ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1600-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული, თუმცა მათი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს. ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს პრობლემები მოაგვაროს მას შემდეგ, რაც ქალაქის განაშენიანების გეგმას მოამზადებს.
ლექსო ჭუმბურიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში ცხოვრობს. ერთხელ, სკოლის დამთავრების შემდეგ, თანაკლასელებთან ერთად მდინარე ალაზანთან ერთობოდა, მდინარეში საბანაოდ გადახტა და ხერხემალი დაიზიანა. იმ დღიდან მოყოლებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით ცხოვრობს, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ამ სტატუსის მქონე პირებისთვის არანაირი პირობა არ არის - არ შეუძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და ვერ შედის შენობებში, გარდა რამდენიმე ბანკისა. შშმ პირებისთვის ხელმიუწვდომელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაც.
ლექსო ჭუმბურიძემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენიმე მეგობართან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „ლექსო და მეგობრები“ დააფუძნა. ისინი პროექტებზე მუშაობენ და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან ფინანსების მოძიებას ცდილობენ. მათ ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიამ“ ერთ-ერთი პროექტი უკვე დაუფინანსა. სოფელ ლელიანში მალე დანგრევის პირას არსებული კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყება და ის შშმ პირებზე სრულად იქნება ადაპტირებული.
შშმ პირებისთვის რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, ამას ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურიაც ამბობს. გამგებლის თქმით, მუშაობას იწყებენ ქალაქის განაშენიანების გეგმაზე, სადაც შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობაც იქნება გათვალისწინებული.
ინფრასტრუქტურა არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ლაგოდეხში რეგისტრირებულ 1600-მდე შშმ პირს აწუხებს. მათთვის არ არსებობს დღისა და ღამის ცენტრები, თუმცა დღის ცენტრის გახსნას აპირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა და მზრუნველობას მოკლებულთა ორგანიზაცია „მადლი“. „მადლის“ წარმომადგენელ გიული ლომიძის თქმით, დღის ცენტრში ბავშვები, როტაციის წესით, პერიოდულად შეიცვლებიან.
ლაგოდეხის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 18 წლამდე ასაკის 250 შშმ პირია რეგისტრირებული, ხოლო 18 წლის ზევით - 1268, თუმცა ამბობენ, რომ ეს სტატისტიკა სურათს სრულად არ ასახავს. რაც შეეხება სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, მათ შესახებ სტატისტიკური მონაცემები მუნიციპალიტეტში არ არსებობს.