Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“შიდსი”, როგორც დისკრიმინაციის დაძლევა


1 დეკემბერს მსოფლიომ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ეს დღე, ტრადიციულად, აღინიშნა საქართველოშიც და, ტრადიციულად, შიდსთან ბრძოლის დღე გადაიქცა სტიგმის დაძლევის დღედ. შედეგი სახეზეა - საქართველოში შიდსი უკვე აღარ ითვლება ნარკომანების, ჰომოსექსუალების დაავადებად და ადამიანთა დამოკიდებულება შიდსის ვირუსის მატარებლების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუმცა, როგორც გაირკვა, აივ-დადებითი პირების მიმართ ექიმების მხრიდან დისკრიმინაცია კვლავაც გრძელდება.

2 წლის წინ ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გაიმართა დისკუსია, რომელიც შიდსთან და სტიგმასთან ბრძოლას ეძღვენებოდა. აქ ითქვა სწორედ, რომ საქართველოში მედია - თუკი, მაგალითად, შიდსის თემით დაინტერესდა, სტიგმას უფრო მეტად განამტკიცებს ხოლმე - წარმოგვიდგენს შიდსს, როგორც ნარკომანების, ჰომოსექსუალების, სექსმუშაკების დაავადებას.

ეგრეთ წოდებული ”დესტიგმატიზაციის პროცესი” მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით, განათლებით უნდა მოხდეს - აღნიშნა დისკუსიაზე შიდსის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ბადრიძემ. მისი თქმით:
ნინო ბადრიძე
ნინო ბადრიძე
”აივ-ინფიცირებულები ამბობენ, სტიგმა რომ არ იყოს ქვეყანაში, ჩვენ ჩვენს თავს გავამჟღავნებდით... სტიგმა ძლიერია. თავიდან იყო შემთხვევები, როცა მშობიარეს ახლოს არ იკარებდნენ, თუკი ინფიცირებული იყო. სტომატოლოგი უარს ამბობდა ინფიცირებულის მომსახურებაზე...”

პირველ რიგში, მედიას დაბრალდა მაშინ ინფორმაციის ნაკლებობა და დამღა, რომელიც შიდსის ვირუსის მატარებლებს ადევთ საქართველოში. შესაბამისად, ითქვა, რომ აივ-ინფეცირებულებს კვლავაც ეშინიათ გამოამჟღავნონ თავიანთი სტატუსი და, თუკი მათი უფლება ირღვევა, მიმართონ თუნდაც სახალხო დამცველის ოფისს. ფსიქოლოგიურ ცენტრ ”თანადგომის” ექსპერტის, კახაბერ კეპულაძის თქმით, ამ დაავადებამ ნარკომანების, ჰომოსექსუალების და სექსმუშაკების მიმართ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ უფრო განამტკიცა. „შიდსი არის ცუდი ადამიანების დაავადება, რაც მოუვიდათ, დაიმსახურეს!” - ამას ხშირად გაიგებთ ჩვენში, - აღნიშნა ”თანადგომის” ექსპერტმა კახაბერ კეპულაძემ, რომელმაც თავისი გამოსვლა ასე დაამთავრა:

”რამდენიმე წლის წინ დადგა საკითხი, რა ვუყოთ იმ ქალების ბავშვებს, რომლებიც კომერციული სექსის სფეროში მუშაობენ და არა აქვთ პირობები ამ ბავშვების აღსაზრდელად. საპატრიარქოს აქვს ბავშვთა თავშესაფრები. დავუკავშირდით ერთ-ერთს. გვითხრეს, რომ არ არის პრობლემა. ორი კვირის მოლაპარაკების შემდეგ ორი პირობა დაგვიყენეს. პირველი - მოიტანონ ცნობა, რომ ბავშვი არ არის აივ-ინფიცირებული და მეორე - დედას არ ექნება უფლება, რომ შემოვიდეს ტერიტორიაზე და ბავშვი ნახოს.”

ორი წელი გავიდა ამ დისკუსიიდან და მდგომარეობა თითქოს გამოსწორდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაიწყო აქტიური სარეკლამო კამპანია, დილის, დღის გადაცემებში ჩართეს სოციალური რეკლამა, საკმაოდ ხარისხიანად მომზადებული სარეკლამო რგოლები. ინფორმაციისთვის სივრცე გაიხსნა და ამიტომაც 2013 წლის 1 დეკემბერს ქართული საზოგადოება უკვე სხვაგვარად აღნიშნავს შიდსთან ბრძოლის დღეს, ვიდრე თუნდაც 5 წლის წინ.
ეს მანკიერი წრე აუცილებლად უნდა გავარღვიოთ. ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს, მაგრამ ტრენინგი საკმარისი არაა, უფრო მძაფრი რეაქციაა საჭირო. თითოეული ჩვენგანი ექიმთან რომ მივა უნდა უთხრას: “იცით რა, მე აივ-ინფიცირებული ვარ", "მე შიდსი მაქვს" - იმისათვის, რომ ვეღარ განგვასხვაონ საერთოდ. ყველას უარს ხომ ვერ გვეტყვიან?..
მზია ტაბატაძე

თუმცა სტიგმის პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. 30 ნოემბერს, შიდსთან ბრძოლის დღის აღნიშვნამდე სასტუმრო მეტეხი პალასში მოეწყო პრესკონფერენცია; აივ-დადებითმა პიროვნებამ გვიამბო, რა შეემთხვა 16 ნოემბერს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც იგი ალერგიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას შემდეგ, რაც ექიმმა შეიტყო მისი აივ-სტატუსის შესახებ, უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე. პაციენტის მიმართ გულგრილი გახდა კლინიკის სამედიცინო პერსონალი.როგორც თავად გვითხრა, მოუწია გადაეტანა აგრესია და დამცირება პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების, ასევე დაცვის თანამშრომლების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ალერგიული შეტევის დიაგნოზით იყო, სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ხარჯების ანაზღაურებაზე.

2011 წლის ივნის-ივლისში პროექტ „პოზიტივ პაუერის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ოცამდე აივ-დადებითმა პიროვნებამ დაადასტურა, რომ ექიმები აგრესიულები ხდებიან მას შემდეგ, რაც იგებენ, რომ პაციენტი შიდსის ვირუსის მატარებელია. არადა, 2009 წლიდან აივ-ინფიცირებული კანონით აღარაა ვალდებული უთხრას ექიმს, რომ ვირუსის მატარებელია. კანონის შეცვლის ინიციატორი აივ-პოლიტიკისა და ადვოკატირების ექსპერტი მზია ტაბატაძე პრესკონფერენციის დროს დარბაზში იმყოფებოდა - აივ-ვირუსის მატარებლის ამ მძიმე მონოლოგის შემდეგ მან განაცხადა:

“ეს მანკიერი წრე აუცილებლად უნდა გავარღვიოთ. ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს, მაგრამ ტრენინგი საკმარისი არაა, უფრო მძაფრი რეაქციაა საჭირო. თითოეული ჩვენგანი ექიმთან რომ მივა უნდა უთხრას: “იცით რა, მე აივ-ინფიცირებული ვარ", "მე შიდსი მაქვს" - იმისათვის, რომ ვეღარ განგვასხვაონ საერთოდ. ყველას უარს ხომ ვერ გვეტყვიან?..”

სტიგმატიზებული დაავადებების ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულთა ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. დისკრიმინაციის მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა ანონიმურობას ინარჩუნებს. 30 ნოემბერს ჩატარებული პრესკონფერენციით შესაძლებელია, ყინული გალღვა და აივ-ინფიცირებულებმა თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა უფრო აქტიურად დაიწყეს... სულ ცოტა ხანში, თუკი ექიმები იძულებულები გახდებიან სასამართლოს წინაშე აგონ პასუხი, სტიგმის დაძლევის თვალსაზრისით ერთი ნაბიჯი წინ გადაიდგმება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG