გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს. ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი სოფლის ეკლესიაში მიმავალნი იქნენ დაკავებულნი. თვითმხილველები აცხადებენ, რომ რუსეთის მესაზღვრეები სოფელში თვითონ იყვნენ შემოსულები და დაკავებულებს ეგრეთ წოდებული საზღვარი არ დაურღვევიათ. ქერელებმა დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ავტომატიდან სროლის ხმაც გაიგონეს. ერთ-ერთი დაკავებულის დედა, ჟანა ლაფაჩი, ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფლის ტერიტორიაზე ხშირად შემოდიან.
ქერეს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფლის ეკლესიასა და სასაფლაოსთან ხშირად ხედავენ რუსეთის მესაზღვრეებს. დაკავებულის მამა, გია ლაფაჩი, თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ შემთხვევაშიც ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერის ქვემოთ იყვნენ შემოსულები.
სოფელ ქერესთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილია ქართველი სამართალდამცავებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის. დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ვიქტორია კლიმიჩევა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს აკეთებენ დაკავებულთა უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად. ცნობილია, რომ ლაფაჩი და კოლოტაშვილი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და მათ 2 000- რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.
მაისის თვეში, წინა თვეებთან შედარებით, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები გახშირდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ, ეს მაისში ჯონჯოლის კრეფის სეზონით ახსნა. როგორც ცნობილია, ამ დროს საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად ტყიან მასივებთან აკავებენ ხოლმე. ქემოკლიძემ ეს განცხადება ორი დღის წინ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ჯონჯოლის სეზონის გარდა, არანაკლებ სახიფათო გახდა რელიგიურ დღესასწაულებზე სალოცავებში წასვლაც. ოთხშაბათს, ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოსურმა მხარემ ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი ერგნეთის საგუშაგოზე რუსეთის მესაზღვრეებმა ქართველ პოლიციელებს გადასცეს. ნუკრი თვაური, აკაკი პაპუკაშვილი, ზაურ გიგაური და ზურაბ გედევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევთან ახლოს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი სოფლის სალოცავში იყვნენ მისულები, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. როგორც აკაკი პაპუკაშვილი ამბობს, სოფლის ეკლესიასთან არც მავთულხლართებია და არც სპეციალური ნიშნები, ამიტომ მათთვის გაურკვეველი იყო, სად იწყებოდა ოკუპირებული ტერიტორია, თუმცა, ტრადიციულად, ეს ეკლესია სოფლის სალოცავია. დაკავებულები ჯერ ახალგორში, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს და 2 000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბოლო 4 დღეში სალოცავებში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის დაკავება დაფიქსირდა. ლევან ლაფაჩისა და გურამ კოლოტაშვილის ოჯახის წევრებმა, სამართალდამცავების გარდა, ამბავი ცხინვალელ ნათესავებსაც შეატყობინეს, რომლებიც მზად არიან ადმინისტრაციული ჯარიმის თანხა გადაიხადონ.