სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის პრობლემები საქართველოში
წლების მანძილზე ბევრ საჯარო დაწესებულებაში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის უქონლობამ, სრულმა ან ნაწილობრივმა მოშლამ, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენა. სწორედ ამიტომ, ყოველთვის საინტერესოა ინიციატივები, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალობას უწყობს ხელს.
ამ თვალსაზრისით საყურადღებოა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მიმდინარე კვირას გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 2010-2012 წლებში - და, ნაწილობრივ, 2013 წელს -თორმეტ სამინისტროსა და თბილისის მერიაში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის მდგომარეობა და გამოწვევები.
შიდა საფინანსო კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა 2007 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმებით, თუმცა მისი რეალურად შესრულება 2010 წლიდან დაიწყო. ამ სისტემის მთავარი არსი ისაა, რომ ფინანსური პრობლემების აღმოჩენა თავად სამსახურის შიგნით ხდება და რეაგირებაც, შესაბამისად, მანამდეა შესაძლებელი, ვიდრე ამას კონტროლის პალატა თუ სხვა მაკონტროლებელი სამსახურები მოითხოვენ.
შიდა აუდიტის სუბიექტი დღეისათვის საქართველოში სულ 28 უწყებაში მოქმედებს, მათ შორის, 12 სამინისტროში, თბილისის მერიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და ოთხ სამინისტროში და აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში.
შიდა აუდიტის სამსახურები არ აქვთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას. სამსახური შეიქმნა, თუმცა, ფაქტობრივად, არ ამოქმედებულა თავდაცვის სამინისტროში.
კვლევამ საკმაოდ განსხვავებული სურათი აჩვენა იმ უწყებების მიხედვით, რომლებსაც ასეთი სამსახური ოფიციალურად აქვთ. ანგარიშის თანახმად, 2010-2012 წლებში საუკეთესო სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა ჰქონდა შემდეგ უწყებებს: საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
კერძოდ, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტივების დაცულობაზე ზრუნვა შეიძლება სამაგალითოდ ჩაითვალოს. საგარეო საქმეთა სამინისტრო შესწავლილი ერთადერთი მხარჯავი დაწესებულებაა, რომელმაც თავად მიაკვლია უკანონოდ გაწეულ ხარჯებს, დაადგინა ხარჯის გამწევი, გამოიკვლია მიზეზები და ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა ხარჯის უკანონოდ გამწევ პირებს და რეალურად განახორციელა მონიტორინგი შესრულებაზე, რაც პრინციპულობისა და აქტივების დაცულობაზე ზრუნვის უპრეცედენტო მაგალითია.
ჩამონათვალში ცალკეა გამოყოფილი სისტემები, სადაც 2010-2012 წლებში შიდა აუდიტის სამსახური ან საერთოდ არ არსებობდა, ან არასაკმარისად ეფექტურად მუშაობდა. ამ ჩამონათვალში არიან: რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შიდა აუდიტი ენერგეტიკის სამინისტროში, ფაქტობრივად, არ არსებობს, რაც განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ აყენებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობასა და კანონიერებას ამ უწყებაში.
მსგავსი კვლევების ერთ-ერთი მიზანია უწყებების წინაშე საბიუჯეტო სახსრების მეტი გამჭვირვალობის ამოცანა დააყენოს, მათზე სახელისუფლებო რეაგირება კი ტესტია იმის გასაგებად, რამდენად არის განწყობილი ხელისუფლება გამჭვირვალედ ხარჯოს სახელმწიფო ფინანსები.