Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ვიცოდეთ გენდერული კვოტების შესახებ


გენდერული კვოტირების შემოღების მხარდამჭერთა აქციისთვის მზადება. 2018 წლის 8 მარტი
გენდერული კვოტირების შემოღების მხარდამჭერთა აქციისთვის მზადება. 2018 წლის 8 მარტი

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, არ დაუჭირა მხარი ცვლილებას „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, ანუ სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში 2017 წლის ივნისში შევიდა და რომელსაც 37 ათასზე მეტი ამომრჩეველი აწერდა ხელს. „ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“ ავტორობით შექმნილ კანონპროექტს, 23 მარტს 10 ხმა დააკლდა იმისათვის, რომ კანონი პირველი მოსმენით მიეღოთ. 66 ხმა 14-ის წინააღმდეგ, ასე გადანაწილდა დეპუტატთა ხმები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი დაუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს: „საპარლამენტო უმრავლესობა ინიცირებას გაუკეთებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ“.

გენდერული კვოტირების მიზანი და კანონპროექტი

პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შემოტანის მიზანია წარმომადგენლობით ორგანოებში გაუმჯობესდეს გენდერული ბალანსი; საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას პარტიებს დაევალოთ დაიცვან სქესთა ბალანსი. კანონპროექტის ავტორი, „ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი“, ფიქრობს, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარმომადგენელი ქალი უნდა იყოს, ანუ 50% განსხვავებული სქესისა. ამ გათვლებით, თუკი საარჩევნო კოდექსში მოთხოვნილი ცვლილებები შევა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 150 პარლამენტარიდან 38 ქალი უნდა იყოს.

გენდერული კვოტირების შემოღების მხარდამჭერთა აქცია, 2018 წლის 8 მარტი
გენდერული კვოტირების შემოღების მხარდამჭერთა აქცია, 2018 წლის 8 მარტი

​კანონპროექტი, რომელიც „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფმა“ შეიმუშავა, გულისხმობს ცვლილების შეტანას პროპორციულ საარჩევნო სისტემაში. 150 პარლამენტარიდან, დღესდღეობით, პროპორციული წესით 77 დეპუტატია არჩეული. და როდესაც პარტიები წარადგენენ საარჩევნო სიას, სწორედ ეს სია უნდა იყოს დაკომპლექტებული განსხვავებული სქესის წარმომადგენლებით, რაც გამოიწვევს იმას, რომ 77 დეპუტატიდან 38 მაინც ქალი იქნება. თუ პარტიული სიის ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენისას პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი არ იქნება განსხვავებული სქესის, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება პარტიული სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და საქართველო

გენდერული კვოტირების შემოღების მხარდამჭერთა აქციისთვის მზადება. 2018 წლის 8 მარტი
გენდერული კვოტირების შემოღების მხარდამჭერთა აქციისთვის მზადება. 2018 წლის 8 მარტი

„ქალთა პოლოტიკური მონაწილეობის“ ინდიკატორით, კერძოდ კი, ქალთა რაოდენობით პარლამენტში, დღეს საქართველო მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის120-ე ადგილს იკავებს. გლობალური გენდერის ინდექსის მიხედვით, საქართველო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობით 90-ე ადგილზე დგას 144 ქვეყანას შორის, თუმცა უშუალოდ პოლიტიკური მონაწილეობით და პარლამენტში ქალთა რაოდენობით 114-ე ადგილს იკავებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში 24 ქალია, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის 15 %-ია. გენდერული დისბალანსია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. საქართველოში ამომრჩეველთა 53 % ქალია.

რა არის გენდერული კვოტირება?

“კვოტა" ლათინური სიტყვაა და ის რისამე დასაშვებ რაოდენობას, მიღებულ ნორმას ნიშნავს. ეს არის ნორმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, ვთქვათ, რელიგიური, ეთნიკური, ენობრივი უმცირესობებისათვის დაწესებულ შეღავათს გულისხმობს, რათა პარლამენტში მათი წარმომადგენლებიც მოხვდნენ და უმცირესობათა ინტერესებზე ყურადღების გამახვილება შეძლონ. იმავე პრინციპს ეფუძნება გენდერული კვოტირება – მრავალ ქვეყანაში კვოტების მეშვეობით არის გარანტირებული პარლამენტში, მთავრობასა თუ პარტიულ სიაში ქალთა გარკვეული რაოდენობის მოხვედრა.

კოლეგებო, საქართველოს პარლამენტში არის მხოლოდ 24 ქალი. კანონის მიღებას სჭირდება 76 ხმა, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ მამაკაცი კოლეგების ხელშია მნიშვნელოვანი ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ხელი შეგვიწყოთ და დაგვეხმაროთ იმ პრობლემების დაძლევაში, რომელსაც ჰქვია ძალადობა, უსამართლო შრომის ანაზღაურება, ძალიან ბევრი სხვა ბარიერი და ამით შევუქმნათ უკეთესი ცხოვრება და მომავალი თქვენს ქალიშვილებს...
თამარ ჩუგოშვილი

​საერთაშორისო გამოცდილება

გენდერული კვოტირების მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ გენდერული კვოტირების შემოღების შემდეგ შეძლეს სკანდინავიის ქვეყნებმა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა. ანალოგიურ ზომას მიმართა თავის დროზე რუანდამაც, რომელიც დღეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით ლიდერ ქვეყნებს 64 %-ით უდგას სათავეში. საკანონმდებლო კვოტების შესრულება სავალდებულოა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. არგენტინა იყო პირველი ქვეყანა, სადაც ამ ფორმის კვოტა იქნა მიღებული: საარჩევნო სიებში 20 %-დან 40 %-მდე ქალ კანდიდატთა წარდგენა.

გენდერული კვოტირების მომხრეთა არგუმენტები

გენდერული კვოტირება საშუალებას აძლევს ქალებს, რომ მაღალ დონეზე წარმოაჩინონ არა მხოლოდ ქალთა საკითხები, არამედ ის პრობლემებიც, რომლებსაც კაცები არ აღიქვამენ მნიშვნელოვან პრობლემად.

ქალები არიან ისეთივე პროფესიონალები, როგორიც კაცები. უბრალოდ, მათ სხვადასხვა ფაქტორის გამო არ ეძლევათ თავის წარმოჩენის საშუალება.

ქალთა აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდით, ამ ქვეყნებმა არაერთი ისეთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღეს, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქვეყანაში ქალთა მდგომარეობა, ჯანდაცვა, განათლების სისტემა და სხვა.

ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდით, ქვეყანაში გაჩნდება სამართლიანობის განცდა.

თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი: „ამ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმ პრობლემების დაძლევაში, რაც დღეს ქალების წინაშე დგას. რატომ მაინცდამაინც სავალდებულო კვოტა? სამწუხაროდ, წლებია, ამოვწურეთ ყველა ის შესაძლებლობა და წამახალისებელი ნორმა, რომელიც შეიძლებოდა, რომ პრობლემებთან გამკლავებაში დაგვხმარებოდა, დამატებითი ფინანსური წამახალისებლები თუ ა.შ. ამ ნორმებმა არ იმუშავა. ჩვენ დღეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდა გვაქვს ნომინალური. კოლეგებო, საქართველოს პარლამენტში არის მხოლოდ 24 ქალი. კანონის მიღებას სჭირდება 76 ხმა, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ მამაკაცი კოლეგების ხელშია მნიშვნელოვანი ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ხელი შეგვიწყოთ და დაგვეხმაროთ იმ პრობლემების დაძლევაში, რომელსაც ჰქვია ძალადობა, უსამართლო შრომის ანაზღაურება, ძალიან ბევრი სხვა ბარიერი და ამით შევუქმნათ უკეთესი ცხოვრება და მომავალი თქვენს ქალიშვილებს. ძალიან გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი ამ საკანონმდებლო ინიციატივას“.

გენდერული კვოტირების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

გენდერული კვოტირება არღვევს ყველასათვის თანასწორი შესაძლებლობების პრინციპს.

რა არის ჩვენი მიზანი? პროფესიული და ძლიერი პარლამენტი გვყავდეს თუ ის, რომ მოვიცვათ ყველა? კვოტირება რჩება იმ თემად, რომელსაც ვერანაირად ვერ მივიღებ - ვერც მენტალურად და ვერც შინაგანად...
გედევან ფოფხაძე

ქალთა დიდი რაოდენობა მხოლოდ იმიტომ არ არის წარმოდგენილი პოლიტიკაში, რომ მათ ეს არ სურთ.

კვოტირება ვერ იქნება დემოკრატიული პროცესის ნაწილი, როდესაც მას პოლიტიკური კონტექსტით ვიყენებთ, რადგან ის „ზღუდავს“ სხვა კანდიდატებს.

კვოტირების საფუძველზე, ქალები აირჩევიან მხოლოდ გენდერული ნიშნით და არა მათი კვალიფიკაციითა და უნარებით.

გედევან ფოფხაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

„რა არის ჩვენი მიზანი? პროფესიული და ძლიერი პარლამენტი გვყავდეს თუ ის, რომ მოვიცვათ ყველა? კვოტირება რჩება იმ თემად, რომელსაც ვერანაირად ვერ მივიღებ - ვერც მენტალურად და ვერც შინაგანად".

ხალხის აზრი

2017 წელს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატერებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 49 % მხარს უჭერს პარლამენტში გენდერული კვოტირების შემოღებას. კვოტირების წინააღმდეგია გამოკითხულთა 20 %.

XS
SM
MD
LG