Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატიმროს პრობლემები ომბუდსმენის ანგარიშში


უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა # 6 პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ლაპარაკია იმ არაერთი პრობლემის შესახებ, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფმა დაწესებულებაში ვიტიზისას აღმოაჩინა. სახალხო დამცველის ანგარიშს წერილობით გამოეხმაურა სასჯელაღსრულების სამინისტრო.

გადმოწერა

ანგარიში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროს # 6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას ეხება, სახალხო დამცველის ოფისმა სპეციალური პრევენციული ეროვნული მექანიზმის ჯგუფის მუშაობისა და დაწესებულებაში ორი ვიზიტის შედეგად გამოაქვეყნა. ეს არის დაწესებულება, სადაც მაღალი საშიშროების პატიმრები იხდიან სასჯელს. ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა, პატიმრებისადმი დამამცირებელი და აგრესიული დამოკიდებულება, სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის ფაქტი, გაურკვეველი წარმომავლობის ტრავმები - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემური საკითხებისა, რომელთა შესახებ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ანგარიშში წერენ. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული მხოლოდ ის, რომ დაწესებულებაში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

დაფიქსირებულია არაერთი ისეთი დაზიანება, რომლის წარმომავლობა არის გაურკვეველი და საეჭვო...
ნიკა კვარაცხელია

ნიკა კვარაცხელია, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, რომელიც თავად იმყოფებოდა დაწესებულებაში და პირადად გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხსნის საპატიმროებში მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის მოდელს და ამბობს, რომ პრევენციული ჯგუფის ვიზიტების თარიღი მკაცრად არის გასაიდუმლოებული და, შესაბამისად, დაწესებულებები არ არიან ინფორმირებულნი მათი ვიზიტის შესახებ. ჯგუფის წევრები ხვდებიან როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ისე პატიმრებს და ასევე მოწმდება დოკუმენტაცია. სწორედ ორი ამგვარი ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელთა შესახებ ნიკა კვარაცხელია დეტალურად საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს ჟურნალში გაკეთებულ ჩანაწერებზე, რომლებიც პატიმრების ტრავმებს ეხება:

„დაფიქსირებულია არაერთი ისეთი დაზიანება, რომლის წარმომავლობა არის გაურკვეველი და საეჭვო. როდესაც ადამიანს თვალბუდის არეში აქვს დაზიანება მიღებული, ამ შემთხვევაში ახსნა და საუბარი იმაზე, რომ ის გადმოვარდა საწოლიდან, რა თქმა უნდა, სარწმუნო არ არის და ძნელად დასაჯერებელია, რომ ადამიანს საწოლიდან გადმოვარდნით ასეთი დაზიანება მიეღო. შესაბამისად, აქ ვარაუდი იმისა, რომ პატიმარი შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო, არსებობს. შესაბამისად, ეს არის დოკუმენტირების პრობლემა და ეს არ არის მხოლოდ მეექვსე დაწესებულებისთვის დამახასითებელი პრობლემა. ეს პრობლემა, ზოგადად, სისტემაში არსებობს“.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა # 6 პენიტენციურ დაწესებულებაში აღმოაჩინეს, უკავშირდება ახალგარემონტებულ საკნებში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს. როგორც ნიკა კვარაცხელია ამბობს, ვიდეოკამერების არეალში მოქცეულია საპირფარეშოს სივრცეც, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი პატიმრების პრივატულობა. ვიზიტების შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების დიდ ნაწილს პრობლემები აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პატიმრები უზრუნველყოფილ იქნენ დროული ფსიქიატრიული დახმარებით, რისთვისაც აუცილებელია დაწესებულებაში დამატებულ იქნეს ფსიქიატრის შტატი. გარდა ამისა, როგორც ნიკა კვარაცხელია მიუთითებს, 2015 წელს პატიმართა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, 34,3 %-ით გაიზარდა დისციპლინური სახდელის დაკისრების პრაქტიკა:

„ხანგრძლივი ვადით პირის იზოლირება, ანუ მარტო საკანში მოთავსება - ეს სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან ცნობილია როგორც საერთაშორისო სამართალში, ისე, ზოგადად, წამების პრევენციის სფეროში, რომ ხანგრძლივი ვადით პირის მსგავს საკანში მოთავსება შესაძლოა გაუტოლდეს არაადამიანურ მოპყრობას და მას აქვს ძალიან ცუდი ფსიქოლოგიური ეფექტი“.

მეექვსე დაწესებულების პატიმრები ჩივიან არასათანადო მოპყრობაზე. მე არ ვსაუბრობ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე...
თამარ ავალიანი

დისციპლინური სახდელის გაზრდილ პრაქტიკაზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანიც. მისი თქმით, უმეტესწილად, აღნიშნული ღონისძიებები არ არის დასაბუთებული. თუმცა მხოლოდ ეს საკითხი არ არის, რის გამოც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ინტენსიურად მიმართავენ პატიმრები და მათი უფლებების დაცვას ითხოვენ. უკანასკნელი კოლექტიური მიმართვა ცენტრმა, დაახლოებით, სამი კვირის წინ მიიღო. თამარ ავალიანის თქმით, წერილში პატიმრებს სხვადასხვა მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის უპირველესი კი ჯანდაცვის საკითხების მოგვარებას ეხებოდა. როგორც თამარ ავალიანი ამბობს, ციხის ადმინისტრაციამ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა საკითხის მოგვარება, რაც საქმეში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჩაერთო:

„მეექვსე დაწესებულების პატიმრები ჩივიან არასათანადო მოპყრობაზე. მე არ ვსაუბრობ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ლაპარაკია სიტყვიერ, უხეშ მოპყრობაზე ადმინისტრაციის მხრიდან. მივიღეთ კოლექტიური წერილი, სადაც აკუმულირებული იყო ბევრი პრობლემა - როგორც ჯანდაცვა, დროული მკურნალობა, მედიკამენტების დროული მიწოდება და სხვა“.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება სატელეფონო საუბრის კონფიდენციალობის დაცვა. აღსანიშნავია, რომ # 6 დაწესებულების დებულების თანახმად, მსჯავრდებულები ვალდებულნი არიან დაწესებულების დირექტორს მიაწოდონ თავიანთი საკონტაქტო ნომრები, რომლებზეც რეკავენ ხოლმე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის ანგარიშს # 6 დაწესებულების შესახებ წერილობით გამოეხმაურა. უწყება სპეციალური პრევენციის ჯგუფის მიერ წამოჭრილ თითოეულ პრობლემას პასუხს სცემს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არც ერთ მსგავს შესაძლო შემთხვევას არ ტოვებს უყურადღებოდ და ყოველთვის სათანადოდ რეაგირებს; ვიდეოკამერით მეთვალყურეობა ხდება ყველა წესის დაცვით, მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შეულახავად. სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტებით, მსჯავრდებულის სხეულზე ნებისმიერი დაზიანებისა თუ ტრავმების დოკუმინტერება ხდება არსებული წესების მიხედვით. ყველა მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო სერვისით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრიული დახმარებით.

XS
SM
MD
LG