Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლაზე შეზღუდვის ვადა ხანგრძლივდება


სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლის პროცესი კიდევ ექვსი თვით იქნება შეზღუდული. ვადა, რომელიც ამ მიმართულებით კანონში 2014 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდო და, შესაბამისად, აღნიშნული მორატორიუმი ახალი წლისათვის სრულდებოდა, 2015 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლის უფლება, მიწების უცხოელებისთვის გასხვისებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორუმის ფარგლებში, შეიზღუდა, რადგან, როგორც ინიციატივის ავტორმა ზურაბ ტყემალაძემ განმარტა, დაფიქსირდა სასოფლო-სამეურნეო მიწების არასასოფლო-სამეურნეო მიწებად გაყიდვის არაერთი ფაქტი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლითაც უცხოელებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება. თუმცა, კანონპროექტის ინიციატორების ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კვლავაც არ არის მომზადებული ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საბოლოოდ მოაწესრიგებს პროცესს.

სტატუსის ცვლილების შესახებ ამ გადაწყვეტლებას ხელისუფლება ამით ამართლებს.

უნდა ითქვას, რომ მსგავსი გაურკვევლობა მიწის რეგისტრაციის საკითხებთან მიმართებაში აშკარად არ ახალისებს ინვესტიციების შემოდინებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში და, შესაბამისად, ვერც ამ დარგის განსაკუთრებულ ზრდას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს დარგი პრიორიტეტულად გამოაცხადა და მასში საკმაოდ მსხვილი სუბსიდირებისა და ინფრასტრუქტურული ხარჯები ჩადო, დაიწყო აგრარული დაზღვევის სისტემის ტესტირებაც, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე კვირას გამოქვეყნებული მაჩვენებლები მოწმობს, რომ 2014 წლის 9 თვის მანძილზე სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში, ბოლო მონაცემებით, კვლავ 10 პროცენტს არ აღემატება.

ადრეც გვითქვამს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს განუვითარებლობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უდიდესი რაოდენობა, თითქმის 70 პროცენტი, დაურეგისტრირებელია. ამას გარდა, დარეგისტრირებული მიწები ფრაგმენტულია, ანუ, საქართველოს პირველი ეროვნული სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების მიხედვით, რომელიც ჩატარდა ევროკომისიისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოში მეურნეობათა 43.1% ფლობს ნახევარ ჰა-მდე მიწის ნაკვეთს, 0. 5 ჰა-დან 1 ჰა-მდე ნაკვეთებს ფლობს მეურნეობათა 32%, ანუ 75 პროცენტი 1 ჰექტარამდე მიწის მფლობელია. ამ მასშტაბის მიწის ფართობზე რაიმე პროგრესული ტექნოლოგიის დანერგვა, მექანიზაციის ან სხვა საშუალებების გამოყენება, შრომის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით, პრაქტიკულად გამორიცხულია. ფერმერულ მეურნეობათა ეს კატეგორია ორიენტირებულია თვითუზრუნველყოფაზე და, ამდენად, აქ წარმოების პროდუქციის დონე ყოველთვის დაბალი იქნება.

ამ დროს უცხოური ინვესტიციების შეფერხება ამ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად აფერხებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესს. რა მოცულობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რაც ხელს უშლის უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შეზღუდვის ზუსტი ეკონომიკური შედეგების დათვლას.

თუმცა არსებობს სტატისტიკა, რომელიც ცხადყოფს, რომ 2011-2012 წლებში, როცა შეზღუდვები არ მოქმედებდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის სოფლის მეურნეობაში გაიზარდა. თუ 2011 წელს მთლიან ინვესტიციებში მისი წილი შეადგენდა 1.3 პროცენტს, 2012 წელს საშუალოდ 1.7 პროცენტი შეადგინა, 2012 წლის მე-2 და მე-3 კვარტალებში კი - 2.3-2.5 პროცენტამდე გაიზარდა.

ამასთან, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით,უცხო ქვეყნის მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწიდან დაახლოებით 18 500 ჰექტარს ფლობენ, რაც ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწის მთელი ფართობის სულ 0,7 პროცენტია და, შესაბამისად, ამ ტენდენციის განსაკუთრებულ მასშტაბებსა და საფრთხეებზე საუბარი გადაჭარბებულია.

XS
SM
MD
LG