოხეების ეროვნული კოალიცია. კოალიციის პრეზიდენტმა აჰმად ალ-ჯარბამ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაუსჯელი არ დატოვოს დამნაშავეები:

„არ მინდა ისტორიაში ჩაიწეროს, რომ 21-ე საუკუნეში ერთ-ერთმა რეჟიმმა გაბედა და გამოიყენა საერთაშორისოდ აკრძალული იარაღი და გადაურჩა სასჯელს. ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ ჰუმანიტარული საკითხის უგულებელყოფა პარლამენტარების თავშეკავებულობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს როლის დასუსტების გამო, რადგან ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე”, – განაცხადა სამშაბათს სირიის ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა.

ამასობაში, გავრცელდა გაეროს ქიმიური იარაღის მთავარი ექსპერტის აკე სელსტრომის განცხადება, რომ მისი გუნდი გამოძიების დასასრულებლად მომდევნო კვირებში დაბრუნდება სირიაში.
XS
SM
MD
LG