Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო პოლიტიკური დებატები ეკონომიკაზე


საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით, 1 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა პოლიტიკური დებატები „ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით“. წინასწარვე ნათელი იყო, რომ გამოიკვეთებოდა მკვეთრად ურთიერთსაპირისპირო პოზიციები, რადგანაც ”ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის ეკონომიკურ კრახზე ლაპარაკობს, ხოლო ”ქართული ოცნება” თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება.

საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მიკროფონთან პირველი ზურაბ ტყემალაძე მივიდა და დასაწყისშივე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ”პოზიტიური დინამიკა” შეინიშნება. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ პირველ 6 თვეში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 458 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 232 მილიონი დოლარი მეორე კვარტალზე მოდის და ეს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით, ხოლო პირველი კვარტალის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. იანვარ-აგვისტოში გამომჟღავნდა ექსპორტის ზრდის ტენდენციაც:

”მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 2,2%-ით შემცირდა და მილიარდ 769 მილიონი დოლარი შეადგინა, საერთო ჯამში, აღსანიშნავია, რომ ექსპორტი 34%-ით გაიზარდა. დსთ-ის წევრ ქვეყნებთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 8,7%-ით გაიზარდა, ექსპორტი 24%-ით გაიზარდა და 979 მილიონი ამერიკული დოლარით განისაზღვრა, ხოლო იმპორტი ერთი პროცენტით შემცირდა”.

ზურაბ ტყემალაძე განსაკუთრებულ წარმატებად მიიჩნევს ადგილობრივ მეწარმეებზე ორიენტირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც შიდა სამომხმარებლო ბაზრის დაცვას უკავშირდება:

”აღნიშნული კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი მეწარმეების დაცვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიებზე შემოდინებული გაზრდილი იმპორტისაგან, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ანდა ქმნის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს მსგავსი და კონკურენტული საქონლის ადგილობრივი მწარმოებლებისათვის. ასევე მუშავდება კანონპროექტი ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისაგან ადგილობრივი მრეწველობის დაცვა”.

საქართველოში 2013 წელს, ეს მე მახარებს, 2 188 000 ტურისტი შემოვიდა, სამი აეროპორტის პირობებში, ეს მარტო აეროპორტებიდან. ამიტომ რაც ქილიკად მიგაჩნდათ, რეალობაა. ერთადერთი რეალური ზრდა, სადაც გაქვთ, არის ტურიზმი და ეს ძალიან კარგია...
მიხეილ მაჭავარიანი
ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე საუბრისას ზურაბ ტყემალაძე ასევე გამოკვეთილ წარმატებად მიიჩნევს იმას, რომ ახალი ხელისუფლება აღარ აძალებს კერძო მესაკუთრეებს აჩუქონ თავიანთი ქონება სახელმწიფოს და, შესაბამისად, ჩუქების მსურველებიც აღარსად ჩანან. იმ მოსაზრების გასაბათილებლად, რომ საქართველო უცხოელი სტუმრებისთვის მომხიბვლელობას კარგავს, დეპუტატი ტყემალაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 9 თვის განმავლობაში ტურისტების რიცხვი 26%-ით გაიზარდა და 3,5 მილიონს გადააჭარბა.

უმრავლესობას უმცირესობა მოჰყვა და რეგლამენტით კუთვნილი დრო საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელმა დაინაწილა. ”არ არის გეგმა, არ არის ხედვა, არ ჰყავთ კომპეტენტური ხალხი ეკონომიკურ გუნდში”, - ასეთია, მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანის შთაბეჭდილება ახალ სამთავრობო გუნდზე. დეპუტატი თვლის, რომ ახალი ხელისუფლება არ იყენებს ინვესტირებისთვის ”ნაციონალური მოძრაობის” ხელით შექმნილ საუკეთესო პირობებს და, პირიქით, ართულებს მას. ერთადერთი აღიარება ტურიზმის სფეროს უკავშირდება - მისი თქმით, ეს არის პროცესი, რომელიც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” 7 წლის წინათ 600 ათასი ტურისტით დაიწყო:

”2006 წლის შემდეგ შევქმენით 3 უმაღლესი ხარისხის აეროპორტი, - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, - რაზეც ძალიან ხშირად გვაქილიკებდით და ტურიზმზეც გვაქილიკებდით... და საქართველოში 2013 წელს, ეს მე მახარებს, 2 188 000 ტურისტი შემოვიდა, სამი აეროპორტის პირობებში, ეს მარტო აეროპორტებიდან. ამიტომ რაც ქილიკად მიგაჩნდათ, რეალობაა. ერთადერთი რეალური ზრდა, სადაც გაქვთ, არის ტურიზმი და ეს ძალიან კარგია. ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ, თორემ ძალიან ბევრი პრობლემები იქნებოდა”.

მაგალითად: გურჯაანში აშენდა ღვინის ქარხანა, რომელიც 10 სექტემბრიდან იბარებს ყურძენს; დედოფლის წყაროს რაიონი - (საწარმო) ამუშავდება ოქტომბერში; ყვარლის რაიონი - ფერმის მშენებლობა დასრულებულია...
გიგლა აგულაშვილი
მიხეილ მაჭავარიანის შემდეგ ”ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკა უმცირესობის წარმომადგენელმა კიდევ არაერთმა დეპუტატმა გააგრძელა. მაგალითად, პავლე კუბლაშვილი თვლის, რომ ”ეკონომიკა გაჩერებულია” და ამას, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის ცვალებადი პოზიციები და არასტაბილურობის განცდა იწვევს. მოყვანილ მაგალითებს შორის არის უცხოელებზე მიწის გასხვისების შეჩერების საკითხიც:

”მთელი 2 კვირის განმავლობაში გთხოვდით, გარწმუნებდით, გეუბნებოდით, რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რომ ეს გააუარესებდა მდგომარეობას. მაინც მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და შედეგად მივიღეთ გაუარესებული საინვესტიციო გარემო. ახლა უკვე, როდესაც თქვენი პრემიერი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება, ეს მორატორიუმი იყო არასწორი, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი დაიწყებს იმავე ტონალობაში საუბარს, რომ პარლამენტს არ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება”.

კიდევ ერთი აქცენტი, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ხშირად სვამენ, 1 ოქტომბრის სხდომაზე ფრაქცია ”ქართული ოცნება - რესპუბლიკელების” წარმომადგენელმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა გაიხსენა და თავი ვალდებულად ჩათვალა პასუხი გაეცა ოპონენტთა შეკითხვისთვის, სად არის დაპირებული ახალი საწარმოები. გიგლა აგულაშვილმა დეპუტატებს სია წარუდგინა:

”მაგალითად: გურჯაანში აშენდა ღვინის ქარხანა, რომელიც 10 სექტემბრიდან იბარებს ყურძენს; დედოფლის წყაროს რაიონი - (საწარმო) ამუშავდება ოქტომბერში; ყვარლის რაიონი - ფერმის მშენებლობა დასრულებულია; თელავის რაიონი - (საწარმო) იბარებს ყურძენს... გვარები და სახელები შემიძლია დავასახელო... კი ბატონო, კი ბატონო... ეს არის საჯარო ინფორმაცია...”

გიგლა აგულაშვილის მიერ წარმოდგენილი სია ოდნავ მოგვიანებით უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასში ძირითადად ინდმეწარმეების მხრიდან ცხვრებისა და ძროხების შესყიდვაზეა ლაპარაკი. როგორც ჩანს, ამ თემის განხილვა ამით არ შემოიფარგლება და ის გასცდება პარლამენტის სხდომათა დარბაზს.

პაექრობა პარამეტრებითა და სტატისტიკური მონაცემებით 1 ოქტომბერს ამით არ ამოწურულა. პარლამენტის სხდომაზე კიდევ არაერთმა დეპუტატმა გამოიყენა მიკროფონი და დებატები პოლიტიკურ ოპონენტებს შორის რიგ შემთხვევებში ურთიერთშელაპარაკებაშიც კი გადაიზარდა. როგორც უტყუარი, დასახელდა უამრავი ფაქტი თუ მოვლენა, თუმცა მათ დიდ ნაწილს აუცილებლად სჭირდება გადამოწმება. ზოგადად თუ ვიტყვით, დებატების შინაარსი უფრო პოზიციების დაფიქსირებას ჰგავდა საპარლამენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG