2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-9 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა გორში გუშინ ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრებმა დაიწყეს. ქალები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს ომი, საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მშვიდობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებლებს. უკვე რამდენიმე წელია, ამ აქციას ომის დაწყების წინა დღეს ატარებენ ქალები, თავის დროზე მის აღნიშვნას ტრადიცია ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერმა, აწ განსვენებულმა მანანა მებუკემ, ჩაუყარა საფუძველი. მისი ქალიშვილი, ნინო ქუთათელაძე, ამბობს, რომ სამშვიდობო გზავნილები არ იცვლება და ქალები პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას, მათი ეროვნული იდენტობის მიუხედავად.
ნანა საბანაძე ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირია. დიდი ხანია, ის სამშვიდობო პროცესშია ჩართული, ხშირად ხვდება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ქალებს და მათ მშვიდობაზე ესაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ დევნილია, წყენა დავიწყებული აქვს და დღეს ცხინვალელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ დვანში, მესამე წელია, მერაბ მეკარიშვილი ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიდან რამდენიმე მეტრში ახალ სახლს აშენებს. 2014 წელს ნახევრად დამწვარ სახლთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მივიდნენ და გააფრთხილეს, რომ მავთულხლართის გადაწევას აპირებდნენ. მერაბმა თანასოფლელების დახმარებით სახლი საკუთარი ხელით დაშალა და იქვე, რამდენიმე მეტრში, ახალი სახლის შენება დაიწყო, დროებით საცხოვრებლად კი სოფლის ცენტრში მდგარ კოტეჯში გადავიდა. მაშინ მერაბს როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაეხმარნენ. ახალი სახლი უკვე აშენებულია, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ბოლომდე დასრულება ვერ ხერხდება. ახალი სახლის ფანჯრიდან ძველი სახლის ნანგრევები ჩანს. მერაბ მეკარიშვილი ამ ნასახლარსაც ყურადღებას აქცევს.
დვანის გვერდით ოსური სოფელი მუგუთია. ომამდე არც დვანელებმა და არც მუგუთელებმა არ იცოდნენ, სად გადიოდა გამყოფი ხაზი. სახლები ისე ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ძნელია მიხვდე, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე სოფელი. ახლა ამ სახლებს შორის მავთულხლართი და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერია. დვანელები ამ ხაზთან თამამად მიდიან, მეზობლებსაც გადასძახებენ ხოლმე, მაგრამ იქიდან კავშირზე გამოსვლას ერიდებიან, რადგან რუსეთის მესაზღვრეები მათაც ისევე აკავებენ, როგორც ქართულ სოფლებში მცხოვრებლებს. მურთაზ მამაგულაშვილი დვანელია. ამბობს, 9 წლის წინანდელი ამბები გუშინდელ დღესავით მახსოვსო. ახსოვს ის ტკივილი და ტრაგედია, რაც ამ ომს მოჰყვა, დღეს კი მეორე მხრიდან ისევ ხშირად ესმის სროლის ხმა.
აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გორში, შინდისსა და ერგნეთში ხვალ გაიმართება. გარდა ამისა, სოფელ ყარაფილასთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, საქართველოს მოქალაქეები ოკუპაციის გასაპროტესტებლად ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ. ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმი გაიხსნება, შინდისში კი, გმირთა მემორიალთან, არაერთ სტუმარს ელოდებიან.