Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლა და მუშაობა, ერთდროულად - იწყება პროფესიული განათლების რეფორმა


პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სწავლას და მუშაობას ერთდროულად შეძლებენ - ასეთია მთავარი იდეა პროფესიული განათლების რეფორმისა, რომელიცმიზნად ისახავს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემა შექმნას. რეფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა 24 მარტს და ის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

სახელმწიფო აპირებს გამოყოს 30-35 მილიონი ლარი სტუდენტების საწყისი ბიზნესიდეების დასაფინანსებლად. ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული ე.წ. „სტარტაპის“ დაფინანსების ინსტიტუტი, სავარაუდოდ, ერთ თვეში ამოქმედდება.

„ეს არის რეფორმა, რომელიც არა მხოლოდ განათლების სისტემის გაუმჯობესებას მისცემს ბიძგს, არამედ, ვფიქრობთ, ქვეყნის განვითარებასაც“ , - ასე დაახასიათა პროფესიული განათლების რეფორმის პირველი ეტაპი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 24 მარტს ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრეზენტაციაზე. მისი განცხადებით, დღემდე საქართველო ფოკუსირებული იყო საბაზისო განათლებაზე - დროა, უფრო შორს მიმავალ მიზნებზე ორიენტირებული ეტაპი დაიწყოსო, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. რას გულისხმობს „ახალ ეტაპში“ პრემიერ-მინისტრი?

"ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს, რომელიც დამყარებული იქნება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის პირობებში ერთდროულად სწავლებასა და მუშაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის საშუალება. უკვე სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება. მას ექნება ამის საშუალება და არამხოლოდ საშუალება - სახელმწიფო შეუქმნის თითოეული მიმართულებით შესაბამის პირობებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა და ისიც განმარტა, რომ ეს პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორისათვის რაღაც იდეების თავსმოხვევას.

ამისთვის ვგეგმავთ სტარტაპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტის შექმნას, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა ინიციატივიან ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დააფინანსონ საკუთარი იდეები ახალ პირობებში...
გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კვლევის შედეგებიც მოიხმო, რომელთა მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის ნაკლებობა ან არარსებობაა. მისი თქმით, სწორედ შრომის ბაზრიდან წამოსული მოთხოვნების საფუძველზე უნდა შედგეს პარტნიორობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, ამ პარტნიორობით კი შეიქმნას ახალი სასწავლო მოდელი, რომელიც პირდაპირ შეუწყობს ხელს დასაქმებას.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების საქმიანი ინიციატივები ინიციატივებად არ დარჩეს და ამისათვის მთავრობამ შექმნას შესაბამისი მექანიზმები:

„ამისთვის ვგეგმავთ სტარტაპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტის შექმნას, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა ინიციატივიან ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დააფინანსონ საკუთარი იდეები ახალ პირობებში, რომლისთვისაც არ იქნება საჭირო ჩვეულებრივი საბანკო პროცედურების გავლა".

სტუდენტების - და არამხოლოდ მათ - საწყის ბიზნესიდეებს, როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც განაცხადა, საქართველოს პარტნიორობის ფონდთნ ერთად, დააფინანსებს ორგანიზაცია, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება. ამისთვის სახელმწიფო 35 მილიონ ლარს გამოყოფს:

„დაწყებითი ბიზნესის დაფინანსების ინსტრუმენტთან დაკავშირებით აქტიურად იმუშავა საპარტნიორო ფონდმა და ეკონომიკის სამინისტრომ. უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე გავიტანთ შესაბამის დადგენილებას და დეტალურ პრეზენტაციასაც გავმართავთ. ამ პროექტისათვის განსაზღვრულია 30-დან 35 მილიონ ლარამდე“.

რაც შეეხება რეფორმის ამ ეტაპის არსს, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა პრეზენტაციაზე, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისას პრაქტიკული სასწავლო პროცესი საწარმოში მიმდინარეობს, თეორიული სწავლება კი - კოლეჯში: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოლეჯის ადმინისტრაციულ ხარჯებს დაფარავს სახელმწიფო, ხოლო სტუდენტების სასწავლო ხარჯები გაიყოფა კოლეჯსა და საწარმოს შორის“.

რას შეცვლის პროფესიული განათლების რეფორმა და რა მოლოდინი აქვთ თავად პროფესიულ სასწავლებლებს? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ საზოგადოებრივი კოლეჯ „მერმისის“ დირექტორს ნონა ღუდუშაურს მიმართა. მისი თქმით, ე.წ. დუალური სწავლება სასწავლო პროცესიდან სამუშაო ადგილზე გადასვლას აადვილებს. ნონა ღუდუშაურის შეფასებით, დამსაქმებელი უფრო მეტად არის დაინტერესებული, უკეთ აკვირდება და არჩევს მომავალ კადრს:

„დღეს ასეთი ვითარებაა: სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას ადგილზე გადიან, კოლეჯში, საწარმოო პრაქტიკას კი პროგრამის დასრულებისას - საწარმოებში. დუალური სწავლებისას კი სტუდენტი თავიდანვეა ჩართული როგორც საწარმოში, ისე კოლეჯში - ის თან მუშაობს, თან სწავლობს. შესაბამისად, მეტია შესაძლებლობა იმისა, რომ დამსაქმებელს როგორი კადრიც უნდა, სწორედ ის უნარები გამოუმუშაოს ადგილზე. ანუ დამსაქმებელი უკვე სასწავლო პროცესში იღებს მონაწილეობას, შეუძლია მასაც შემოგვთავაზოს გარკვეული ცვლილება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი სწავლებაა დანერგილი, ახალგაზრდებში უმუშევრობის პროცენტი უფრო დაბალია“.

ნონა ღუდუშაური ვარაუდობს, რომ დუალური სწავლება უფრო მეტად მაინც სახელობო პროფესიებს შეეხება - მაგალითად, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსებს ან ტყავის ტანსაცმლისა და აქსესუარების სპეცილაისტებს და ა.შ. -მოკლედ, იმ სპეციალობებს, სადაც პროდუქცია იქმნება.

დღეის მონაცემებით, მხოლოდ „მერმისის“ მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, დასაქმების სტატისტიკა სპეციალობების მიხედვით ასეთია: სამკერვალო სპეციალობების სტუდენტების 95 % საქმდება, შედარებით დაბალია ბუღალტრების დასაქმების მაჩვენებელი - 75 %. თექის ოსტატებისათვის, მაგალითად, თითებზე ჩამოსათვლელი საწარმოები არსებობს და ამიტომ, როგორც წესი, თავად საქმდებიან.

როგორც 24 მარტს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რეფორმის განსახორცილებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წელს დასრულდება, 2017 წლიდან კი სტუდენტებს უკვე შეეძლებათ პროგრამაში ჩაერთონ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG