ბოლო დროს გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს არაერთი ინციდენტი შეემთხვათ. სამედიცინო პერსონალის მიმართ პაციენტთა ნათესავების აგრესიას გამოძახებებზე დაგვიანება იწვევს ხოლმე. სამსახურის 8 ბრიგადა გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა გამოძახებაზე დროულ გასვლას რომ ვერ ახერხებს, ამას თვითონ მედპერსონალიც აღიარებს. ამას ემატება ძველი მანქანები, რომლებიც ხშირად ფუჭდება. „სასწრაფოს“ ავტოპარკი 2008 წლის აგვისტოს ომამდე განახლდა და მაშინ სამედიცინო სამსახურს რუსეთის წარმოების უაზები მისცეს. „ამბულატორია ბორბლებზე“ -ასე უწოდებს სასწრაფო დახმარებას სამსახურის უფროსი თემურ თანიაშვილი. მისი თქმით, ხშირად კბილის წამოტკივებაზეც კი „სასწრაფოს“ იძახებენ, რაც სხვა გამოძახებებზე დაგვიანების მიზეზი ხდება. სამსახურის უფროსმა ადგილობრივი მედიით განცხადება გააკეთა, რომ 1 სექტემბრიდან „სასწრაფო“ გამოძახებებზე გასვლის ახალ რეჟიმზე გადადის და რიგითობის ნაცვლად პრიორიტეტი გადაუდებელ დახმარებაზე გაკეთდება, თუმცა იქვე განმარტა, რომ მედპერსონალი ყველა გამოძახებაზე მაინც ივლის.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების მიმართულებით ახალი რეგულაციების შესახებ ხმები საზოგადოებაშიც სწრაფად გავრცელდა. გორელების ნაწილი ამ ცვლილებების წინააღმდეგია, რადგან, მათი აზრით, პაციენტებმა არ იციან რა სახის პრობლემა აქვთ და არის თუ არა ეს გადაუდებელი საჭიროებით გამოწვეული გამოძახება.
ქეთი ბიძინაშვილი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ნაბიჯი მომავლისკენ“, აცხადებს, რომ ახალი რეგულაცია ჯერ არ ამოქმედებულა და ძნელი სათქმელია პრაქტიკაში მას რა შედეგი ექნება. მისი თქმით, არაერთ ევროპულ ქვეყანაში სწორედ ასეთი რეგულაცია მოქმედებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პაციენტების მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეზღუდვებისა და რეგულაციების გარეშე. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პირველ სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე ცვლილებები წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.
გორის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში აცხადებენ, რომ სექტემბრის ბოლოს ახალი მანქანების მიღებას ელოდებიან, რაც მათ მომსახურებას გააუმჯობესებს.