Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სასიამოვნო ქურდობა“, ანუ შეღავათები მცირე მეწარმეებს


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცირე მეწარმეებისთვის დაწესდება დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი: 5-ჯერ შემცირდება ბრუნვის გადასახადი, რომელიც 5%-ის ნაცვლად იქნება 1%. გარდა ამისა, შეიცვლება საწარმოს ზომის განსაზღვრის კრიტერიუმიც. დღეს თუ მცირე მეწარმედ ითვლება წელიწადში 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, შეღავათიანი რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მცირე საწარმოდ ჩაითვლება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება მართლაც მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობაში დაკავებული ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 15 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

თავის დროზე პარლამენტმა ჩააგდო ჩემს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მცირე მეწარმეებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ, ახლა კი იგივე, მცირედი სახეცვლილებით, მთავრობას შემოაქვს. ეს არის ჩვენი კანონპროექტის ასლი.
რომან გოცირიძე

საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო წარმოების განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად ჯერ კიდევ 2016 წელს გამოაცხადა, როცა დაამტკიცა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია, რომლის მიზანია:

ა) 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით; ბ) 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდა 15%-ით; გ) 2020 წლისთვის მწარმოებლურობის ზრდა 7%-ით.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს მცირე და საშუალო საწარმოებზე მთლიანი ბრუნვის მხოლოდ 9-9 პროცენტი მოდიოდა (ვითარება დიდად არ შეცვლილა 2017 წლის პირველ სამ კვარტალშიც). არადა, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ საგადასახადო ტვირთის შემცირება რადიკალურად შეცვლის ვითარებას.

მთავრობის ამ ინიციატივას მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ მთავრობას ბევრად ადრე შეეძლო სიახლის დანერგვა, მით უფრო, რომ ოპოზიცია არაერთხელ გამოვიდა შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით.

გადასახადების შემცირებას არ უნდა ჰქონდეს სელექციური ხასიათი. თუ საგადასახადო ლიბერალიზაცია ტარდება, ის უნდა იყოს ყოვლისმომცველი, განურჩევლად იმისა, როგორია ბიზნესის ზომა...
ირაკლი ყიფიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებას „სასიამოვნო ქურდობა“ უწოდა. რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში დეპუტატი ამბობს:

„თავის დროზე პარლამენტმა ჩააგდო ჩემს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მცირე მეწარმეებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ, ახლა კი იგივე, მცირედი სახეცვლილებით, მთავრობას შემოაქვს. ეს არის ჩვენი კანონპროექტის ასლი“.

რომან გოცირიძის თქმით, მისი ინიციატივა გულისხმობდა წლიური ბრუნვის ზღვრის გაზრდას 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე.

დეპუტატი ამბობს, რომ ბრუნვის გადასახადის შემცირებით მცირე ბიზნესს შეუმცირდება საგადასახადო ტვირთი, რაც ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას, თუმცა გაჩნდება გარკვეული სახის რისკი, რომ შედარებით მსხვილმა ბიზნესმა, შეღავათიან რეჟიმში მოსაქცევად, ხელოვნურად დააქუცმაცოს წარმოება. ეკონომისტთა ერთი ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ სიახლის შემოღებით უთუოდ აღმოიფხვრება პრაქტიკა: როცა წარმოების ბრუნვა მიაღწევდა 100 000 ლარს, მეწარმე აჩერებდა საქმიანობას, აფუძნებდა ახალ კომპანიას და აგრძელებდა მუშაობას სხვა სახელით.

მთავრობას მოუწია სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, თუმცა არის რიგი საკითხებისა, მათ შორის, დღგ-ის გადახდის ქვედა ზღვარის დადგენა, რაც დამატებით მსჯელობის საგანია...
დავით ბაქრაძე

ეკონომისტ სოსო არჩვაძის თქმით, მთავრობის ინიციატივა აუცილებლად გაზრდის სამეწარმეო აქტიურობას, რაც, ადრე თუ გვიან, გამოიწვევს მეტი დამატებული ღირებულებისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ყოველივე ამას კი მოჰყვება მეტი გადასახადის აკუმულირება ბიუჯეტში, თუმცა სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ უფრო ეფექტიანი იქნებოდა გადასახადების დიფერენცირება დარგების მიხედვით და შეღავათების დაწესება იმ ბიზნესისთვის, რომელიც აგრო-სასურსათო პროდუქციის გადამუშავებით არის დაკავებული.

მთავრობას გადასახადების შემცირებას უწონებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანიც, თუმცა, მისი თქმით, არასწორია გადასახადების დიფერენცირება საწარმოთა ზომების შესაბამისად.

„გადასახადების შემცირებას არ უნდა ჰქონდეს სელექციური ხასიათი. თუ საგადასახადო ლიბერალიზაცია ტარდება, ის უნდა იყოს ყოვლისმომცველი, განურჩევლად იმისა, როგორია ბიზნესის ზომა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ყიფიანმა, რომელიც მთავრობის ინიციატივისგან რადიკალურ ეკონომიკურ წინსვლას არ ელოდება. მისი თქმით, განვითარების მოცემულ ეტაპზე საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს მსხვილი ბიზნესის მოზიდვა და მისთვის ხელსაყრელი საგადასახადო თუ ინფრასტრუქტურული პირობების შექმნა: „მხოლოდ ასე შეიძლება ეკონომიკური გარღვევის მიღწევა და ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა“.

„მთავრობას მოუწია სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, თუმცა არის რიგი საკითხებისა, მათ შორის, დღგ-ის გადახდის ქვედა ზღვარის დადგენა, რაც დამატებით მსჯელობის საგანია“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას.

„წელიწადზე მეტია პარლამენტში დარეგისტრირებული გვაქვს პროექტი, რომელიც მცირე ბიზნესისათვის გადასახადების მთლიანად მოხსნას ითვალისწინებს. ჩვენ ვეცდებით, რომ საპარლამენტო განხილვისას მთავრობა ვაიძულოთ დამატებითი ნაბიჯები გადადგას მცირე ბიზნესისკენ და წარმოდგენილ პაკეტთან ერთად დაარეგულიროს ის სხვა საკითხები, რომლებიც, ჯამში, შექმნის დამატებით შეღავათებს მცირე ბიზნესისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG