Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილობის აქცია ლტოლვილთა სამმართველოში


აფხაზეთიდან დევნილებმა ლტოლვილთა სამმართველოს ზუგდიდის ოფისის შესასვლელთან, სხვადასხვა მოთხოვნით, შიმშილობის აქცია დაიწყეს. იძულებით გადაადგილებულმა ათმა პირმა აქციის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას - ალტერნატიული საცხოვრებლის, სამმართველოში ახლად დანიშნული თანამშრომლების გათავისუფლებისა და ოჯახის ავადმყოფი წევრებისთვის დახმარების მოთხოვნით მიმართა.

დევნილების თქმით, აქცია სამინისტროდან კონკრეტული რეაგირების მიღებამდე გაგრძელდება.

„ნაქირავებში ვცხოვრობ და ქირას ვერ ვიხდი. 20 წელია ბინას ვითხოვ და არავინ ყურადღებას არ მაქცევს. ერთჯერად დახმარებასაც კი არ გვაძლევენ. ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ და ვითხოვთ ფართს“, - ამბობს ნუნუ აბშილავა.

განსხვავებული მოთხოვნა აქვს აქციის მონაწილე რამაზ არონიას. ამბობს, რომ ლტოლვილთა სამინისტროში არაკომპეტენტური პირები არიან დანიშნული:

„სამმართველოში ისეთი ხალხი მუშაობს, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა არის დევნილი. ჩვენი მოთხოვნაა მივიდეს ხმა მთავრობამდე, რომ გაერკვიონ, რა ხდება აქ, ზუგდიდში. სამწუხაროდ, ამ თანამშრომლების ვინაობა არ ვიცი და ვერ დაგისახელებთ“.

აფხაზეთიდან დევნილმა მანანა ფრუიძემ კი შიმშილობა ცერებრალური დამბლით დაავადებული მცირეწლოვანი შვილისთვის დახმარების მიღების იმედით დაიწყო:

„ბავშვის დიაგნოზი ბოლომდე რომ გავარკვიო, მაგის ფულიც არ მაქვს. ეს პოლისი არსად არ გამომადგა. დახმარების სახით, თითქოს ეტლი გამოუგზავნეს, მაგრამ დიდია და ვერ სარგებლობს“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ზუგდიდში საცხოვრებელი ფართები არ არის, თუმცა დაგეგმილია მიმდინარე წელს აშენდეს შენობები, სადაც დევნილები ქულების მიხედვით დასახლდებიან. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ეკა გულუას განცხადებით, უშუალოდ განსახლების პროცესის დაწყებამდე ორი თვით ადრე ქულების მისანიჭებლად დევნილთა ანკეტირება დაიწყება. ეკა გულუას თქმით, პირველ ეტაპზე მაღალი ქულის მქონე პირები დაკმაყოფილდებიან:

„ეს იმას ნიშნავს, რომ ბინების განაწილების პროცესში ვერავინ ჩაერევა - ვერც მინისტრი, ვერც მოადგილე, ვერავინ - და განაწილების მთავარი კრიტერიუმი იქნება მხოლოდ ქულები. ეს პროცესი იმერეთში უკვე მიმდინარეობს. ფოთში ზაფხულში დაიწყება და ზუგდიდშიც დაგეგმილია რამდენიმე კორპუსის მშენებლობა. ზუსტად ვადებს ვერ გეტყვით, მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს მშენებლობა“.

რაც შეეხება დევნილთა პრეტენზიას ზუგდიდში ლტოლვილთა სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობის თაობაზე, გულუა ამბობს, რომ სამინისტროში არაერთხელ შესულა მოქალაქეთა საჩივრები სამმართველოს ყოფილ თანამშრომლებზე, მაგრამ საკადრო ცვლილებების განხორციელების შემდეგ დევნილთა პრეტენზიები არ მიუღიათ. მისი თქმით, სამმართველო ზუგდიდში აქტიურად არის ყველა პროცესში ჩართული.

გასულ თვეში, ალტერნატიული საცხოვრებლის მოთხოვნით, ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობასა და ყოფილ რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრებმა დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს. აქცია მას შემდეგ შეწყდა, როცა სამინისტროდან მიღეს ცნობა ზუგდიდში ახალი კორპუსების მშენებლობის შესახებ, სადაც მათი დასახლება იგეგმება.
XS
SM
MD
LG