Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ის სანქციებს „შავი სიის“ გაზრდით უპასუხებს


კრემლი, მოსკოვი
კრემლი, მოსკოვი

მაღალჩინოსანი რუსი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი აშშ-ის სანქციების საპასუხოდ გაზრდის ამერიკის იმ მოქალაქეების „შავ სიას“, ვისაც რუსეთში მგზავრობა აეკრძალებათ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა 16 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს სანქციებს „ამერიკელთა ახალი ჯგუფისთვის“ და მოსკოვმა, შესაძლოა, სხვა, „დამატებითი“, ზომებიც მიიღოს.

სერგეი რიაბკოვი
სერგეი რიაბკოვი

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 15 მარტს გამოაცხადა ახალი სანქციები 19 რუსეთის მოქალაქისა და 5 ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელთა შორისაც რუსეთის ორი სადაზვერვო სააგენტოა. ვაშინგტონის განცხადებით, სანქციები პასუხია რუსეთის მიერ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და კიბერთავდასხმების განხორციელებაზე.

რიაბკოვის თქმით, რუსეთის პასუხი აშშ-ის სანქციების ანალოგიური იქნება და იმავე რაოდენობის ინდივიდებს შეეხება.

მას არ დაუკონკრეტებია, თუ როგორი იქნება მოსკოვის სანქციები, თუმცა წარსულში რუსეთის საპასუხო ზომები განისაზღვრებოდა რუსეთში მგზავრობის აკრძალვით იმ ამერიკის მოქალაქეებისათვის, ვისაც მოსკოვი ადამიანის უფლებების დარღვევებში სდებდა ბრალს.

რიაბკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთს სურს ადგილის დატოვება დიალოგისათვის.

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

რუსეთის საპასუხო ზომები ახსენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმაც, თუმცა დეტალების დასახელებისგან მან თავი შეიკავა. პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის საპასუხო ზომები „თავის დროზე“ განხორციელდება და იმგვარად, როგორც მიზანშეწონილი იქნებაო.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სანქციები პასუხია რუსეთიდან მომავალ მრავალნაირ კიბერთავდასხმაზე, მათ შორის რუსეთის მცდელობაზე, შეაღწიონ აშშ-ის ენერგეტიკის ქსელში და სხვა ინფრასტრუქტურაში, მათ შორის კაშხლებში. იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც სანქციები შეეხოთ, არის „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“, რომელსაც დასავლეთში „ტროლების ქარხანას“ უწოდებენ.

რუსეთი უარყოფს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობას.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG