Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰანს როსლინგი: გლობალიზაცია მხოლოდ ახლა იწყება და საქართველო მასში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს


ჰანს როსლინგი
ჰანს როსლინგი

ჰანს როსლინგი, ალბათ, ყველაზე პოპულარული სტატისტიკოსია მსოფლიოში. 65 წლის შვედი ექიმი და სტატისტიკოსი ცნობილია იმით, რომ თვალსაჩინოდ და უჩვეულოდ გამოხატავს ხოლმე მონაცემებს. მისი ლექციები ინტერნეტში მილიონობით ადამიანს აქვს ნანახი, ივნისის ბოლოს კი მისი ნახვა საქართველოშიც შეეძლოთ: გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა ის თბილისში მიიწვია. ჰანს როსლინგმა ორი საჯარო ლექცია ჩაატარა. რადიო თავისუფლება მას ერთ-ერთი ლექციის შემდეგ გაესაუბრა.

რადიო თავისუფლება: გუშინდელი შეხვედრა გქონდათ უფრო გადაწყვეტილებების მიმღებებთან, მათ შორის პარლამენტარებთან, დღევანდელ ლექციაზე კი უფრო ახალგაზრდები ჭარბობდნენ - ის ხალხი, ვისაც, სავარაუდოდ, ინტერნეტში უნახავს თქვენი ლექციები. დიდი განსხვავება იყო ამ ორ ჯგუფს შორის?

ჰანს როსლინგი: მთავარი განსხვავება ის იყო, რომ ამ ჯგუფს ინგლისური გაცილებით უკეთ ესმოდა. უფრო სწორად, ინგლისურის ნაცვლად „სვინგლისური“ უნდა მეთქვა - ეს ის ენაა, რომლითაც შვედები ვლაპარაკობთ ხოლმე. ჩანს, რომ ასაკის კლებასთან ერთად მნიშვნელოვნად მატულობს ინგლისურის ცოდნის დონე.

რადიო თავისუფლება: ადრე მიცემულ ინტერვიუებში გითქვამთ, რომ ერთგვარად იმედგაცრუებული ხართ იმით, რომ თქვენს ლექციებს არასაკმარისი გავლენა აქვს ხალხზე - რომ თავად უფრო ცნობილი ხდებოდით, პრაქტიკულ შედეგს კი ვერ ხედავდით. ახლაც ასე ფიქრობთ?

ჰანს როსლინგი: ასე კი არ ვფიქრობ, ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ ვიკვლევთ, თუ ვინ რა იცის. როდესაც ვეკითხებით ამერიკელებს, ბოლო ოც წელიწადში შეიცვალა თუ არა მსოფლიოში იმ ხალხის რაოდენობა, ვინც უკიდურეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს - გაორმაგდა, განახევრდა თუ იგივე დარჩაო, მხოლოდ ხუთი პროცენტი პასუხობს სწორად - რომ განახევრდა. შესაბამისად, ამერიკაში ხალხს მიაჩნია, რომ სიღარიბის დონე მსოფლიოში იმატებს - არადა, საქმე პირიქითაა. ჩვენ მათ ვეკითხებით, მსოფლიოს მცხოვრებთა რამდენმა პროცენტმა იცის წერა-კითხვა. ისინი პასუხობენ, 50-მა პროცენტმაო. არადა, სწორი პასუხია 80 პროცენტი. იგივე შედეგები მივიღეთ სკანდინავიელების გამოკითხვისასაც - ამერიკელებმა, საბოლოო ჯამში, ოდნავ უკეთ უპასუხეს. ჩვენ გვგონია, რომ მსოფლიო განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისგან შედგება და ამიტომაც იძლევა ყველა არასწორ პასუხს. მაგალითად, მათ წარმოდგენა არა აქვთ, რომ საქართველი ტიპიური შუათანა ქვეყანაა, რომელსაც უკვე გადაჭრილი აქვს განვითარების ბევრი გამოწვევა. ეკონომიკური პრობლემები ბევრი გაქვთ, მაგრამ ზოგადად სწორ გზაზე დგახართ. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა - ავარიებში დაღუპულთა რაოდენობის ძალიან მაღალი სტატისტიკა და აბორტების დიდი რაოდენობა - პრობლემები, რომლებიც გადასაჭრელია და რომელთა გადაჭრის პროცესშიც ხართ. მაგრამ ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო, მაგალითად, სომალისთან, ავღანეთთან, კონგოსა და ნიგერიასთან. არადა, როდესაც საქართველოს ერთ ჯგუფში სვამ ამ ქვეყნებთან ერთად და განვითარებად სამყაროს არქმევ, რის ცოდნას იღებ ამით? და ესაა ჩემი იმედგაცრუების მთავარი მიზეზი: თუ რამე გინდა გაიგო მომავლის შესახებ, სულ ცოტა, ის მაინც უნდა იცოდე, თუ რა ხდება დღეს.

რადიო თავისუფლება: რატომ? რა მნიშვნელობა აქვს თუ საშუალოსტატისტიკურმა ამერიკელმა, შვედმა ან ქართველმა არ იცის, რა ვითარებაა, ვთქვათ, აზიაში მოსახლეობის დინამიკის მხრივ? სად შექმნის ეს პრობლემას?

ჰანს როსლინგი: მოსახლეობას უნდა შეეძლოს სწორად მისცეს ხმა არჩევნებზე და იცოდეს, რა წაადგება მის ქვეყანას. მე არ ვლაპარაკობ განსაკუთრებულად დიდ ცოდნაზე. დეტალები ადამიანს, როგორც წესი, არ სჭირდება, მაგრამ თუ გარესამყაროს ზოგადი ცოდნა მაინც არა გაქვს, დაიკარგები. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა აღარ ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში და ასეთი ქვეყნების რიცხვი მატულობს. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ ჩნდება უფრო მეტი ახალი ბაზარი, სადაც ჭკვიან ბიზნესმენს პროდუქტის გაყიდვა შეეძლება. ნიშნავს ასევე იმას, რომ თუ ჭკუას არ იხმარ, კონკურენციაც გაგეზრდება. ამიტომაც გირჩევნია, რომ ჭკუა დაატანო. მაგრამ არაფერი გამოგივა, თუ ინფორმაცია არა გაქვს ამ დინამიკის შესახებ. როგორ გგონიათ, რატომ დაინტერესდებოდა ამერიკული ფინანსური და კორპორაციული სექტორი ჩემი ლექციებით, ეს ცოდნა მნიშვნელოვანი რომ არ იყოს?

რადიო თავისუფლება: დიდ ინტერესს გამოხატავენ?

ჰანს როსლინგი: იმდენს გვიხდიან, რომ ამ ფულით ჩვენს უფასო ვებსაიტს ვაფინანსებთ. რობინ ჰუდის პრინციპებით ვმოქმედებთ: ფინანსურ სექტორს ლექციებს ძვირად ვუფასებთ, მთავრობებს - უფრო იაფად. თქვენთან როდესაც ჩამოვდივარ, ეს უფასოა და, სხვათა შორის, კორპორაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრები ძალიან საინტერესოა ხოლმე. ერთ-ერთმა მითხრა: ჩემი მთავარი პრობლემა ასეთია - ჩემს თანამშრომლებს ჰგონიათ, რომ გლობალიზაცია დასრულდა, არადა, ის წესიერად ჯერ არც კი დაწყებულაო.

რადიო თავისუფლება: ლექციისას ბრძანეთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს როლი გაიზრდება და ის ევროპის პერიფერია კი არ იქნება, არამედ აღმოჩნდება აზიის მზარდ ბაზარსა და „ძველ ევროპას“ შორის - მოვლენების შუაგულში. ასევე ბრძანეთ, რომ საქართველომ, ამ წინასწარმეტყველების მიხედვით, მხოლოდ ევროპასთნ დაახლოებაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ არანაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს აზიას, განსაკუთრებით თურქეთსა და ირანს. როგორ გგონიათ, რა განაპირობებს იმის ალბათობას, რომ ეს ასე მოხდება? თქვენ საკმაოდ დარწმუნებული ჩანდით...

ჰანს როსლინგი: ის, რომ ასე თუ არ მოხდა, დაიწყება ომი ან რამე სხვა კრიზისი და დაიწყება იმ მასშტაბებით, როგორიც ბოლო ათასი წელია არ გვინახავს. მე ვთქვი, რომ საქართველო ახლა სწორედაც ყველაზე ჭკვიანურ რამეს აკეთებს - ხელს აწერს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთნ. ლექციაზე ვთქვი კიდეც, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება-მეთქი. ჩვენ მოგვწონს, რომ საქართველო ევროპაშია. ეს იმიტომ, რომ გრძელვადიანად თუ შევხედავთ, საქართველო იქნება ევროპის საუკეთესო პარტნიორი იმ მიმართულებით, სადაც მომავალში იწარმოებს ვაჭრობისა და სხვა სახის კონტაქტების დიდი ნაწილი. ეს ორი რამე ერთმანეთს მშვენივრად უთავსდება - მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. ჩემთვის ყველაზე საინტერესო კორპორაციული სისტემის ხედვაა - მათ იციან, სადაა მომგებიანი ბაზარი. ვთქვათ, ავიღოთ „პროქტერი და გემბლი“, ძალიან წარმატებული ამერიკული კომპანია, რომელიც აწარმოებს ადამიანისთვისს ყოველდღიურად საჭირო პროდუქტებს. მათ იციან, როგორ შეათავსონ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. აი, მაგალითად, შამპუნი რომ ავიღოთ. კომპანიამ შეისწავლა და გაარკვია, რომ მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობა შამპუნს ბოთლით არ ყიდულობს - სამაგიეროდ, ყიდულობენ ხოლმე შამპუნის ერთჯერად პაკეტებს, რომლებსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში - ვთქვათ, ქორწილის დღეს - გამოიყენებენ. შემდეგ გავა ხუთი თუ ათი წელი და ეს ადამიანები და მათი ქვეყანა ასცდებიან უკიდურესი სიღარიბის ზღვარს. და შემდეგ ისინი სწორედ იმ შამპუნს იყიდიან, რომელიც ქორწილის დღეს გამოიყენეს. დღეს ეს ტენდენცია შეუქცევადი ხდება. დიდი კომპანიები უარს ამბობენ მხოლოდ ამერიკულ ან შვედურ კომპანიებად დარჩენაზე. ისინი საერთაშორისო კომპანიებად გადაქცევას ცდილობენ და, შესაბამისად, უწევთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საჭიროებებისა და პოტენციალის გაცნობა.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG